
უკვე სამი წელი გავიდა, რაც გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა და აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობასაც ჩამოშორდა.
მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, არ შემწყდარა მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, დაუბრუნდება თუ არა კვირიკაშვილი ქართულ პოლიტიკას და ვიხილავთ თუ არა მას რომელიმე ოპოზიციურ პარტიაში.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტელეკამერებთან იშვიათად ჩნდება და საკუთარ აზრს მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ცალკეულ შემთხვევებში, მხოლოდ სოციალურ ქსელში აფისირებს.
„პრაიმტაიმმა“ გადაწყვიტა გაერკვია რას საქმიანობს ახლა გიორგი კვირიკაშვილი და გარდა ამისა, მას რამდენიმე აქტუალური კითხვაც დაუსვა.
როგორც ექს-პრემიერმა გვითხრა, იგი ტაშკენტში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობს.
EBRD-ი ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორია ამ რეგიონში, რომელიც საკუთარი ფინანსების გარდა მობილიზებას უკეთებს უცხოურ ინვესტიციებს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისათვის.
მისი მესაკუთრე სამოცი ქვეყანა და ორი არასამთავრობო ორგანიზაციაა.
გიორგი კვირიკაშვილმა გვითხრა ისიც, რომ იგი არ აპირებს პოლიტიკაში დაბრუნებას და არც რაიმე სახის კონსულტაციებს არ მართავს არც ერთ ოპოზიციურ ძალასთან.
„ბევრჯერ ვთქვი, რომ არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას. ბევრჯერ გავეცი ამ კითხვას პასუხი. საერთოდ არ ვაპირებ პოლიტიკაში დაბრუნებას, რა კონსულატციები უნდა მქონდეს ან რატომ უნდა მქონდეს კონსულტაციები ეგეც ვერ გამიგია“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.






















