
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა აჭყვში მაშველებმა 70 წლის მამაკაცის სიცოცხლე იხსნეს. დიდთოვლობის გამო გამოძახებაზე გასულმა სასწრაფომ გზის გაგრძელება ვეღარ შეძლო და სოფლის გზაზე გაჩერდა.
სასწრაფოს ბრიგადამ სამაშველო ჯგუფის დახმარება ითხოვა, ვინაიდან ადგილზე მძიმე ავადმყოფი ელოდებოდათ. საუბარია მამაკაცზე, რომელმაც ინფარქტი და ინსულტი გადაიტანა.
როგორც პაციენტის ვაჟი, ნუგზარ ბერიძე „პრაიმტაიმთან“ ამბობს, რომ არა სამაშველო სამსახურის ბიჭები მამამისი დაიღუპებოდა. მისი თქმით, მაშველებმა პაციენტი 3 კილომეტრი საკუთარი ხელით ატარეს და სასწრაფოს მანქანამდე მიიყვანეს.
სასწრაფომ 70 წლის მამაკაცს ადგილზე შესაბამისი დახმარება გაუწია და ბათუმის საავადმყოფოში გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ამჟამადაც მძიმეა.
„სასწრაფო ვერ მოვიდა ადგილამდე, რადგან დიდი თოვლია. მაშველები გამოიძახეს. მინდა ყველა მათგანს უდიდესი მადლობა გადავუხადო. ფეხით მოვიდნენ ადგილამდე, დაახლოებით 3 კილომეტრია მნძილი, იგივე მანძილზე სკაცით გადაიყვანეს მამაჩემი რომ სასწრაფომდე მიეყვანათ. რომ არა ეს ადამიანები, დღეს მამა უკვე გარდაცვლილი იქნებოდა. თავი არ დაუზოგიათ ბიჭებს. მთელს შემადგენლობას, მაშველებს, სასწრაფოდ უღმრესი მადლობა ჩვენი დახმარებისთვის. მაშველები რომ არ მოსულიყვნენ აუცილებლად დაიღუპებოდა. მწვავე ინფაქტი აქვს, შუნტირება გაკეთდა უკვე და მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება“, – გვითხრა ნუგზარ ბერიძემ.






















