
მოძრაობა „სირცხვილია“ „მთავარი არხის“ ეთერში გიორგი რურუას შესახებ სიუჟეტს ეხმაურება.
როგორც მოძრაობაში აცხადებენ, საბოლოო პროდუქტი, რომელიც იხილა საზოგადოებამ, არის მოულოდნელობა ყველა მონაწილისთვის, რადგან ფორმატი და კონტექსტი მათთვის სხვაგვარად იყო მოწოდებული.
„სირცხვილიას“ განმარტებით, მომზადებული მასალა მოძრაობის მიერ გიორგი რურუას მხარდაჭერის მოტივებს ადეკვატურად არ გამოხატავს.
„სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს ვიდეოს მონაწილეებთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომ მზადდებოდა პოლიტპატიმარ გიორგი რურუასთვის დაბადების დღის მისალოცი სიუჟეტი, რომელშიც მონაწილეობას ბევრი ადამიანი იღებდა.
კადრებში, რომლებიც საბოლოო ვიდეოში რატომღაც არ მოხვდა, ვსაუბრობდით იმ მიზეზებზე, რატომ არ უნდა იჯდეს გიორგი რურუა შეთითხნილი ბრალდებით ციხეში.
რატომ არის მისთვის თავისუფლების შეზღუდვა მისი პოლიტიკური ნიშნით დევნა და რატომ არის „პოლიტპატიმარი“ ის ტერმინი, რომლითაც უნდა ხასიათდებოდეს გიორგი რურუას საქმე“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე, არ დააკმაყოფილა.
გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.























