23:17 | 2021-04-06 ავტორი: Prime Time

ვინ (არ) ტოვებს ჭყონდიდის ეპარქიას – ორად გაყოფილი სამღვდელოება საპატრიარქოდან „თეთრი კვამლის ამოსვლას“ ელოდება – (ყველა დეტალი)

ვინ (არ) ტოვებს ჭყონდიდის ეპარქიას – ორად გაყოფილი სამღვდელოება საპატრიარქოდან „თეთრი კვამლის ამოსვლას“ ელოდება – (ყველა დეტალი)

ბოლო პერიოდში საინფორმაციო საშუალებები ჭყონდიდის ეპარქიაში არსებულმა დაპირისპირებამ და ამბოხის მცდელობებმა მოიცვა. იყო დრო, ჭყონდიდის ეპარქია მე-12 საუკუნის უდიდეს საეკლესიო მოღვაწესთან, გიორგი ჭყონდიდელთან ასოცირდებოდა, დღეს კი პრობლემებთან და კრიზისთანაა დაკავშირებული.

 

ამასთან, კრიზისი არ არის ლოკალური ხასიათის და ჭყონდიდის ეპარქიის საზღვრებთან არ მთავრდება. მან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია სრულად მოიცვა.

 

მიმდინარე მოვლენებში და ჩახლართულ საეკლესიო კრიზისში გასარკვევად საჭიროა პრობლემის აღწერა ჯერ კიდევ იქიდან დავიწყოთ, როცა დაპირისპირება ფეხს იდგამდა და მოვლენების მსგავს განვითარებას არავინ ელოდა.

ეკლესიაში კრიზისის დასაწყისი

 

კრიზისი სათავეს 2017 წლიდან იღებს, როცა ციანიდის საქმე პირველად გაჟღერდა ტელეეკრანებიდან.

 

პატრიარქის მდივან-რეფერენტის მკვლელობის მცდელობის გამო დაკავებულ დეკანოზს პირველივე დღიდან ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე გამოესარჩლა და მის უდანაშაულობას ამტკიცებდა.

 

მიტროპოლიტი ხელისუფლებას უდანაშაულო დეკანოზის დაკავებაში ადანაშაულებდა, თუმცა მისი თავდასხმის ობიექტი ხელისუფლებასთან ერთად პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილიც გახდა. ჭყონდიდელი ეპისკოპოსი მას ციანიდის საქმის “სცენარის ავტორს” და საპატრიარქოში არსებულ “რუხ კარდინალს” უწოდებდა.

 

მეუფე პეტრე ამბობდა, რომ შორენა თეთრუაშვილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობდა და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას პატრიარქისა და წმინდა სინოდის ნაცვლად ის აკონტროლებდა. მიტროპოლიტი სხვა ეპისკოპოსებს “შორენას ოქროს თევზებს” უწოდებდა.

 

“პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი მისი გარემოცვის წევრებს, რამდენიმე სასულიერო პირს, მისი დავალებების კარგად შემსრულებლებს ” ოქროს თევზს” ეძახის”, – თქვა მეუფე პეტრემ.

 

მისივე თქმით, შორენა თეთრუაშვილი საპატრიარქოს, სინოდის წევრებსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს აშანტაჟებს.

 

”შემოქმედი, სცენარის ავტორი ამ ინტრიგის, ამ საშინელი სკანდალური სამარცხვინო მოვლენის ავტორი ქალბატონი (შორენა თეთრუაშვილი) დღემდე მართავს სიტუაციას და სანამ არ გადავდგამთ გაბედულ ნაბიჯებს, დაუსრულებელი იქნება ეს ინტრიგები.

 

რამეთუ ამ ქალს, ზედმეტსახელად ჩემგან არაერთგზის გაჟღერებული რუხი კარდინალისა, ჩრდილოვანი მმართველისა და ა.შ, ინტრიგების დედოფალსაც უწოდებენ.

 

მე მახსენდება, რომ ეს ადამიანი როცა საკუთარ ინტრიგებში იყო გახვეული, არაერთხელ გაუწირავს პატრიარქი, წმინდა სინოდი, ასევე გაწირავს ხელისუფლებასა და მის ავტორიტეტს საკუთარი თავის გადასარჩენად.

 

არის ეჭვები, რომ კვალი, როგორც სცენარის ავტორისა, მისკენ მიდის და არ გამოვრიცხავ, რომ ულტიმატუმის ენით ელაპარაკება ხელისუფლებას და ისევე დააშანტაჟოს როგორც აშანტაჟებდა საპატრიარქოს მაღალ იერარქიას”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

მიტროპოლიტი პეტრე ამბობდა, რომ “არასახარბიელო გარემოცვაა სასულიეროს პირების, პატრიარქის და საპატრიარქოს წიაღში” და საპატრიარქო და ეკლესია ამ უღირსი პირებისგან უნდა განიწმინდოს.  მეუფე გამოსავალს საეკლესიო სასამართლოს აღდგენაში ხედავდა და სინოდს  მისი ფუნქციის მითვისებაში ადანაშაულებდა.

 

“ერთადერთი გამოსავალი არის, რომ საზოგადოება მიხვდეს და ვაიძულოთ ჩვენი სულიერი ხელმძღვანელობა, რომ ავამოქმედოთ საეკლესიო სასამართლო, რომლის ფუნქციაც მითვისებული აქვს სინოდს”, – ამბობდა ის.

 

 

თუმცა პატრიარქის გარემოცვის მიმართ მიტანილი იერიში მალე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კრიტიკასა და მის დადანაშაულებაში გადაიზარდა. მეუფე დეკანოზ მამალაძეს პატრიარქის პირად პატიმარს უწოდებდა, თუმცა პატრიარქსა და მეუფე პეტრეს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას 2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდზე მიაღწია.

 

წმინდა სინოდმა ორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, საქართველოს პრეზიდენტს დეკანოზი გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართა და მეუფე პეტრეს ეპარქია და სინოდის წევრობა ჩამოერთვა.

 

სინოდის სხდომიდან გამოსული ეპისკოპოსები მეუფე პეტრეს პატრიარქის შეურაცხყოფასა და მასზე ფიზიკური ძალადობის მცდელობაში ადანაშაულებდნენ.

 

დასჯილმა მიტროპოლიტმა კი სინოდის სხდომის დატოვების შემდეგ სკანდალური განცხადება გააკეთა და კათოლიკოს პატრიარქს “პიდარასტიის ცოდვით შეპყრობილი” უწოდა.

 

“საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის”, – განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

აღნიშნული განცხადების შემდეგ მეუფე პეტრესა და სინოდის სხვა წევრებს შორის უზარმაზარი უფსკრული გაჩნდა და აქამდე თუ ვინმეს ჯერ კიდევ იმედი ჰქონდა, რომ მეამბოხე მიტროპოლიტი ოდესმე სხვა ეპისკოპოსთან ერთად მშვიდობიან თანაცხოვრებას გააგრძელებდა, აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ნათელი გახდა, რომ კრიზისი არა თუ დასასრულისკენ მიდიოდა, არამედ უფრო მძიმე ფაზაში გადავიდა.

ჭყონდიდის ეპარქია მეუფე გრიგოლ კაციამ ჩაიბარა, ლმობიერი მიტროპოლიტი პრობლემებს ვერ წყვეტს

 

წმინდა სინოდმა ჭყონდიდის ეპარქია აგარაკ-წალკის მიტროპოლიტ მეუფე გრიგოლ კაციას ჩააბარა. მეუფე პეტრემ ეპარქია წინააღმდეგობის გარეშე დატოვა, თუმცა მისმა წასვლამ ეპარქია ვერ დაამშვიდა.

 

„ერთი წმინდა მამის ხასიათი იყო, როცა ადამიანს ემშვიდობებოდა, ეტყოდა – „შეხვედრამდე სამოთხეში“. აბა ვთქვათ, შეხვედრამდე სამოთხეში!“ – ამ სიტყვებით დაემშვიდობა მეუფე პეტრე ეპარქიის წევრებს.

 

თუმცა ყოფილი ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მხარდამჭერი სასულიერო პირები მეუფე გრიგოლს არ ემორჩილებოდნენ, მისი კვლავ ნახვა “სამოთხეში შეხვედრამდე” სურდათ და თავიანთ ეპისკოპოსად კვლავ მეუფე პეტრეს აღიარებდნენ.

 

ეპარქიის მშვიდობიანად დატოვების მიუხედავად მეუფე პეტრე სინოდის გადაწყვეტილებას ბოლომდე მაინც არ დაემორჩილა და შიომღვიმის მონასტერში წასვლაზე უარი განაცხადა. ნათელი იყო, რომ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი გაჩერებას არ აპირებდა.

 

“შიომღვიმის მონასტერში არ ვაპირებ წასვლას. ვითხოვე, რომ ერთ-ერთი მონასტერი დამითმონ, სადაც ვიქნები… ნუ, დაველოდები, თუ არადა [მე თვითონ] მივიღებ გადაწყვეტილებას სად ვიქნები… ჩემი თხოვნა არის იჩხურის მონასტერი”, – თქვა მეუფე პეტრე ცაავამ.

 

პირველი, ვინც მეუფე პეტრეს მხარე აირჩია მღვდელმონაზონი ანდრია სარია იყო. ის ინჩხურის ტაძრის წინამძღოლი იყო. მან ტაძარი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა, რაც ჭყონდიდის ეპარქიიდან მეუფე პეტრე ცაავა გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ეპარქიაში წალკელი ეპისკოპოსი, გრიგოლ კაცია დანიშნეს.

 

დაუმორჩილებლობის გამო მღვდელმონაზონი ეპარქიიდან 12 დეკემბერს გათავისუფლდა. ეს გადაწყვეტილება მას ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გააცნო.

 

“პატრიარქმა თავის მამათმავლობას გადააყოლა ეკლესიის ბედი” – ასე გამოეხმაურა იღუმენია თამარ გამყრელიძე მეუფე პეტრე ცაავას მღვდელმთავრობიდან გადაყენებას. მალევე კი ეპარქიის დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

 

“ნამდვილად ვტოვებ ეპარქიას”. “მე პირადად აქ არ დავრჩები. სადაც იქნება მეუფე პეტრე, იქ ვიქნები მეც”, – განაცხადა თამარ გამყრელიძემ.

 

ახალმა მიტროპოლიტმა ეპარქიაში საკადრო ცვლილებებზე უარი თქვა, რაც სავარაუდოდ კრიზისის გაღრმავების საფუძველი გახდა.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ქირურგი ვარ, ქირურგიული ჩარევა არ მიყვარს“, – აღნიშნა ეპარქიის ხელმძღვანელმა. 

 

მიტროპოლიტის ლმობიერებით გათამამებულმა პეტრეს მხარდამჭერებმა მალე ისევ ხმა აიმაღლეს. მეუფე გრიგოლს თავიანთ ეპისკოპოსად არ აღიარებდნენ,  მასთან თანამსახურებაზე უარს ამბობდნენ, ბოლოს საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ არქიმანდრიტმა ათინოგენმა ლოცვებში პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტა.

 

სასულიერო პირი აცხადებდა, რომ ის წყვეტდა პატრიარქის მოხსენიებას მანამ, სანამ სინოდი მეუფე პეტრეს მიერ პატრიარქზე წაყენებულ ბრალდებას არ განიხილავდა და არ დამტკიცდებოდა მისი უდანაშაულობა.

 

მეუფე გრიგოლმა მამა ათინოგენს მღვდელმსახურება შეუჩერა, თუმცა არც ეს გახდა ეპარქიის დაწყნარების საფუძველი და მას მალე მიმბაძველი სასულიერო პირები გამოუჩნდნენ.

 

მეუფე გრიგოლს დაუმორჩილებლობა გამოუცხადა რამდენიმე ბერმა, მონაზონმა და დიაკონმა.

 

ახალი მიტროპოლიტის მიმართ არსებულმა აგრესიამ და დაუმორჩილებლობამ ისეთი სახე მიიღო, რომ მეუფე გრიგოლმა 11 თებერვალს წმინდა სინოდის სხდომაზე წალკის ეპარქიაში დაბრუნება ისურვა. სინოდმა მისი თხოვნა დააკმაყოფილა და მის ნაცვლად ჭყონდიდის ეპარქიაში ცაგერისა და ლენტეხის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე კალაიჯიშვილი დაინიშნა.

 

„2019 წელს, სინოდის გადაწყვეტილებით ჩამოვედი. სამწუხაროდ, დამხვდა სიტუაცია, რომ ეპარქიის მღვდელმთავრებისა და მრევლის ნაწილმა ვერ მიმიღო. სამწუხაროა, რომ ამ ეპარქიაში არის აგრესია და სიძულვილი. ის ბერები და მღვდელმსახურები ვინც ერთად გაიზარდა და მოღვაწეობენ, ერთმანეთს არ ესალმებიან. ერთმანეთს არ ულოცავენ დღესასწაულებს.

 

დამჭირდა ეს პერიოდი და დრო, მაგრამ სამწუხაროდ, ეს აგრესია დღემდე არის. მეუფე პეტრე აქ მოღვაწეობდა 14 წელი და დრო და წლები დასჭირდება, რათა განიკურნოს ეს აგრესია”, – განაცხადა გრიგოლ კაციამ.

 

მეუფე გრიგოლმა ჭყონდიდის ახალ მიტროპოლიტს წარმატება უსურვა და განაცხადა, რომ “ჭყონდიდის ეპარქიაში არსებული კრიზისის და პრობლემების მოგვარებას მეუფე სტეფანე შეძლებს”.

ჭყონდიდის ახალი მიტროპოლიტი მეუფე სტეფანე გახდა, ხისტი გადაწყვეტილებები და სადამსჯელო ღონისძიებები ჭყონდიდში

 

“ჭყონდიდის ეპარქიის სკანდალურობა უნდა დასრულდეს„ – ეს იყო პირველი განცხადება, რაც ჭყონდიდის ეპარქიაში ჩასულმა მეუფე სტეფანემ გააკეთა.

 

ამბოხების ჩახშობის მიზნით პირველი ნაბიჯი ახალმა მიტროპოლიტმა მალევე გადადგა. მეუფემ წესრიგის დამყარება ურჩი დიაკვნებიდან დაიწყო და ჭყონდიდის მღვდელმთავრობის დროს მისი პირველი ბრძანება გამოსცა.

 

მიტროპოლიტმა დიაკვნებს, რომლებიც მის მღვდელმთავრად აღიარებაზე უარს ამბობნენ და ჭყონდიდის ეპისკოპოსად კვლავ მეუფე პეტრეს მიიჩნევდნენ, ლოცვა-კურთხევა მისცა, ყოველ წირვა-ლოცვაზე ეპისკოპოსთან ერთად ემსახურათ.

 

ბრძანების თანახმად ეპარქიაში მყოფ ყველა დიაკონს მსახურება ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად უნდა აღესრულებინა.

 

 

“სამღვდელმთავრო მსახურების სათანადოდ აღსრულებისთვის, მართლმადიდებელ ეკლესიაში არსებული უძველესი წეს-განგების შესაბამისად, ჭყონდიდის ეპარქიის იურისდიქციაში მყოფ ყველა დიაკონს/იეროდიაკონს ეძლევა ლოცვა-კურთხევა აღასრულონ მსახურება ჭყონდიდის მიტროპოლიტთან ერთად ყოველ შაბათ-კვირას, აგრეთვე, დღესასწაულებსა და მარხვის განსაკუთრებულ დღეებში.

ბრძანება სავალდებულოა აღსასრულებლად ხელმოწერისთანავე”, – ნათქვამია ბრძანება #1-ში.

 

 

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

 

 

მიტროპოლიტის ბრძანების მიუხედავად ურჩობაში მყოფი დიაკვნები კონსტანტინე გაბისონია და პეტრე ღუდუშაური საკვირაო წირვაზე არ გამოცხადნენ.

 

ქადაგების დროს მეუფემ განაცხადა, რომ ჰქონდა საუბარი დიაკვნებთან.

 

როგორც მეუფე სტეფანე ამბობს, მამა პეტრე ღუდუშაურმა მას უთხრა, რომ მეუფე პეტრე ცაავას გარდა სხვა მეუფეს არ აღიარებდა, ხოლო მამა კონსტანტინე გაბისონიას კონფლიქტი ჰქონდა სხვა სასულიერო პირთან და მასთან ერთად საღმრთო ლიტურგიაზე დასწრებაზე უარს ამბობდა.

 

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ორივე სასულიერო პირს ერთ კვირიანი ვადა მისცა და გააფრთხილა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო კვირას წირვა-ლოცვაში მონაწილობას არ მიიღებდნენ, შესაძლოა სასჯელი დაკისრებოდათ.

 

მალევე ეპარქიის ოფიციალურ გვერდზე მეუფე სტეფანეს ოფიციალური განცხადება გავრცელდა. განცხადების თანახმად, თუ 6-7 მარტს დიაკვნები სამღვდელმთავრო წირვაზე არ გამოცხადდებოდნენ მათ ნებისმიერ მღვდელმსახურებაში მონაწილეობა აეკრძალებოდათ.

 

.

6-7 მარტს დიაკვნები წირვაზე არ გამოცხადდნენ. ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა მეუფე სტეფანემ მათ მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა. ამის შესახებ მან მარტვილში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებაზე ისაუბრა.

 

 

როგორც მეუფემ განმარტა, მან ორივე დიაკვანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ სამღვდელმთავრო მსახურებაში მიეღოთ მონაწილეობა, თუმცა მათ ურჩობა განაგრძეს.

 

მიტროპოლოტის განცხადებით, დიაკვნებს მღვდელმსახურება მას შემდეგ აღუდგებათ, რაც ისინი საჯაროდ მოინანიებენ მათ საქციელს.

 

ქადაგების დროს მეუფე სტეფანემ მეუფე პეტრეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მან პატრიარქის მიმართ მისი ცილისმწამებლური განცხადებებით ბევრი სასულიერო პირი დააბრკოლა. მეუფე სტეფანემ მრევლს მეუფე პეტრესთვის ლოცვა დაავალა.

 

“მას ცილისმწამებლის პოზიცია უკავია და მის გარშემო უამრავი მშფოთვარე ხალხია, თუნდაც ეს დიაკვნები, რომელიც მან აცდუნა, თუნდაც ის ხალხი, რომელიც მის გარშემოა, რომლებსაც გონიათ, რომ კაი კაცობის გამო რამე შეუძლია. აცხადებდნენ, რომ მეუფე გრიგოლი კარგი კაცია, მაგრამ ჩვენი მეუფე პეტრეა. პეტრე არაა თქვენი მეუფე, იმიტომ, რომ ცილისმწამებელია და ამ ეპარქიის მეუფე აღარ არის, წმინდა სინოდმა გამოუტანა ისეთი მსჯავრი, რომელიც მას ეკუთვნოდა.

 

ერს ვთხოვ, ჩვენს პატრიარქს ნუ ჩათვლის ნურავი დამნაშავედ ცილისწამების გამო, ვინც არის დაბრკოლებული მოდით ეკლესიაში და ილოცეთ თქვენი სულებისთვის, უწმინდესისთვის და იმ პეტრესთვისაც, რომლისთვისაც ყოველ დღე ვლოცულობ, ვილოცოთ და ვეცადოთ, რომ უფლის შეწევნა მასაც ქონდეს, იქნებ ამ პრობლემიდან გამოვიდეს”, – ამბობს მეუფე სტეფანე.

 

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

დიაკვნების დასჯას ჭყონდიდის ეპარქიის სასულიერო პირების ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ადგილობრივი სასულიერო პირების გაცნობისა და არსებულ კითხვებზე საპასუხოდ მეუფე სტეფანემ ადგილობრივი კრება მოიწვია.

 

ურჩი სასულიერო პირები კრებაზე მხარდამჭერებთან ერთად მივიდნენ. რეზიდენციასთან შეკრებილი მეუფე პეტრეს მხარდამჭერები ეპარქიიდან მეუფე სტეფანეს წასვლასა და მეუფე პეტრეს დაბრუნებას მოითხოვდნენ.

 

ამასთან მოითხოვდნენ სინოდის სხდომაზე პატრიარქის საკითხის განხილვასაც.

 

კრება ხმაურისა და დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობა და სამწუხარო ინციდენტით დასრულდა.

 

 

 

კრებაზე დახურულ კარს მიღმა არსებულმა ხმაურმა გარეთ მყოფი მეუფე პეტრესა და ურჩი სასულიერო პირების მხარდამჭერების გაღიზიანება გამოიწვია. ისინი რეზიდენციაში შეჭრას შეეცადნენ, ამ პროცესს კი, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები იღებდნენ.

 

კრებაზე შეჭრის მცდელობის დროს რეზიდენციის მოაჯირმა ვეღარ გაუძლო, ჩაინგრა და ჟურნალისტები და მოქალაქეები აივნიდან გადავარდნენ.

 

 

 

ინციდენტის დროს დაშავდა “ტვ პირველის“ ოპერატორი ალეკო ხაზალია, ჟურნალისტი პაპუნა შუშანია და რუსთავი 2-ის ოპერატორი დათო კონჯარია.

 

მეამბოხე სასულიერო პირებმა მეუფე სტეფანე მოქალაქეების აივნიდან  გადაყრაში, ხოლო მეუფე სტეფანემ კი ჟურნალისტები და ურჩი სასულიერო პირები რეზიდენციაში შეჭრის მცდელობასა და ამბოხის მოწყობაში დაადანაშაულა.

 

მეუფე სტეფანეს თქმით, ეს იყო გარკვეული ჯგუფის მიერ მოწყობილი პროვოკაცია.

 

 

„ეპარქიაში მიმდინარეობდა კრება და იქ შემოჭრა სცადეს. ჟურნალისტები აღმოჩნდნენ შემოჭრის შედეგად მსხვერპლი, რადგან კარები იღება გარეთ და როდესაც გარედან ეჯაჯგურებოდნენ, გაეღოთ და შიგნიდანაც მშფოთვარე ჯგუფის წარმომადგენლები კარს მიაწვნენ, რომ შემოეშვათ ისინი, ამ დროს კარები გაიღო და ამ ვითარებაში დაზიანდა ხალხი. ვთხოვეთ, იმ აივანზე არ ამოსულიყო არავინ, მაგრამ არავინ გვისმინა.

 

ვფიქრობ, ძალიან დიდი დარღვევაა, როცა ასე გექცევიან და ასე იჭრებიან. საეკლესიო კრებაა და გვაქვს უფლება, მედიის გარეშე ჩატარდეს, არავის დაუძახია ჟურნალისტებისთვის. ეს იყო სპეციალურად მოწყობილი პროვოკაცია. ჩვენ მხოლოდ სასულიერო პირების შეკრებას ვგეგმავდით. ჩვენ ყველაფერი გვაქვს გადაღებული. ყველაფერი გამოჩნდება. შეკრებაზე ვაცადე, ყველას დაესვა კითხვები. როცა უნდა მეპასუხა, იმ დროს არ გაჩერდა ორი პირი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სპეციალურად იყო დაგეგმილი. შიდა კადრები გასაჯაროვდება, რაც შეიძლება, გასაჯაროვდეს“, – განაცხადა მეუფე სტეფანემ.

 

 

მღვდელმთავრის თქმით, საეპისკოპოსო რეზიდენციის ეზოში შეკრებილი ადამიანების უკან ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე (ცაავა) იდგა, ეს ადამიანები კი მისი ორგანიზებით მოქმედებდნენ.

 

 

 

„იქ მრევლი არ იყო, იქ იყვნენ მეუფე პეტრეს მიერ ორგანიზებული ჯგუფები და არიან ადამიანები, რომლებიც ამას ამოწმებენ. შემდეგ ეს ადამიანები ამბობენ, რომ ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი. ამ ხალხის მოყვანა ვიღაცას ხომ უნდა მოეხდინა?! ეს არის ეკლესიაზე თავდასხმა და როცა ეკლესიაზე თავდასხმას ახორციელებ, ამის გამო პრობლემები იქმნება. არასოდეს ვიღებ გადაწყვეტილებას ცხელ კვალზე. განვიხილავთ, ვნახავთ და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – დასძინა მეუფე სტეფანემ.

 

 

 

მეუფე სტეფანეს მხარდაჭერა გამოუცხადეს სინოდის წევრებმა და საპატრიარქომ.

 

 

“ვაცხადებთ, რომ ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი ეს შემთხვევა იყო დაგეგმილი პროვოკაცია, მიმართული ამ ეპარქიისა და, საერთოდ, საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ.

 

გუშინდელმა კადრებმა დაგვანახა, რომ აქციაში მონაწილეთა ქცევა საერთოდ არ შეესაბამება მორწმუნეთა საქციელს; დაგვანახა ისიც, რომ ვინც ამ პროცესებს გეგმავს, ყოველგვარ უღირსებაზეა წამსვლელი. მათთვის, კარგა ხანია, აგრესია, სიცრუე, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, არ აქვთ ღვთის შიში და რწმენა, ახლა კი უკვე ძალმომრეობასაც აღარ ერიდებიან.

 

ყველას მოვუწოდებთ, შეინარჩუნონ სიმშვიდე, რადგან ვითარების დაძაბვა და სიტუაციის გამძაფრება მოწინააღმდეგე ძალის მიზანია, მით უმეტეს, ამას არც მალავენ.
დარწმუნებულნი ვართ, რომ ჩვენი ხალხი და, კერძოდ, ჭყონდიდის ეპარქიის მოსახლეობა, გამოიჩენს ჩვეულ სიბრძნესა და კეთილგონიერებას და ღვთის წყალობითა და საერთო ძალისხმევით მშვიდობა დამყარდება და საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ უკანონო ქმედებები აღიკვეთება.”, – ნათქვამა საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

მომხდარს გამოეხმაურა ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობიც და განაცხადა, რომ მომხდარზე პასუხისმგებელი მეუფე პეტრეა და ის უნდა განიკვეთოს.

 

ამასთან, ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

 

2021 წლის 21 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ლიტურგია აღასრულა მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში.

 

მხარდაჭერის ნიშნად ეპაქრიას ესტუმრნენ ეპისკოპოსები. თანამსახურებდნენ: ნეკრესელი მიტროპოლიტი სერგი (ჩეკურიშვილი), ახალქალაქის, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია), სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე), სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი ეგუდიელი (ტაბატაძე), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე (ხუფენია), ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე) და სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონი (ცაკაშვილი).

 

 

ინციდენტის მიუხედავად მეუფე სტეფანე 24 მარტს ბალდის  ღვთისმშობლის სახელობის მონასტერში მივიდა, სადაც დაუმორჩლებლობის კიდევ ერთი კერა იყო. ბალდის მონასტერში იმყოფება მეუფე გრიგოლის მიერ დასჯილი არქიმანდრიტი ათინაგორი, რომელიც პატრიარქს ლოცვებში არ იხსენიებდა.

 

მონასტერში მისულ მიტროპოლიტს სასულიერო პირები, იქ მოღვაწე მამაოები არ დაემორჩილნენ და ტაძრის ეზოში გადაინაცვლეს. მეუფეს წირვის ჩატარება მარტო მოუწია.

 

მეამბოხე სასულიერო პირები მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილი დიაკვნებისთვის და ბალდის მონასტრის მღვდელზე, მამა ათეოგენეზე სასჯელის მოხსნას ითხოვდნენ.

 

ურჩი სასულიერო პირები დაუმორჩლებლობის მიზეზად მეუფე პეტრეს უსამართლოდ დასჯას ასახელებდნენ და პატრიარქს მამათმავლობის ცოდვაში ადანაშაულებდნენ. დაპირისპირების დროს ბრალდება გაისმა მეუფე სტეფანეს მხრიდანაც და მან მეუფე პეტრე უკანონო შვილის ყოლაში ამხილა, რამაც სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა და მიტროპოლიტს მონასტრის დატოვება მოუწია.

 

მამა ათინოგენეს თქმით, მეუფე სტეფანემ მეუფე პეტრეზე ცრუ ინფორმაცია გაავრცელა და დააბრალა, რომ მას გერმანიაში უკანონო შვილი ჰყავს.

 

“ცრუ ხარ, არ დაგიმტკიცებია მეუფე პეტრეს შვილი, რომ ჰყავს, დაგიქნევთ ყველას, თქვე არაკაცებო.” – განაცხადა არქიმანდრიტმა ბალდის მამათა მონასტრის წინამძღვარმა მამა ათინოგენემ მეუფე სტაფანესთან სიტყვიერი დაპირისპირების დროს.

 

ბალდის ტაძრისა და სხვადასხვა ეპარქიის ბერები ითხოვდნენ, მეუფე სტეფანეს მტკიცებულებებით გაემყარებინა ის ბრალდება, რომელიც მან მეუფე პეტრეს წაუყენა.

 

„არანაირი საფუძველი არაა. ჩვენ ისეთს არაფერს არ ვითხოვთ. პირიქით, ჩვენ ვითხოვთ, მისი გაჟღერებულის დამტკიცებას და აქ ჩვენგან არანაირი დანაშაული არ იკვეთება, უბრალოდ გვინდა, რომ გაირკვეს და დასასჯელი დაისაჯოს.

 

მას ჩვენ არ ვემორჩილებით, თუ განმაყენა, განმაყენოს, მაგ შემთხვევაში გინდა თუ არა, უნდა დაემორჩილო, ეკლესიის წინააღმდეგ ვერ წავალ.

 

ამას ყველაფერს უნდა გონიერება. ამის გასაღები არის მეუფის ჩამოყვანა. კრება დანიშნონ და მერე ყველაფერი გაირკვევა”, – ამბობს ეპარქიის იღუმენი დანიელი.

 

ბალდის მონასტრის ინციდენტის შემდეგ მეუფემ კიდევ ერთი ამბოხებული მონასტერი მოინახულა. ამჯერად მიტროპოლიტს მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძე დაუპირისპირდნენ.

 

ამბოხებული დედაოები სხვა ურჩი სასულიერო პირების მსგავსად მეუფე პეტრეს ეპარქიაში დაბრუნებასა და პატრიარქის საკითხის სინოდის სხდომაზე განხილვას ითხოვდნენ.  მეუფე სტეფანემ დედა სოსანა წინამძღოლობიდან გადააყენა, ხოლო მის ნაცვლად კეთილმოწესედ დედა ნატალია დანიშნა.

 

„ჩემს მიმართ ძალიან ცუდი და შეურაცხმყოფელი სიტყვები იხმარა, რომელიც მღელმთავარს არ ეკადრება.

 

მე არ ვაპირებ ეპარქიიდან წასვლას, მე ვაპირებ ვიცხოვრო იმ მონასტერში, რომელიც ღვთის წყალობით და მეუფე პეტრეს დიდი მონდომებით აშენდა. ის არის ჩემი სახლი, სადაც მე მორჩილება გავატარე, 14 წელია უკვე მე აქ ვცხოვრობ, ისინი არიან შემოჭრილნი და მე ვთხოვ, რომ სწრაფად გამოარკვიონ სიმართლე, მივმართავ სინოდის წევრებს და საპატრიარქოს, მიიღონ შესაბამისი ზომები“,- ამბობდა დასჯილი მონაზონი.

 

 

ამავე პერიოდში მეუფე სტეფანემ რიგით მესამე ბრძანება გამოსცა და განხეთქილების მცდელობისა და დაუმორჩლებლობის ქმედებების გამო 10 სასულიერო პირს სასჯელი დაადო. მათ ზიარება აეკრძალათ.

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია
მეუფე სტეფანეს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა მეუფე პეტრეც და მას დესპოტი უწოდა.

„მეუფე სტეფანე იქცევა როგორც რუსეთიდან გამოგზავნილი ეგზარქოსი. დესპოტიზმი უცხოა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. მღვდელმთავარი უნდა იყოს უბრალო, კანონმორჩილი და სამაგალითო.

 

ჩვენ ნამდვილად ვხედავთ ადამიანს, რომელსაც ღმერთი არ სწამს და სირცხვილის გრძნობა არ გააჩნია, მეუფე სტეფანეს სახით. ხედავს თუ რას აკეთებს, როგორ დესტრუქციულადდა ანტიქრისტიანულად იქცევა მეუფე სტეფანე, მაგრამ არ იღებს ხმას, არ რეაგირებს ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობა ეკისრება კათოლიკოს-პატრიარქს,” – განაცხადა პეტრე ცაავამ.

 

მეუფე სტეფანეს მიერ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების საპასუხოდ მეუფე პეტრემ, მღვდელმონაზონმა ანდრია სარიამ და ამბოხებაში მონაწილე სხვა სასულიერო პირებმა საქართველოს საპატრიარქოსთან აქცია გამართეს.

 

აქციაზე კიდევ ერთხელ გაიჟღერა ბრალდებებმა კათოლიკოს-პატრიარქის მისამართით, ისინი მეუფე პეტრეს მღვდელმთავრად აღდგენასა და მეუფე სტეფანესთვის ცილისმწამებლური განცხადებების გამო ეპარქიის ჩამორთმევას ითხოვდნენ.

 

აქციაზე იმყოფებოდნენ მარტვილის მონასტრის მონაზონი დედა სოსანა და მორჩილი ნინო გამყრელიძეც, რასაც მეუფე სტეფანეს მხრიდან ხისტი და მკაცრი რეაგირება მოჰყვა. მეუფე სტეფანემ ჭყონდიდში დაბრუნებული დედები მონასტერში აღარ შეუშვა დ ბრძანება ნომერი 5 გამოაქვეყნა.

 

“მონასტრული წეს-განგების უხეში და დემონსტრაციული დარღვევების გამო, მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) და მორჩილი ნინო გამყრელიძე გაირიცხონ მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან და სინანულისათვის განწესდნენ ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის დედათა მონასტერში.”, – ნათქვამია ბრძანებაში.

 

პარალელურად გამართულ აქციას რეაგირება მოჰყვა საპატრიარქოს მხრიდანაც.  მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ ანდრია სარია დაიბარა და მისი განკვეთის რეკომენდაცია მიიღო, რის შესახებაც გადაწყვეტილება საბოლოოდ ილია მეორემ  უნდა გამოაცხადოს.

 

“დღეს გამართულ მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომაზე მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია) განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

 

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ დაუმორჩლებელი სასულიერო პირები მეუფე სტეფანემ კიდევ ერთხელ გააფრთხილა და სინანულისათვის ერთკვირიანი ვადა მისცა.

 

“გაძლიერდა ამბოხის სული, განდგომის სული. ცრუ პეტრემ, რომელიც არის ამ დაჯგუფებს უფროსი, ფაქტობრივად, იკადრა ეკლესიაზე თავდასხმა.

 

იმ მონაზონს (დედა სოსანა) ველაპარაკე და სამი საათი ვუხსენი, როგორ უნდა მოიქცეს მონასტერში, ის წავიდა, სად? პატრიარქის საწინაარმდეგო აქციაზე. მე კარებს მას არ გავუღებდი.

 

რამდენიმე ადამანის მიმართ, ვინც ყველაზე მიუღებლად იქცევა, იქნება გარკვეული კანონიკური ხერხები გამოყენებული, რათა დაცხრნენ და ცოტახანი დააყენონ ენა” – განაცახდა მეუფე სტეფანემ.

 

დაუმორჩლებლობის გაგრძელების გამო მეუფე სტეფანემ ბრძანება ნომერი 6 ამბიონიდან წაიკითხა და კიდევ 4 სასულიერო პირი დასაჯა და მათ ზიარება აუკრძალა, ხოლო მამა ათინოგენი კი მღვდელმსახურებიდან სამუდამოდ განკვეთა.

 

 

ფოტოს აღწერა მიუწვდომელია

 

 

რთული სათქმელია რა შედეგს გამოიღებს ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე სტეფანეს სადამსჯელო ღონისძიებები, თუმცა ფაქტია, რომ მეუფე პეტრე და მისი მხარდამჭერები იგივე პოზიციაზე დგანან, ისინი ყოველ ხუთშაბათს საპატრიარქოსთან აქციის გამართვას აანონსებენ.

 

უშუალოდ ჭყონდიდის ეპარქიაში კი ვითარება ამ დროისთვის შედარებით მშვიდია. 5 აპრილს მიტროპოლიტმა სოფელ ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში ეპარქიის სამღვდელოების რიგით მეორე კრება გამართა, რომელმაც ამჯერად ხმაურისა და დაპირისპირების გარეშე ჩაიარა.

 

May be an image of ერთი ან მეტი ადამიანი, ხალხი დგას და შიგნით

ავტორი: Prime Time

X