
სოციალურ ქსელში პატარა ნიკოლოზის მიერ ემოციურად შესრულებულ სიმღერას – „რა ყოფილა გურია“ უამრავი კომენტარი და მოწონება აქვს.
„პრაიმტაიმი“ პატარა ნიკოლოზის დედას – ხათუნა გულბიანს დაუკავშირდა და „პატარა ვარსკვლავთან“ დაკავშირებით ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
– რამდენი წლის არის ნიკოლოზი და როდიდან მღერის?
ნიკოლოზი 4 წლის ხდება. ძალიან უყვარს სიმღერა. ის, ნახევრად მთიული და ნახევრად სვანია – მამა გიორგი ნატრაძეა, რომელიც „მოყვარული“ მომღერალია და გიტარაზეც ხშირად უკრავს. ნიკოლოზს, ძალიან უყვარს სიმღერა და ბავშვობიდან უსმენს ქართულ ხალხურ სიმღერებს.
– როდის ჩაწერეთ პირველი ვიდეო და თუ ასრულებს სვანურ სიმღერებს?
პირველი ვიდეო შარშან ჩავწერეთ, როცა პირველად აჭარული სიმღერა შეასრულა, რასაც სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება და თბილი კომენტარები მოჰყვა.
დღემდე გიჟდება აჭარულ სიმღერებზე. გენეტიკურად არ მოყვება მშობლებისგან სიმღერის ნიჭი.
– როგორი ხასიათი აქვს ნიკოლოზს?
ემოციური და პრინციპული ბავშვია. თუ არ სურს, არ იმღერებს. პირველად, შემთხვევით ჩემმა დამ ჩაწერა და ამის შემდეგ, უამრავ სიმღერას ასრულებს, მაგრამ ხშირად არ მღერის.
ძალიან სერიოზული ბიჭია, იუმორითაც გამოირჩევა, პატარა ასაკიდან საუბრობს და საკმაოდ კარგი ლექსიკა აქვს. ენამოსწრებული ბავშვია, საოცრად უყვარს ზღაპრები და ზღაპრის გმირები. ცხოველებიდან განსაკუთრებით უყვარს დინოზავრები და გული წყდება, რომ გადაშენდნენ.
თუ სურვილი ექნება, 1-2 წელიწადში აუცილებლად მივიყვან სიმღერაზე. ამ ეტაპზე, ფორტეპიანოზე დაკვრის სურვილი აქვს და უნდა, რომ ისწავლოს. მთხოვა, თუ შეიძლება გიტარაზე მატარეო. ჩემი მეუღლე უკრავს და რომ ხედავს, მასაც დაკვრის სურვილი უჩნდება. როგორც ჩანს, მამის სიმღერამაც მისცა სტიმული.
გამორჩეული მომღერლები უკვე ჰყავს ნიკოლოზს?
გიჟდება ქართულ სიმღერებზე, ყველაზე მეტად, მომღერალ სოფო ბათილაშვილზე – ხშირად უსმენს სიმღერებს, მისი შესრულებით. უყვარს ასევ, გუგა მარგველაშვილის მიერ შესრულებული სიმღერა – „საარშიყო“(კომპოზიტორი ჯანსუღ კახიძე), თან აცხადებს, რომ გუგა ძალიან უყვარს. მოსწონს ასევე, სოფო ნიჟარაძის მიერ შესრულებული სვანური სიმღერა. თავადაც ხშირად მღერის სვანურ სიმღერებს.
– ბევრმა არ იცის, რომ ნიკოლოზი გურიიდან არ არის. უამრავ ადამიანს აქვს მისი გაცნობის სურვილი და გურიაშიც კი ეპატიჟებიან. რას ეტყოდით გურულებს?
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გურულ ხალხს, ჩემი შვილის მიმართ გამოხატული უდიდესი სითბოსთვის და სიყვარულისთვის“ – ამბობს პატარა მომღერლის დედა.






















