11:43 | 2021-08-16 ავტორი: Prime Time

VIDEO: ვიმალებით, მეშინია მომავლის – ადგილობრივების სულისშემძვრელი კომენტარები ქაბულიდან

VIDEO: ვიმალებით, მეშინია მომავლის – ადგილობრივების სულისშემძვრელი კომენტარები ქაბულიდან

ავღანეთში, სადაც ტერიტორიის უმეტეს ნაწილს უკვე „თალიბანი“ აკონტროლებს, მოსახლეობა პანიკაშია და დედაქალაქის დატოვებას ცდილობს.

 

სოციალურ ქსელებში უამრავი ფოტო-ვიდეომასალა ვრცელდება, სადაც ქაბულში არსებული არეულობაა ასახული.

 

„ქაბული ახლა მოჩვენებათა ქალაქს ჰგავს, სადაც მაღაზიები დაკეტილია, ქუჩები კი დაცარიელებულია. ხალხი იმედგაცრუებული და შეშფოთებულია. განცხადებები, რომ არაფერს დაგვიშავებენ, რაღაცნაირად დამაიმედებელია, მაგრამ შიში მაინც არსებობს. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და უფლებადამცველები არიან. ლოდინის მეტი არაფერი დაგვრჩენია, უნდა დაველოდოთ და ვნახავთ, რას იზამს „თალიბანი“,- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი France 24-თან საუბარში.

 

 

ქაბულში მცხოვრებ მასწავლებელს, მოსტაფას არ სჯერა, რომ „თალიბანი“ პირობას შეასრულებს და ადამიანის უფლებებს დაიცავს.

 

„ქალაქი მთლიანად ცარიელია. არ არსებობს მთავრობა, არც კანონი, პოლიცია, ჯარი, არავინ არაა. საშიში და გაურკვეველი სიტუაციაა. მეშინია „თალიბანის“ მებრძოლების. ისინი სანდოები არ არიან. შეიძლება ადგნენ და სახლებში შეიჭრან, თავს დაესხნენ ქალებს, მთავრობის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს და დასაჯონ ისინი. მთავრობა არ გვყავს, არანაირი კანონი არ მოქმედებს. თუ ისინი რაიმე სახის დანაშაულს ჩაიდენენ, არავინ იქნება მათი დამსჯელი. ხალხმა არ იცის დასახმარებლად ვის მიმართოს. „თალიბანმა“ განაცხადა, რომ ხალხს ტერიტორიის მშვიდობიანად დატოვების საშუალებას მისცემს, ვნახოთ რამდენად შეასრულებენ ამ პირობას“, -ამბობს ის.

 

ერთ-ერთი ადგილობრივი France 24-თან საუბარში აცხადებს, რომ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც საკმარისი თანხა არ აქვს, ქაბულში დარჩენა უწევს.

 

„ქაბულში არანორმალური სიტუაციაა. მეშინია მომავლის, მეშინია, რომ ჩემს ოჯახს თავს დაესხმებიან. ყველაფერს „თალიბანი“ აკონტროლებს, ვერსად მივდივართ, სახლის დატოვებაც კი არ შეგვიძლია. ვიმალებით. მინდოდა ავღანეთიდან წასვლა, მაგრამ ვერ შევძელი, ფული არ მაქვს“, ამბობს ალი.

 

 

შეგახსენებთ, რომ ავღანეთის 34 პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრებიდან 27 უკვე „თალიბების“ ხელშია. ქაბულამდე, დაჯგუფებამ ნანგარჰარის პროვინციის დედაქალაქი, ჯალალაბადი აიღო და როგორც მედია წერს, დაჯგუფებას ამ ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად, ბრძოლაც კი არ დასჭირვებია.

 

აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, ავღანეთში, დამატებით, 1 000 სამხედრო გაიგზავნება.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X