
რამდენიმე დღის წინ დაცარიელებული დედაქალაქის ქუჩებზე რეპორტაჟის მოსამზადებლად, თითქმის მთელი ქალაქი შემოვიარე.
ერთ-ერთ ლოკაციად, ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ, ყველაზე ხალხმრავალი და ხმაურიანი ადგილი, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაც შევარჩიე.
დაცარიელებულ მოედანს მხოლოდ რამდენიმე სექსმუშაკის ხმაურიანი გადაძახილი „აცოხლებდა“.
მიუხედავად იმისა, რომ ირგვლივ არავინ მოძრაობდა, ისინი გამოპრანჭულები მაინც „კლიენტებს“ ელოდნენ.
აქ საუბარი სოციალურ დისტანციაზე, პირბადესა თუ ხელთათმანზე რა მოსატანია.
ქართველ სექსმუშაკებს უხილავი მტრის არ ეშინიათ. ისინი უფრო კლიენტების დეფიციტმა შეაშინათ, რადგან ეს პროფესია მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა.
იმედის სხივივით გამოჩენილ პოტენციურ კლიენტებზე კონკურენცია კიდევ უფრო გაიზარდა.
იმ ტერიტორიაზე ჩემი გამოჩენა მათთვის დიდი სიხარულის მომტანი აღმოჩნდა. ყველა ერთიანად წამოვიდა პოტენციური „კლიენტისკენ“.
მომსახურების სერვისის შესაბამისად, ფასები განსხვავებულია. მეტი დამაჯერებლობისთვის ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც კორონავირუსის გამო ყველა და ყველაფერი გაჩერდა, ფასებიც დააკლეს.
ადრე თუ ერთ საათიანი მომსახურება 50 ლარი ღირდა, ახლა 30-40 ლარია.
ყველა თავისებურად ცდილობს თავი მოგაწონოს, თუმცა ეს მანამდე სანამ გავუმხელდი, რომ ჟურნალისტი ვიყავი. მერე ყველაფერი უარყვეს და თქვეს, რომ „დახურულები“ არიან.
სხვა სექსმუშაკებისგან განსხვავებით იქ მყოფმა ტრანსგენდერმა ქალებმა უარი თქვეს მუშაობაზე.
თვითიზოლაციაში ყოფნა, ყოველგვარი რესურსისა და დანაზოგის გარეშე განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა ტრანსგენდერი ქალი გაბრიელა როსკიპოვა-რომანოვასთვის.
მისი და მისი მეგობრების ერთადერთი სამსახური სექსმუშაკობაა და მათი არსებობა ყოველდღიურ შემოსავალზე იყო დამოკიდებული, ახლა კეთილი ადამიანების იმედად არის დარჩენილი.
ის საქართველოს მთავრობისგან დახმარებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინ როცა ბინის ქირის გადახდას ვეღარ შეძლებს, მერიის წინ კარვის გაშლას გეგმავს.
Video: ნახეთ რას ყვებიან ისინი
შემოსავლის გარეშე დარჩენილი სექსმუშაკები – ნახეთ რას ყვებიან ისინი📌
Gepostet von ახალი ამბები am Freitag, 24. April 2020






















