12:27 | 2020-08-13 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ – ამირან გამყრელიძე

ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ – ამირან გამყრელიძე

დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან ორი უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს. ორივეს კავშირი აქვს ლენჯერის თემთან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა.

 

ლენჯერის კლასტერი გაიზარდა! - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება სვანეთში
2020-08-12ლენჯერის კლასტერი გაიზარდა! - რამდენ ადამიანს ჩაუტარდა ტესტირება სვანეთში

მისი თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში გაფართოებული ტესტირება გრძელდება და კვირის ბოლომდე 4 000-მდე ადამიანის გამოკვლევა იგეგმება.

 

„ერთ-ერთი მათგანი ცხოვრობს მესტიაში, მაგრამ კონტაქტია ლენჯერის თემთან. ამიტომ ტესტირება დღეს კიდევ ფართოვდება მესტიასა და რამდენიმე სოფელში. გრძელდება გაფართოებული ტესტირება და ვფიქრობთ, ყოველდღიურად 800-900 ადამიანი გამოვიკვლიოთ. გვინდა, რომ ამ კვირის ბოლომდე მთლიანად მუნიციპალიტეტში 4 000 პირი გამოვიკვლიოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

მისი თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც საკარანტინო სივრცეებში იმყოფებიან, 12 დღის შემდეგ ტესტირება ჩაუტარდებათ და ისე გავლენ კარანტინიდან.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთ სოფელსა და ერთ თემში გვაქვს 32 შემთხვევა, სიტუაცია სრულად კონტროლს ექვემდებარება. არავითარი პანიკა არ არის. ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება ეპიდემიოლოგებს. ადამიანების ტესტირებისთვის გამოყვანა ორგანიზებულად მიმდინარეობს და ვფიქრობთ, რომ ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

გამყრელიძის თქმით, მუნიციპალიტეტში გუშინ 800-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს, რომელთა პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

 

ფოტო: საქართველოს პირველი არხი

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X