
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 2 ნოემბერს წმინდა მამა გაბრიელ სალოსისა და აღმსარებელის ხსენების დღეს (მისი გარდაცვალების დღეა) აღნიშნავს. ამ დღეს ტაძრებში აღევლინება წირვა-ლოცვა.
არქიმანდრიტი გაბრიელი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, წმინდანად, 2012 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდის სხდომაზე შერაცხა და მისი ხსენების დღედ, 2 ნოემბერი დაადგინა. სახელად ღირსი მამა გაბრიელ სალოსი ეწოდა.
“პრაიმტაიმმა” ჩაწერა ქალბატონი, რომელსაც მამა გაბრიელთან ურთიერთობის ბედნიერება ჰქონდა.
ეკა სანაია, ბნელ 90-იანებში, თბილისიდან მცხეთაში, გამოუცნობი ძალისხმევით, თითქმის ყოველდღე ახერხებდა ჩასვლას.
ის ჩვენ მკითხველთან იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც ბერ გაბრიელს სიცოცხლის უკანასკნელ პერიოდში ხვდებოდა, უსმენდა და მის მადლს ეზიარებოდა.

ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად თხოვენ, დაწეროს იმ წმინდა პერიოდზე და სალოსზე, ამას ვერ ახერხებს, რადგან მიაჩნია, რომ განსაკუთრებულ ბერთან გატარებულ პერიოდზე სიტყვებით ამბის გადმოცემა, გაუჭირდება.
ეკა სანაია: – მე ერთი წელი დავდიოდი მამა გაბრიელთან, მაგრამ ეს ერთი წელი თითქმის ყოველდღე ჩავდიოდით მასთან. აღსარების თქმა არ გვჭირდებოდა. უბრალოდ რომ ვისხედით, ის ჩვენ ფიქრებს კითხულობდა. გაიფიქრებდი რამეს და უცებ გეტყოდა, “ეგ შესაძლებელია”. გამოგხედავდა, გაგიღიმებდა…
ისეთი შეგრძნება გეუფლებოდა, თითქოს ქრისტესთან იყავი სტუმრად. კაცმა ყველაფერი იცოდა. როგორია, ასეთ ადამიანთან სიარული, რენდგენში რომ გატარებს.
ერთხელ რომ ნახავდი, ვერ მოცილდებოდი. 1994 წელი წარმოიდგინეთ, არც ტელეფონი, არც ტრანსპორტი, არც ფული მქონდა. როგორ ვახერხებდი მცხეთაში დედათა მონასტერში ჩასვლას, არ ვიცი. იმ დროს არ ვმუშაობდი. ბებიას სკლეროზი ჰქონდა და მე სახლში, მის მომვლელად დამსვეს.
დილით ადრე, ჯერ კიდევ ბნელობა, მე და მაია ებრალიძე, მეტროში ჩავიდოდით, ვაგზალზე ამოვიდოდით და ბორჯომის ვაგზლიდან ელექტრიჩკას მივყვებოდით. კონდუქტორი მცხეთამდე არ ამოწმებდა ბილეთებს. ასე უფასოდ ვმგზავრობდით.
მერე მცხეთაში სადგურიდან დედათა მონასტრამდე ფეხით მივდიოდით. სანამ არ გაკურთხებდა, იქიდან ვერ წამოხვიდოდი. იქ კი მთელი დღე ისე გადიოდა, ვერ ვიგებდით. იქიდან უკან, თბილისში დაბრუნებაც პრობლემა იყო. ერთი ავტობუსი დადიოდა, ათასი მანეთი ღირდა. გზად მიმავალ “პაპუტნიკებს” მოვყვებოდით ზოგჯერ.
მასთან კელიაში აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი სკოლიდან, პარალელურ კლასელი ბიჭებიც დადიოდნენ.

თურმე, ადრე მამა გაბრიელი ჩვენს სკოლაში მოდიოდა, საბურთალოზე. ეს მერე გავიგე. ერთხელ მამა გაბრიელთან რომ ვისხედით, მისი მეზობელი მოვიდა და ახსენებდა, გახსოვს, ერთხელ მე და ჩემმა ქმარმა ამოვიარეთ დოლიძეზე, შენ იქ იჯექი და მოწყალებას ითხოვდიო. უცებ გამახსენდა, რომ ვიღაც სულ იჯდა ჩვენი სკოლის ღობესთან და მათხოვრობდა. ეს გონების მახსოვრობა კი არა, სულის მახსოვრობაა. იჯდა ვიღაც კაცი და გვიყურებდა… აი, მაშინ, ამ ქალის მონაყოლზე გამახსენდა, რომ ის კაცი, სკოლის ღობესთან, მამა გაბრიელი იყო.
ნამდვილი მოვლენა იყო. გონება ვერ იტევდა იმ შთაბეჭდილებას, რაც მამა გაბრიელთან ყოფინისას გვიპყრობდა.
ასეთი ადამიანი არსებობდა ქვეყანაში და მას არ ვიცნობდით. მინდოდა მასზე ბევრს გაეგო. ამიტომ გიჟივით ყველას ვუყვებოდი ამ საოცარ სალოსზე.
მამა გაბრიელი შენ შეგვაყვარეო, მეუბნებოდნენ გარშემო. ვერ ვიტევდი, შეუძლებელი იყო გაგეცნო და მერე სულ მასზე არ გესაუბრა. მერე და მერე, ბოლო წლებში ვრწმუნდებოდი, რომ ის არ იყო ჩვეულებრივი მოკვდავი.
რომ მიდიოდი და უჩოქებდი, ყველას თავისებურად გვლოცავდა. ვისაც რა სჭირდებდა, იმის შესაბამისად. ჩემი დეიდაშვილი გავაფრთხილე, კარგად მოუსმინე, რასაც გეტყვის, ეგ არის შენი ცხოვრების კრედო-მეთქი. მარიკამ მითხრა, დამლოცა და მითხრა, ძალიან რომ გაგიჭირდება და იტყვი, ახლა ვიღუპები, ღმერთი მაშინ ამოგიყვანს გაჭირვებიდანო. 20 წელია იტალიაში, ავადმყოფებს უვლის და ამბობს, მამა გაბრიელის იმედით ვცხოვრობო.
მე კი მეუბნებოდა, ქრისტე ღმერთმა დაგლოცოს და ვინც გიყვარდეს, ყველა დაგილოცოსო.
იმის გადმოცემა შეუძლებელია, რასაც მასთან ყოფნისას განვიცდიდით. ასე მშრალად ამას ვერ მოყვები. ამიტომაც ვერ ვწერ იმ ყოველივეზე, რაც იმ ერთ წელიწადში მამა გაბრიელთან ურთიერთობისას განვიცადე…

ღირსი მამა ბოლო წლებში სამთავროს დედათა მონასტერში მოღვაწეობდა, სადაც 1995 წლის 2 ნოემბერს გარდაიცვალა. იგი მისი ანდერძისამებრ ჭილობში გაახვიეს და მონასტრის ეზოში დაკრძალეს.
მისი საფლავი 2014 წელს 22 თებერვალს გაიხსნა.
ამჟამად წმინდანის წმინდა ნაწილები სამთავროს, ფერისცვალების სახელობის დედათა მონასტერშია დაბრძანებული.
























