16:54 | 2020-11-10 ავტორი: რუსა ღვანიძე

ვინ არის ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკა ყველაზე ცნობილ გერმანულ ფილმებში ჟღერს

ვინ არის ახალგაზრდა ქართველი კომპოზიტორი, რომლის მუსიკა ყველაზე ცნობილ გერმანულ ფილმებში ჟღერს

„ტკივილი” – ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, ზოგს პერიოდულად გვტკივა, ზოგს კი, თან გვსდევს მთელი ცხოვრება… მასთან ჭიდილი ან მისი ცხოვრებასთან ადაპტირება – მისით ცხოვრება. მე ასე ვხედავ მას, მთელი თავისი „მშვენიერებით “!

 

ვფიქრობ, კომპოზიტორი მსახიობიცაა და ყველაზე საინტერესო მომენტი არის ის, როცა რეალობას აცდები ცოტა ხნით, თუმცა არ მოიტყუები და შენს სინამდვილეს გაუზიარებ მსმენელს. ეს საუნდტრეკი, ჩემი ცხოვრების ერთ ერთ ბედნიერ ფაზაში დავწერე,“ – ლევან ბაშარული.

 

გერმანიაში მოღვაწე, ცნობილი ქართველი მუსიკოსი ლევან ბაშარული, როგორც ქართული, ასევე უცხოური ფილმის, თუ სპექტაკლის მუსიკის ავტორია. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, 2008 წლის ივლისში გერმანიაში გაემგზავრა და მიუნხენის კონსერვატორიაში, სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა.

 

მიუხედავად, მისი პირველი მარცხისა, მაინც მოახერხა პროფესიული მუსიკალური განათლების მიღება და დღეს, უკვე შემდგარი, პროფესიონალი კინოკომპოზიტორია, როგორც გერმანიაში, ასევე, მის საზღვრებს გარეთაც.

 

რამდენიმე წლის წინ, ქართველი კომპოზიტორი, გერმანიის წლის კინომუსიკის დაჯილდოების ცერემონიალზე – „Deutscher Filmmusikpreis 2015“ „გერმანიის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის” ნომინაციაზე წარადგინეს, სამ ახალგაზრდა კინოკომპოზიტორს შორის.

 

„პრაიმტაიმი“, 35 წლის ახალგარზრდა ნიჭიერ კომპოზიტორს, გერმანიაში დაუკავშირდა და  მის შემოქმედებასა და პირად საკითხებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:

 

დავიბადე 1985 წელს, თბილისში. მეტად მშვიდი და წყნარი ბავშვი ვყოფილვარ. რამდენიმე თვის ვიყავი, როცა ჩემმა ოჯახმა, ჩემი მუსიკალურობა, მანქანით მგზავრობისას შენიშნა – რადიოს, როგორც კი გამომირთავდნენ, ტირილს ვიწყებდი.

 

3 წლის ვიყავი, როცა ჩემი და ნინო, მუსიკალურ სასწავლებლში მისაღები გამოცდისათვის, ჩემთვის ნაცნობ, ერთ-ერთი სიმღერის ნოტებს ეძებდა და მთელი ოჯახი ძიებაში იყო ჩართული, წამოვდექი საწოლიდან და ყველასათვის მოულოდნელად, ამ სიმღერის მელოდია, საჩვენებელი თითით დავუკარი.

 

რა თქმა უნდა, ყველა განცვიფრებული და ოდნავ შეშინებული მიყურებდა იმ მომენტში!

 

სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო, ჩემი მუსიკალური ცხოვრება. მიუხედავად 90- იანი წლების დაძაბული, რთული და საშიში ყოველდღიურობისა, მე და დედა არ ვაცდენდით და ხელჩაკიდებული დავდიოდით მუსიკისა და სიმღერის გაკვეთილებზე, ახალგაზრდობის სასახლეში, ქ-ნ ალექსანდრა (შურა) ჯანელიძესთან.

 

„მხედველობა რომ კარგი ჰქონოდა, ინსტრუმენტამდე ხომ არ მივიდოდა?“ - 5 წლის ვირტუოზი, რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს
2020-09-21„მხედველობა რომ კარგი ჰქონოდა, ინსტრუმენტამდე ხომ არ მივიდოდა?“ - 5 წლის ვირტუოზი, რომლის ვიდეოებს უამრავი ნახვა აქვს

 

უშუქობის და უტრანსპორტობის გამო, ძალიან ხშირად, ფეხით გავდიოდით დიდ მანძილს. ამ საშინელ, ნაცრისფერ, ბნელ და ცივ ყოფას მუსიკა აფერადებდა, ანათებდა და ათბობდა.

 

შემდეგ სწავლა საესტრადო ანსამბლში, ქ-ნ მანანა მერაბიშვილთან გავაგრძელე. ყველაფერს ცდილობდნენ მშობლები (დედა – ეთერ ჩაჩანიძე, მამა- გრიგოლ ბაშარული), რომ კონცერტს არ გამოვკლდბოდი და მუსიკალური ფონოგრამის და სტუდიური ხარჯების თანხის ორგანიზება დროულად მომხდარიყო. უამრავ კონცერტსა და სიმღერაში ჩაიარა ჩემმა ბავშვობის წლებმა.

 

Нет описания.

 

– რატომ გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება გერმანიაში?

 

2005 წელს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ, ორი კვირით გამგზავნა ბერლინში, ტრებნიცის სასახლეში, პროფესორ ფრიდრიხ გოლდმანთან, მასტერკლასებზე.

 

მასთან მიღებული ცოდნის, ასევე მიუნხენის უმაღლესი სამუსიკო სკოლის მონახულების შემდეგ, გადავწყვიტე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დამთავრებისთანავე, სწავლა გერმანიაში, კერძოდ მიუნჰენში გამეგრძელებინა, რადგან მიუნჰენის კინოკომპოზიციის სკოლა გერმანიაში, სამ უმაღლეს მუსიკალურ სკოლას შორის, საუკეთესოა.

 

2008 წლის ივლისში ჩამოვედი მიუნჰენში, ენის შესასწავლად და კონსერვატორიაში მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებლად.

 

გარდა ამისა, გერმანიამ მომცა ის, რასაც იმ დროისთვის, საქართველოში ვერ მოვახერხებდი. კერძოდ – კინომუსიკის ჟანრში პროფესიული განათლების მიღება, ამ სფეროში გამოცდილების დაგროვება და რაც ყველაზე მთავარია, კონტაქტების დამყარება გერმანიის წამყვან კინოპროდუქციებთან (Roxy Film, Wiedermann und Berg), ასევე ორკესტრებთან და ცნობილ გერმანელ რეჟისორებთან.

 

თუმცა, სანამ აქამდე მივიდოდი, წინ ძალიან დიდი და წინააღმდეგობებით სავსე გზა იყო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩემი სწავლის და ცხოვრების დაფინანსებას მე თვითონ ვახდენდი, მიწევდა კონსერვატორიის ლექციების და პრაქტიკების გარდა, ენის ინტენსიური კურსების გავლა და ბევრი მუშაობა რესტორნებში, მაღაზიებში…

 

მეორე კურსზე ვიყავი, როცა მაღაზიიდან შინ დაბრუნებულს, ძალიან დამღლელი სამსახურის მერე, დამირეკა ტელეფონმა და ჩემი პირველი კინოფილმის მუსიკის დამკვეთი პროდიუსერის ხმა გაისმა. პროექტმა წარმატებით ჩაიარა და მას მერე დაიწყო ჩემი ცხოვრება კინომუსიკის სამყაროში.

 

 

– რომ არა გერმანია, გახდებოდით ასეთი ცნობილი მუსიკოსი?

 

გერმანიაში ალბათ ვერა, მაგრამ ვფიქრობ, რომ საქართველოში, უფრო ცნობილი ვიქნებოდი, ვიდრე ახლა. თუმცა, ყოველთვის ვცდილობ, ჩემ ქართველ გულშემატკივარს, მსმენელს, მეგობრებს ყოველთვის გავუზიარო, აქაური სიახლეები.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არა გერმანია, იქნებოდა ამერიკა, რადგან იქ გამგზავრების სურვილი, უფრო დიდი იყო. რაც საკმაოდ დიდ ფინანსურ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ბედნიერი ვარ გადაწყვეტილებით და ალბათ, არჩევანის წინაშე რომ დავდგე, ისევ გერმანიაში წამოსვლას ვამჯობინებდი.

 

– რა ასაკში დაწერეთ პირველი მუსიკა (კომპოზიცია)?

 

პირველი კომპოზიციები ადრეული ბავშვობის პერიოდში დავწერე – არც მეტი, არც ნაკლები – ტერენტი გრანელის ტექსტებზე. არ ვიცი, რატომ შეიძლებოდა მისი დრამატული, ტრაგიკული ხელწერა 7-8 წლის ბავშვთან ახლოს ყოფილიყო, თუმცა ფაქტია, რამოდენიმე სიმღერა დავწერე და ერთ-ერთი სიმღერის მელოდია, ახლაც კი მახსოვს.

 

– რა სჭირდება მუსიკის შექმნას?

 

მუსიკის შექმნას, უპირველესად სჭირდება – ინსპირაცია. იქნება ეს ადამიანისგან, კოლეგისგან, იმ ფილმისგან, რომლისთვისაც ემზადები შექმნა მუსიკა, თუ სცენარის კითხვისგან, ზოგადად ცხოვრებისგან.

 

ასევე, ემოციები, რომლებსაც არ აქვს მნიშვნელობა დადებითი იქნება, თუ უარყოფითი. შთაბეჭდილებები, რომლებიც გადაიქცევიან მუსიკალურ მელოდიებათ და სანამ არ ააჟღერებ, არ მოგასვენებენ. არ მოგცემენ საშუალებას, სხვა რამეზე კონცენტრირდე.

 

რაღა თქმა უნდა, ასევე საჭიროა, შესაბამისი მუსიკალური განათლება – შენი მუსიკალური იდეები, მიიტანო მსმენელამდე.

 

– პირველი წარმატება როდის მოვიდა?

 

პირველი წარმატება, ჩემი პროფესიული სწავლა-განათლების დასაწყისი ითვლება. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია, სადაც საკმაოდ დიდი კონკურენციის გავლა მომიწია მისაღებ გამოცდებზე, რადგან მხოლოდ ერთი ადგილი იყო, მსურველი კი ბევრი.

 

უღრმესი მადლობა მათ, რომ მომცეს შესაძლებლობა, მიმეღო ძირეული განათლება იმ სფეროში, რაც დღეს ჩემი ცხოვრებაა. ვსწავლობდი, პროფესორ ზურაბ ნადარეიშვილის კლასში. მისგან მიღებული ცოდნა, დღემდე მეხმარება პროექტებში, ფილმებში, სადაც მიწევს შეხება, თანამედროვე კლასიკური მუსიკის სტილთან.

 

მალევე დამინიშნეს კომპოზიტორ დავით თორაძის სახელობის სტიპენდია, რაც ძალიან დამეხმარა იმაში, რომ მთელი კონცენტრაცია, სწავლაზე მიმემართა და ამით, ის უფრო პროდუქტიული გამხდარიყო.

 

– პირველი ჯილდო როდის და რისთვის მიიღეთ?

 

რამდენი ხანია, ამაზე აღარ მიფიქრია! ამ კითხვას რომ ვუპასუხო, ალბათ, ისევ ბავშობას უნდა დავუბრუნდე – ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ერთ-ერთ ფესტივალზე სიმღერისთვის, ცოცხალი „იადონის“ ჩიტით რომ დამაჯილდოვეს.

 

კი, ეს იყო ნამდვილად! დიდი ხანი ცხოვრობდა ჩვენთან ერთად ოჯახში და ერთ მშვენიერ დღეს, გაგვიფრინდა. თუმცა, ეს დაჯილდოება, ჩემთვის ის შთაგონება აღმოჩნდა, რომ, თუ გაირჯები, დაგიფასდება. დღემდე ასეა ჩემ ცხოვრებაში.

 

ჩემი კარიერა არასდროს, არავის გავლენით არ წასულა წინ. ეს იყო მხოლოდ დიდი შრომისა და მუშაობის შედეგი.

 

– რა იყო თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი…

 

ჩემთვის, ყველა ჩემი პროექტი, ინდივიდუალურია. გარდა კინომუსიკისა, ვთანამშრომლობ ასევე გერმანულ რადიოსთან – BR გადაცემებისთვის ვწერ გამორჩეულ მუსიკას. ასევე თეატრი, მუსიკა სპექტაკლებისთვის, რომელიც ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ჟანრია, რაზეც ვმუშაობ.

 

 

საკონცერტო მუსიკა – თანამშრომლობა მიუნხენის, ბაბელსბერგის, სოფიას, თბილისის სიმფონიურ ორკესტრებთან. ასევე აკუსტიკური და ელექტრონული მუსიკის სინთეზი – სწორედ, ამ მიმართულიების მუსიკა დაიწერა პარიზის პროექტისთვის, რომელიც იყო თანამშრომლობა მიუნჰენის ხელოვანთა ჯგუფთან Super+, ვინც ამ პროექტის ვიზუალიზაცია გააკეთა ეიფელის კოშკის წინ.

 

კონცერტი-იმპროვიზაცია 12 საათის განმავლობაში გრძელდებოდა მევიოლინე ვერენა-მარია ფიტც და გერმანელი DJ დავიდ გოლდბერგთან ერთად.

 

ბოლო ხანებში, ასევე, ძალიან საინტერესო იყო ქართულ კრეატიულ ხელოვანებთან (ანა სანაია, ქეთევან სამხარაძე, დავით თარბა) თანამშრომლბა, რომლებმაც პანდემიის შედეგად, თეატრალური ხელოვნება და განწყობა პირველად, მაგრამ საკმაოდ ოსტატურად გარდასახეს, ონლაინ პიესების კითხვის ფორმით.

 

რაც შეეხება ფილმებს, ალბათ, ყველას ვერ ჩამოვთვლი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ჩემი კარიერული ზრდისთვის და ცნობადობის ამაღლებისთვის ჩემ სფეროში, დიდი როლი ითამაშა გერმანული მხატვრული ფილმის – „ლუის ტრენკერი” – მუსიკაზე მუშაობამ.

 

ფილმის პრემიერის შემდეგ, გერმანიის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მუსიკალურ დაჯილდლოებაზე – „Deutsche Filmmusik Preis” გერმანიის წლის საუკეთესო ახალგაზრდა კინოკომპოზიტორის ნომინაციაზე ვიყავი წარდგენილი.

 

– პროექტი „სახლის კონცერტი“ თქვენია ?

 

სახლის კონცერტი“, პანდემიამდე ერთი წლით ადრე შეიქმნა. პროექტის მიზანი იყო და არის, ჩემი კინომუსიკის ქართველი მსმენელისთვის გაზიარება.

 

რადგან Spotify, Amazon და მსგავსი ფასიანი მუსიკალური ბიბლიოთეკები, საქართველოში არ სარგებლობს პოპულარულობით, შევქმენი ჩემი პროფესიული ფეისბუქ გვერდი, სადაც ჩემს ქართველ (და არამარტო) მსმენელს შეუძლია, სრულიად უფასოდ, ჩემი მრავალი კინოკომპოზიციების საფორტეპიანო ვერსიების მოსმენა.

 

 

მოგზაურობა დროში“, „ყველაფერი კარგად იქნება“, „ძებნა ბედნიერების“, „კუპატა“(შევეცადე მისი თვალით დამენახა სამყარო, როგორ ხედავს ის ადამიანებს, ბავშვებს და ზოგადად რა დიდი გული აქვთ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს, როგორი დიდი მადლიერება შეუძლიათ უანგაროთ) – განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ.

 

მადლობა ჩემს მსმენელს, რომ ასე შეიყვარა ჩემი მუსიკა და გაღებულ დადებით ენერგეტიკას, ასმაგად მიბრუნებენ უკან, უთვალავი წერილების სახით. როგორც ხელოვანისთვის, ჩემთვის ეს, უზარმაზარი სტიმულია.

 

– როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები გერმანიაში და რა გახდა თქვენთვის ყველაზე დიდი მარცხი? 

 

ნებისმიერ სფეროში პირველი ნაბიჯები, რა თქმა უნდა, ყოველთვის პრობლემებთან თუ სირთულეებთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ჩემი დის (ნინოს) მხარდაჭერისა, რომელიც ასევე მიუნჰენში ცხოვრობს, გადავწყვიტე, მალევე დამეწყო, ჩემი პრობლემების დამოუკიდებლად მოგვარება.

 

მიუნჰენის კონსერვატორიაში, პირველ წელს, არ მიმიღეს – ეს იყო პირველი და მგონი, ერთადერთი მარცხი, ჩემ პროფესიულ ცხოვრებაში, რის გამოც, ძალიან დიდი ფსიქოლოგიური სტრესი და იმედგაცრუება მივიღე.

 

მიზეზად დასახელდა, კომპიუტერული პროგრამების არცოდნა, რაც აუცილებელია სწავლის პერიოდშივე. შემდეგ ვიპოვე ადამიანი, რომელსაც ფორტეპიანოში ვამეცადინებდი, ის კი ამ პროგრამებს მასწავლიდა.

 

ერთ წელში, მუსიკალურ პროგრამებთან ერთად, ენაც შევისწავლე და 200 მსურველიდან – 6 სტუდენტს შორის მოვხვდი.

 

– დაგვისახელეთ ცნობილი ფილმები, სადაც თქვენი მუსაკა ჟღერს (გერმანული, ქართული)

 

ყველა ჩემი გერმანული სატელევიზიო ფილმი, ცნობილია. განსაკუთრებით, „Luis Trenker“, Nemez, სერიალი „Marie fängt Feuer“ (2 ეპიზოდისთვის), რომლებსაც სატელევიზიო პრემიერაზევე, თითოეულს, ხუთიდან ათ მილიონამდე მაყურებელი ჰყავდა.

 

თუმცა, განსაკუთრებით პოპულარობით მაინც – „Luis Trenker“ სარგებლობს, გამომდინარე, ფილმის შინაარსიდან, ფილმის ფიგურების ისტორიული მნიშვნელობიდან, გერმანიის იმდროინდელი ნაცისტური პოლიტიკის ჩრდილის დღემდე აქტუალურობიდან, ასევე ფილმის საკმაოდ დიდი ბიუჯეტის და მეტად ავთენტური ინსცინირებიდან. მუსიკა ფილმისთვის, ბაბელსბერგის ბრწყინვალე კინოორკესტრმა ჩაწერა.

 

– როგორ ქმნით კომპოზიციებს, რა ფაქტორი მოქმედებს მუსიკის შექმნაში – რომანტიკოსი ხართ?

 

ძალიან რომანტიკოსი ვარ და ეს ჩემ მელოდიებშიც ჩანს. უფრო კონკრეტულად – ოპტიმისტი რომანტიკოსი, ძალიან მეხმარება ფილმის სცენარები ინსპირაციაში.

 

Нет описания.

 

სანამ ფილმზე, კონკრეტულ სცენებზე და მუსიკალურ მასალაზე დავიწყებ რეჟისორთან ერთად მოლაპარაკებას, სწორედ, სცენარის წაკითხვის დროსვე იწყებენ წინადადებები მუსიკალურ წინადადებებად, მელოდიებად გადაქცევას.

 

– უამრავი ცნობილი ქართველი მოღვაწეობს გერმანიაში – გაქვთ მათთან კონტაქტები, საქმიანი ურთიერთობები?

 

დიახ, ბევრ ქართველ ხელოვანთან, მუსიკოსთან, თეატრის და კინო რეჟისორთან მაქვს საქმიანი კონტაქტი. ახლაც კი, წესით უნდა ვმუშაობდე, გერმანიაში მოღვაწე, ქართველ რეჟისორ გიორგი აბაშიშვილის გერმანული მხატვრული ფილმის მუსიკაზე, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა პროდუქციას, გადაღებების მხრივ.

 

პანდემიის გამო, ზოგადად, კინოინდუსტრია და არა მარტო, ხელოვნების თითქმის ყველა სფერო, მეტად კრიტიკულ და მტკივნეულ გზას გადის!

 

– სიმართლე გითხრათ, გამაოცა თქვენმა კულინარულმა შესაძლებლობებმა. ერთ-ერთ კომენტარში წერთ, რომ როცა საქართველოში ჩამობრძანდებით, თქვენ მიერ დამზადებულ ტყემალს და ყველს ჩამოიტანთ. როგორც ჩანს, ყველის დამზადების ტექნოლოგიებიც შესწავლილი გაქვთ…

 

კულინარია, ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ჰობია. ხშირად დამღლელი შეხვედრების, რეპეტიციების, სტუდიაში გატარებული მრავალი საათის შემდეგ, სამზარეულოსთან მისვლა და რომელიმე ქართული კერძის მომზადება, ერთგვარი თერაპიაა. ამ დროს, არის სრული სიჩუმე – მუსიკის გარეშე.

 

რაც შეეხება ყველს, დამოკიდებული ვარ მასზე. ყველის გარეშე, ვერ ვძლებ. განსაკუთრებით, ქართული ყველი მიყვარს. ჰოდა, წავედი ახლომდებარე ფერმაში, მიუნჰენთან ახლოს და შევიძინე რძე.

 

საქართველოდან დიდი ონლაინ რეკომენდაციების შემდეგ, შედეგმაც არ დააყოვნა. გამოვიდა ფანტასტიკური ყველი. ასევე ტყემალიც და არაერთი ქართული დელიკატესი.

 

– ყველაზე მეტად, რომელი ქართული კერძის დაგემოვნება გიყვართ?

 

ბავშვობიდან, ყველაზე მეტად, საცივი და ბაჟე მიყვარს. შემიძლია, ყოველ დღე და დღეში სამჯერ მივირთვა, რომ არა მისი კალორიების რაოდენობა.

 

თუმცა, ზოგადად, კერძების მომზადების პროცესი უფრო მომწონს და მეგობრების გამასპინძლება, ვიდრე თვითონ დაგემოვნება.

 

– როდის გეგმავთ პირველი სანოტო წიგნის პრეზენტაციას?

 

როგორც კი შესაძლებელი გახდება კონცერტების ჩატარება, განსაკუთრებული შეზღუდვების გარეშე, აუცილებლად გაიმართება ჩემი კინომუსიკის, პირველი საფორტეპიანო კრებულის პრეზენტაცია-კონცერტი, რომელიც პრინციპულად მინდა დაიბეჭდოს და გაიმართოს საქართველოში, კერძოდ, თბილისში.

 

ინტერესი და ნოტებზე მოთხოვნა დიდია, რაც ძალიან მახარებს, თუმცა დამოკიდებული ვართ იმაზე, თუ როდის დავამარცხებთ პანდემიას – ყველა ერთად, ერთმანეთის გონიერებით!

 

– რთულია თქვენთვის ცხოვრება, საქართველოს გარეშე?  

 

პანდემიამდე, საქართველოს გარეშე ცხოვრება, არ მაწუხებდა, რადგან საკმაოდ ხშირად ვიმყოფებოდი, როგოც პროფესიული, ასევე პირადი ვიზიტებით. ბოლო ერთი წელია, აღარ ვყოფილვარ სამშობლოში და რა თქმა უნდა, ეს მაწუხებს.

 

თუმცა, ჩემი მოქალაქეობრივი მორალიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, ასეთ რთულ პერიოდში, აქეთ-იქით ფრენა. იმედია, მალე ჩაივლის ეს ქაოსი და ისევ უპრობლემოდ შევძლებთ გადაადგილებას.

 

– რა გეგმები გაქვთ საქართველოში?

 

რა თქმა უნდა, მომავალში ჩემი გეგმები, კონცერტები, კინო საღამოები, დაკავშირებულია საქართველოსთან. თუმცა არ ვარ დარწმუნებული; თუ მოხდება, ჩემი, როგორც ხელოვანის განვითარება…

 

გარდა ამისა, არის ფინანსური მხარეც, რაც ნიშნავს, რომ ხელოვანმა, თავისი საქმით უნდა შეძლოს, საკუთარი ცხოვრების, ოჯახის დაფინანსება, რაც რიგ ქვეყნებში და სამწუხაროდ საქართველოშიც, ჯერჯერობით, არ არის შესაძლებელი, ხელოვანების წარმატებების და ჯილდოების მიუხედავად.

 

თუმცა, დარწმუნებული ვარ, ძალიან დიდ დროს გავატარებ საქართველოში და ვისურვებდი უფრო მეტ, სამომავლო ქართულ პროექტს და ფილმს, რადგან დიდი სურვილი მაქვს, ახალ ქართულ კინო რეალობაში, ჩემი მცირედი წვლილი შევიტანო.

 

– თქვენი წარმატების ფორმულა…

 

წარმატება მუსიკაში, ვფიქრობ, უპირველეს ყოვლისა არის ჰარმონიაში ყოფნა შენ მსმენელთან და კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, საკუთარ თავთან, რადგან, როგორც ყველა ხელოვნების სფეროში, ასევე მუსიკაშიც ნატურალურობა, ავტენტურობა, პროფესიონალიზმი, გუნდური პრინციპით მუშაობა, რაც კინო ინდუსტრიაში უმნიშვნელოვანესია, განსაზღვრავს შენ წარმატებას, შენზე მოთხოვნას, როგორც ხელოვანის, ასევე შენი ხელოვნების რეალიზაციას.

 

ალბათ კიდევ ის, რომ არ ვუშინდები მელოდიებს, დო მაჟორს, თეთრ კლავიშებს. ვცდილობ, მუსიკალურად ვისაუბრო ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე, მოვყვე კადრს მიღმა ისტორიები, როომლებიც უმეტეს შემთხვევაში, კარგად სრულდება.

 

– რას ურჩევთ ახალგაზრდა შემოქმედებს? 

 

თუ საზღვარგარეთ აპირებენ სწავლის გაგრძელებას, პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, აუცილებლად უნდა იცოდნენ, ინგლისურთან ერთად ის უცხო ენა, რომელ ქვეყანაშიც სურთ სწავლა, კარიერის გაკეთება.

 

ეს ერთგვარი პატივია, იმ ქვეყნის და ხალხის მიმართ, სადაც ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპს გადიხარ და ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, თვითდამკვიდრების და ინტეგრაციისთვის.

 

კარგი საბაზისო, თუ უმაღლესი განათლება, რაზეც შეძლებ „დააშენო“, გერმანიაში მიღებული სწავლა-განათლება. მომავალ პროფესორთან, აუცილებლად დაამყარო ურთიერთობა, თუნდაც მიმოწერის გზით, რადგან მთავარი სპეციალობის საგანი, ბევრ რამეს წყვეტს სტუდენტის აყვანის საკითხში.

 

სწავლის პერიოდში, შეძლებისდაგვარად, დამატებითი ვორქშოფები, სემინარები, კონტაქტები! კონტაქტები! კონტაქტები! რადგან სწორედ ეს განსაზღვრავს სწავლის დასრულების შემდეგ, კარიერულ წინსვლას!

 

„ძებნა ბედნიერების – რომელსაც ადამიანები გამუდმებით ვეძებთ, ვპოულობთ კიდეც, მერე ვეღარ ვამჩნევთ, ვკარგავთ, გვავიწყდება… მერე ისევ ვპოულობთ და გრძელდება ასე…“

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X