
ნიდერლანდებში გამკაცრებული აკრძალვების წინააღდეგ მიმართული აქციის დასაშლელად პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, რა დროსაც ქალს თავის ქალა გაუტეხა.
ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.
ინციდენტის ამსახველი ვიდეო ცხადყოფს, რომ დენისა მიტინგზე დგომისას წყლის ჭავლის სრული დარტყმის ქვეშ ექცევა.
კადრებში კარგად ჩანს, რომ წყლის ჭავლის აპარატი, რომელიც პოლიციის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე იყო დამაგრებული, ქალს აქცევს და ის იქვე მყოფი შენობის გვერდით ენარცხება.
ინციდენტის შედეგად დაზარალებულ ქალს ჭრილობაზე 15 ნაკერი დაადეს.
ჩეხეთის მოქალაქე დენისა აცხადებს, რომ მას და მის მეგობარ მამაკაცს არაფერი ჰქონდათ საერთო ქვეყნის გამკაცრებული აკრძალვების პროტესტთან და რომ ისინი აქციის გადასაღებად იყვნენ გამოსულნი ქუჩაში.
ის ადგილობრივ საინფორმაციო სააგენტოს Omroep Brabant ეუბნება: „აქციის გადასაღებად ვიყავით ქუჩაში გამოსული და წასვლას ვაპირებდით. პოლიციას ჩვენზე წყლის ჭავლის მოშვერის არანაირი უფლება ჰქონდა“.
მისი მეგობარი მამაკაციც აცხადებს, რომ წყვილი ძალადობის მიზნით არ გამოსულა ქუჩაში და ადასტურებს, რომ პოლიციის წინააღმდეგ საჩივრის შეტანას აპირებს სასამართლოში.
თუმცა, ჰოლანდიის პროკურატურა აცხადებს, რომ ძალადობის სცენის ახლოს ყოფნა მონაწილეობის ტოლფასია.
პროკურატურის პრეს-სპიკერი ჯანინ კრამერი აცხადებს, რომ „საგანგებო ბრძანება იყო გაცემული და წყლის ჭავლის გამოყენებამდე რამდენიმე გაფრთხილება გაკეთდა, რათა მომიტინგეებს ადგილი დაეტოვებინათ“.
„როდესაც მომიტინგეები ტერიტორიას არ ცლიან, ეს ქმედება არსებითად დასჯადია“.
ნიდერლანდებმა ახლახან გამოაცხადა კომენდანტის საათი, რათა ახალი კორონავირუსის ინფექციის ტალღა შენელდეს.
ამსტერდამიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 50 მილის მანძილზე ქალაქ ურკში გადაღებული რეპორტაჟიც ცხადყოფს, რომ კორონავირუსის ტესტირების ცენტრს თავს ესხმიან და ცეცხლს უკიდებენ.
კვირის დასაწყისში მომხდარი ძალადობის შემდეგ ქვეყნის იუსტიციის მინისტრი ფერდ გრაფერჰაუსი აცხადებდა, რომ მომიტინგეებმა სრული სიმკაცრით უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე.
„მათ ეს არ შერჩებათ!“ – ეუბნება ის ჟურნალისტებს.
პრემიერ-მინისტრი მარტ რუტეც აცხადებს, რომ „მომიტინგეებს არაფერი აქვთ თავისუფლების დაცვასთან ან თავისუფლებისთვის ბრძოლასთან. ჩვენ ამ ვირუსთან ბრძოლა ერთად უნდა მოვიგოთ, რადგან მხოლოდ ამ გზით შეიძლება თავისუფლების დაბრუნება“.
ბოლო დროს ინფიცირების კლებადი მაჩვენებლების მიუხედავად, ეს აქციები საზღვრებს გასცდა ვირუსის ახალი შტამების მოახლოვებული საფრთხის ფონზე.
მოქალაქეები კანონის ძალით არიან შეზღუდულნი და საღამოს 9 საათიდან დილის 4:30 საათამდე სახლიდან გასვლის უფლება არ გააჩნიათ.
ახალი წესები არ იქნა გაგებით მიღებული მოსახლეობის ნაწილის მიერ და შეზღუდვების დაწესებიდან ორ დღეში 240 პირი დააკავეს.
ნიდერლანდების რამდენიმე ქალაქში არეულობები ხანძრებით, ბიზნეს ობიექტების გაძარცვით და პოლიციასთან შეტაკებებით დაიწყო.






















