
მასზე მოყვარულები ამბობენ, რომ თანამედროვე ფიროსმანი ჩვენს ეპოქაში ისევ დაიბადა. პროფესიონალების შეფასებით, საქართველოში არავინაა ისეთი, ვინც ჰერეთიდან ჩამოსული მხატვრის უნიკალური ტექნიკით ხატავს…
ექსპერტები არამხოლოდ შემოქმედებაზე, არამედ მის პიროვნულ თვისებებზეც აქტიურად საუბრობენ და ამბობენ, რომ პატრიოტიაო. სამშობლოს სიყვარული მასზე მარტივად იკითხება – გოდერძი ოთარაშვილის არტს, მრავალფეროვან შემოქმედებას ერთი საერთო სახელი აქვს –“იბერიული საიდუმლო”. “პრაიმტაიმთან” ექსკუზიურ ინტერვიუში თავად გოდერძი ოთარაშვილი ჰერეთში მცხოვრებ ძირძველ ქართველებზე, თანამემამულეებზე ამბობს, ყველა ქართული ძველი ტრადიციების მოფრთხილებით, დაცვით და შენარჩუნებით ცხოვრობსო.
ის პროფესიით ფილოლოგია. ქართული ენის სიყვარული ალბათ, მემკვიდრეობით მშობლებისგან ერგო. ხოლო მეორე პროფესია – მხატვრობა ვირტუოზული ნიჭის დამსახურებაა… ამბობენ, განუმეორებელ შემოქმედებს სამუშაო იარაღი თავად ფლობს, უბრალოდ შემოქმედები კი, იარაღს თავად ფლობენო… მისი უნიკალური ნახატები არაერთი ცნობილი ქართველის პირად კოლექციაში საპატიო ადგილს იკავებს. ახლა, “პრაიმტაიმის” მკითხველს გოდერძი ოთარაშვილი მის ჰერეთულ თავგადასავალზე, ბავშვობაზე, ოჯახსა და თბილისურ არტ-ნუვოზე მოუთხრობს…
ბავშვობა ჰერეთში და პირველი ნაბიჯები ფერად სამყაროში

დავიბადე კახში, ჰერეთში, პედაგოგების ოჯახში. დედა – დარიკო ტარტარაშვილი კახის ქართულ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად 48 წელი მუშაობდა, ახლა პენსიონერია. მამა – აწ გარდაცვლილი ანდრო ოთარაშვილი ფილოლოგი იყო. მყავს და-ძმა. დავამთავრე კახის ქართული საშუალო სკოლა. ჩემმა ბავშვობის წლებმა უდიდესი კვალი დატოვა ჩემს შემდგომ ჩამოყალიბებაზე, როგორც თვისებრივად, ასევე – ზნეობრივად… კარგად მახსენდება ბავშვობა, ეს იყო სილაღით, ხალისით, საუკეთესო მოგონებებით სავსე წლები…
სკოლის პერიოდიდანვე ვხატავდი, თუმცა, მაშინ პასტით და ფანქრებით. შემდეგ, არ ვიცი საიდან და როგორ, შავ-თეთრ ნამუშევარს შემთხვევით ფერი დავამატე, მერე მეორე ფერი, მესამე და ასე “გაფერადდა” ჩემი ემოციებიც გადმოტანილი ფორმები, ხაზები, ფიგურები. სკოლის დამთავრების შემდეგ ჯარში გამიწვიეს, საიდანაც 1989 წლის მაისში ჩამოვედი.მერე, ფილოლოგიურ ფაკულტეტზე ჩავირიცხე. რა შემიძლია ვთქვა ჰერეთელ ქართველებზე? იქ ქართველები ცხოვრობენ ყველა ქართული ძველი ტრადიციების მოფრთხილებით, დაცვით და შენარჩუნებით. ქართული ოჯახი მთლიანად ქართული ადგილობრივი ჩვევებითაა თაობებში გამყარებული. ვამაყობ ჩემი კახით.
არტისტის მუზა და შემოქმედებითი გზა
ძირითადად ვხატავ თავისუფალ დროს, ვიწყებ შინაგანი განწყობით, ნაფიქრით, მომეტებული აზრით. ესაა სწორედ ჩემი მუზა. შეიძლება ნახატმა ისე შემიყოლიოს, რომ ხატვის პროცესი რამდენიმე დღეც გადავაბა. არაფერზე სხვაზე ამ დროს არ ვფიქრობ, მხოლოდ ვხატავ. ტემპერა, გუაში, ტექნიკური საღებავები – ესაა ძირითადად ჩემი სახატავი მასალა. ესაა ჩემი არჩევანი. მათთან ყველაზე კომფორტულად ვარ და ვერც ვხსნი რატომ მაინცდამაინც ეს საღებავები…

სხვათაშორის ბევრი აღნიშნავს ამას,რომ ჩემს ნახატებში ამოიკითხება ეს კოსმოლოგიური ფიგურები და სიმბოლოები, ამაზე თავად არ მიფიქრია ბოლომდე.
ეს თავისით მოდის, თითქოს სხვა სამყაროდან, და ასე ლაგდება საბოლოოდ. ამის გამო, ჩემს ნახატებს სპეციალისტებმა უწოდეს ,,საიდუმლო” და ძირითადი თემიდან გამომდინარე “იბერიული საიდუმლო”, ამ ყველაფერზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს.
გამოფენები და მიღწევები
მივიღე მონაწილეობა Art-გენის ფესტივალზე, თბილისში. ზურაბ წერეთლის საგამოფენო სივრცეში 2017 წელს, პერსონალური გამოფენა მქონდა “მომა თბილისში”. შემდეგ, ისევ თბილისში ამერიკის საელჩოში-USAID-ის ოფისში გაკეთდა ჩემი გამოფენა. ასევე, სხვადასხვა ცნობილ პერსონალურ გალერეებში. მახსენდება შარშანდელი წლის 11 სექტემბერი, როცა ამერიკის საელჩომ მიმიწვია მათი დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებაზე, სადაც ამერიკის შეიარაღებულ ჯარებს საჩუქრად ჩემი ნამუშევარი გადავეცი. 2020 წლის ნოემბერში გადმომეცა სერტიფიკატი ონლაინ კონკურსში ,,აფხაზეთი ფერებში” მონაწილეობისთვის.
გამორჩეული ნახატები და დამთვალიერებელი – მხატვრისა და მოყვარულის “ურთიერთობა”

ვფიქრობ, პირველ ჯერზე უნდა დამყარდეს უხილავი კავშირი ჩემს და მოყვარულ დამთვალიერებელს შორის, რასაც ჰქვია ხედვის, მოწოდებული თემის სწორი აღქმის, ნაფიქრის, გადმოცემული ამბის გარშემო დადებულის თანხვედრა, შემდეგ თვალის პოზიცია-გემოვნებას ვგულისხმობ, და ალბათ ამ ყველაფერს მიჰყავს დამთვარიელებელი ნამუშევრის შეძენის სურვილამდე.
მაქვს რამდენიმე ნახატი, რომელსაც ვერც გავაჩუქებ და ვერც ვერასოდეს გავყიდი. საერთოდ, ძალიან მეძნელება ჩემი ნამუშევრის გასხვისება, რადგან ვთვლი, რომ ის რაც სხვისთვის მხოლოდ შესაძენი ესთეტიური სიამოვნების სფეროა, ჩემთვის ჩემი ცხოვრების ის ცოცხალი მომენტი და ამბავია, რომელიც მხოლოდ ჩემი საკუთრებაა და სულიერების თუნდაც პატარა ნაწილია, რომელიც მხოლოდ ჩემია. საერთოდ არცერთი ჩემი ნამუშევარი არ მეორდება.” – ამბობს გოდერძი ოთარაშვილი.
ჩვენთვის ცნობილია, რომ გოდერძი ოთარაშვილის ნამუშევრები არაერთ კერძო კოლექციონერს აქვს, მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები: გია ბუღაძე, დიზაინერი მაკა ასათიანი, გია გუგუშვილი, ცნობილი დიზაინერი ისრაელში ნესი დანიელი, სამოდელო სააგენტო ,,ნატალის” კრეატიული დირექტორი მარიამ გიორგიბიანი, ინტერიერის დიზაინერი ევგენია გორდინსკაია და ა.შ. ოთარაშვილის ნახატები საქართველოს საზღვრებსაც გასცდა – შეხვდებით მოსკოვში, პეტერბურგში, ლონდონში, ამტვერპენში. არაერთი დიზაინერის შოუ-რუმის მთავარი მშვენება გახდა…
“პრაიმტაიმი” ორ უნიკალურ მხატვარს გია ბუღაძესა და გია გუგუშვილს თავიანთი კოლეგის, გოდერძი ოთარაშვილის შემოქმედების შესახებ სასაუბროდ დაუკავშირდა.
“გოდერძი ოთარაშვილის შემოქმედებაზე მხოლოდ ძალიან დადებით კონტექტსში შემიძლია საუბარი. ის ყველა კუთხით განსხვავებულია, შესანიშნავი ტექნოლოგია აქვს შემუშავებული. განსაკუთრებით მომეწონა ქართულ მოტივებზე შესრულებული კომპოზიციები. მასში დავინახე გულანთებული პატრიოტი ადამიანი, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მის შემოქმედებას თვალყურს ვადევნებ, ის ძალიან მხატვრულია. ისეთ ძარღვს ჩაავლო გოდერძიმ, რომელიც არავის გავს და ვერავინ ასრულბს.
გოდერძი მხატვარია, მას არანაირი გარემოება ვერ გააჩერებს, როგორც სუნთქვას ვერ შევიჩერებთ ჩვენ, ისე ვერ გაჩერდება შემოქმედებით პროცესში. ძალიან გულიანი კაცია. ვამაყობ, რომ ჩემს პირად კოლექციაში მისი ორი ნამუშევარი საპატიო ადგილს იკავებს” – ამბობს გია ბუღაძე.
კიდევ ერთი ცნობილი მხატვარი, რომელიც ჰერეთიდან ჩამოსულ არტისტზე საუბრობს გია გუგუშვილია.
”გოდერძი ოთარაშვილის შემოქმედება უნიკალურია. ვგულისხმობ იმას, რომ ძალიან კარგად ახერხებს სიმბოლოებით გაჯერებული სამყაროს შექმნას. ძალიან საინტერესოდ მუშაობს, არ ვიცი რა ნებისყოფა ყოფნის, ცოტა ჩრდილშიც კია ის, სპეციფიურია მისი შემოქმედება, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი ყურადღება სჭირდება, მიუხედავად იმისა, რომ თავისი ნიშა უკვე აქვს დაკავებული. მიხარია, რომ მისი ნამუშევარი ჩემს პირად კოლექციაშია. სახელოსნოში მიკიდია და ვამაყობ ამით.” – ამბობს გია გუგუშვილი.






















