
ევროპის ჩემპიონატზე დანიის ნაკრების ფეხბურთელის, კრისტიან ერიქსენის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა მთელი მსოფლიო შეძრა.
29 წლის ფეხბურთელს თამაშის მიმდინარეობისას მოედანზე გულის შეტევა დაემართა. სამედიცინო შტაბის დიდი ძალისხმევის შემდეგ ერიქსენის გადარჩენა მოხერხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, გონების დაკარგვის მომენტში მასთან დანიის ნაკრების კაპიტანი, სიმონ კიაერი მივარდა და პირველადი დახმარება აღმოუჩინა, რამაც ერიქსენის გადარჩენაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.
ალბათ, ქართველ და არამარტო ქართველ გულშემატკივარს საქართველოს ნაკრების კაპიტნის, ჯაბა კანკავას გმირული საქციელი გაახსენდებოდა, რა დროსაც მან უკრაინის ჩემპიონატში მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელი გადაარჩინა.
მეკარესთან შეჯახების შემდეგ ფეხბურთელმა გონება დაკარგა, მასთან კი მაშინვე ჯაბა კანკავა გაჩნდა და რომ არა ქართველი ფეხბურთელის ძალისხმევა, არავინ იცის ის ეპიზოდი როგორ დასრულდებოდა.
























