
ბათუმში ხინიკაძის 7 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. როგორც თვითმხილველი ქეთი მუთიძე „პრაიმტაიმს“ უყვება, სახლის მეორე სართული სრულიად დანგრეული და საცხოვრებლად გამოუსადეგარია.
„დეიდასთან ვარ სტუმრად. ეს არის იტალიური ეზო. ორი ოჯახი ცხოვრობს. დეიდა პირველ სართულზე ცხოვრობს, გვერდით კიბეა ასასვლელი და იქ ცხოვრობს ის ოჯახი, ვისგანაც დეიდამ იყიდა ეს სახლი. ავარიული იყო ეს მეორე სართული, კიბე მორყეული, საფრთხეს უქმნიდა ყველას, სულ ამის გამო ჰქონდათ კამათი, სთხოვდნენ, გაერემონტებინათ, დღეს ჩამოინგრა. ღმერთს მადლობა, ხუთი წუთის გასული ვიყავით სამზარეულოში და ამან გადაგვარჩინა. ოთხი ადამიანი ვიყავით სახლში, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. თვითონ ბინის მეპატრონე დაშავდა. მამაკაცი, დაახლოებით 60-65 წლის, ჩამოინგრა და თან ჩამოიყოლა ეს კაცი. სასწრაფომ წაიყვანა. როგორც ვიცი ფეხი აქვს დაზიანებული“, – გვითხრა ქეთი მუთიძემ.
როგორც სამაშველო სამსახურში განგვიცხადეს, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული არ არის.
„სახლის მიშენებული ნაწილი ჩამოინგრა. დაშავებული არ არის არავინ. ორი ქალბატონი იყო ზევით დარჩენილი, ჩამოსვლას ვერ ახერხებდნენ, მაშველებმა ჩამოიყვანეს”- აცხადებენ სამაშველო სამსახურში.
ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები, სამაშველო სამსახური, პოლიცია და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი იმყოფება.
დაზარალებულებს მერიამ დროებითი საცხოვრებელი ფართი უკვე გამოუყო. ისინი სასტუმროში გადაიყვანეს.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























