
“ეს უცნაური სახელწოდება სამმაგი მნიშვნელობისაა. უძლურებაში მყოფმა, ვიფიქრე, იქნებ ჩემი განსაცდელი ისე წარიმართოს, რომ მისი დათმენის გამოცდილება სხვას გამოადგეს მომავალში. ჰემინგუეი წერდა, კაცი მოვალეა წეროს, თუნდაც იმიტომ, რომ შვილების თაობამ ცარიელი ფურცლიდან არ დაიწყოს ცხოვრებაო და, ეს მამოძრავებს აქ.
მესამე კი, ჩვენთვის ყველაზე მშობლიური: მხოლოდ საკუთარი უძლურების წრფელი აღიარებით ღებულობს ადამიანი ხელთუქმნელ მადლს.
აქ დგება ორი პრობლემა, პოეტური და ფილოსოფიური. პოეტური ასეთია: წეროს და თქვას ადამიანმა უფსკრულზე, რომელშიც კაცობრიობასთან ერთად მიექანება, რასაც ლამის ყველა აკეთებს ვისაც კალამი და სიტყვა სარჩოდ გაუხდია, თუ თვალი აღმა შეაქციოს და გულში ვარდნის ქრიალის მიუხედავად წეროს ცაზე, რომელიც კაცობრიობას შორდება. ფილოსოფიური კი ასეთი: სტოიციზმით ჭვრეტდეს კაცი ვარდნას, და ზოგჯერ მიდიოდეს კიდეც იმ დასაცინ მდგომარეობამდე, რომელსაც ათინას მაცხოვრებელნი ἰδιώτης – იდიოტესს, ანუ პოლიტიკუმში არ მონაწილე ადამიანს ეძახდენ, თუ შეაკლას თავი ამ ვარდნის შეჩერების მცდელობას.
ყველა თავისას ირჩევს. ჩემი მრწამსი ამ ორივესდამი ცხადია: პოეტურად არ შემიძლია დაღმა ყურება და მხოლოდ ცას ვეძებ, რომელიც სულ უფრო გვეკარგება და ფისოლოფიურად, რამდენიც არ ვეცადე განდგომას, მაინც თავის შეკვლა მომიწია პოლიტიკაზე.
მაგრამ, თუ “დედამიწა დიდ სულთათვის კვლავ შვებულია, მწირთათვის და წყვილად მობინადრეთათვის კვლავ ცარიელია მრავალი საჯდომი, სად სუფევს ოხვრა წყნარ ზღვათა სუნნელებისა,” მაშინ, იქნებ ღირდეს კიდეც მასეთი ადგილებიდან შემოძახება (მე ხომ ახლა მასეთ ადგილას განმაწესა შემოქმედმა) კაცობრიობის დარჩენილ ნაწილზე, რომელსაც ჯერ კიდევ ესმის ათრთოლებული რხევა ნამდვილი თავისუფლების მწყურვალე ხმისა.
იმ ახალგაზრდებს, ვინც რატომღაც გადაწყვიტავენ ადევნონ თვალი „უძლურის დღიურს“, ვთხოვ, ნუ შეუშინდებიან გაუგებარს, ისინი მას ჩემზე უკეთ გაიგებენ, როდესაც ნადვილად დასჭირდებათ ცხოვრებაში.
ვეცდები, ვწერო ყოველდღე, პირველი წამლების მერე, სანამ ეს ჩემი სხეული ქმედითია ხოლმე და სანამ მის სიღრმეებში მიმავალი უცნაური ქარიშხლები მოლეკულარული ბრძოლებისა ორ შხამს შორის არ დამასუსტებენ ხოლმე.
ქიმიის დღეებში, ანუ კვირაში ერთი ან ორი დღე, შეიძლება ვერ შევძლო ხოლმე, და ალბათ ეგრეც აჯობებს. დავწერ ყველაფერზე ცოტ-ცოტას, ასე თითო ფურცელს, ოღონდ, ისე, რომ რაღაცაში დაგვეხმაროს ყველას. დილას დავწერ, დღისით დაიდება ხოლმე. მაშ, ხვალამდე. გილოცავთ მარიამობა მარხვას.” – წერს დღიურში ლევან ვასაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
დედას ახალშობილი საავადმყოფოდან მოპარეს, მიზეზი გაგაოგნებთ – დაუჯერებელი ისტორია ათენში მოხდა
ნახეთ, ყველა რეგულაცია, რომელიც დღეიდან ქვეყანაში ამოქმედდება
ვინ არის გოგო, რომელიც ტრაგიკულად დაღუპული 16 წლის სოფოს დედამ აარჩია – ის ლანა ნიკოლეიშვილთან უსასყიდლოდ იცხოვრებს
ალექსანდრა პაიჭაძე პირდაპირ ეთერში გამოტყდა, რომ ორსულადაა






















