
ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალის დაჭრასა და კაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
45 წლის კაცი, რომელმაც უცხო ქვეყნის მოქალაქე დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე დაჭრა, თავად საქართველოს მოქალაქე იყო. დაჭრილი ქალი კი 35 წლამდე, ბელარუსის მოქალაქეა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მიზნით იმყოფებოდა ის საქართველოში.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები წარსულში ერთმანეთს იცნობდნენ და შემთხვევაც პირად კონფლიქტს მოჰყვა. მამაკაცმა ქალს ჭრილობა ზურგიდან მიაყენა.
გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელის, რუსუდან ქამადაძის თქმით, დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
„სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ არის შემოყვანილი დილის 07:55 წუთზე 33 წლის ქალბატონი ზურგის არეში მიყენებული ჭრილობით, რომელიც არის გულმკერდის ღრუში შემავალი. ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება, დრენირება ფილტვის. ამ წუთში იმყოფება გადაუდებელი თერაპიის განყოფილებაში მკურნალობის გაგრძელების მიზნით. მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია,” – განაცხადა გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელმა, რუსუდან ქამადაძემ.
ინციდენტი გამთენიისას მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 19.108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ასევე წაიკითხეთ სხვა სიახლეები და სტატიები ⇓






















