
ალაპარაკებული მეთ გალა, დამსახურებული მოდის ოსკარი, ქართული ტანისამოსით შემოსილი ჰოლივუდის ვარსკვლავები და არაორდინალური სტილი – რა ხანია დემნა გვასალიამ მსოფლიო მოდაში თავისი სიტყვა თქვა.
მიუხედავად ამისა, ბევრმა არ იცის, რომ დემნას წარმატებაში დიდი წვლილი მის უმცროს ძმას მიუძღვის. ქართველ დიზაინერს საერთაშორისო აღიარება სწორედ გურამ გვასალიასთან ერთად შექმნილმა ბრენდმა სახელწოდებით „ვეტმანმა“ მოუტანა.

ძმები სოხუმში დაიბადნენ. მათმა ახალგაზრდობის წლებმა აფხაზეთის ომის დროს გაიარა. გურამი ინტერვიუებში ხშირად აღნიშნავს, რომ ამ პერიოდმა მისი პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა და ბევრი რამის დაფასება ასწავლა.
„როგორც ომის დროს გაზრდილ ბავშვს, ცხოვრებაში ბევრად ცუდი რაღაცებიც მინახავს. ოჯახთან გატარებული დამატებითი დრო საჩუქარია. ადამიანები ისეთი დატვირთულები გავხდით, რომ დაგვავიწყდა, ზოგჯერ ნაკლები არის მეტი. ალბერტ აინშტაინმა ერთხელ თქვა, ცხოვრების ორი გზა არსებობს, პირველი – იფიქრო, რომ არაფერია სასწაული, მეორე – იფიქრო, რომ ყველაფერი სასწაულია. ცხოვრება სასწაულია. მოდი ყველაფერს ასე შევხედოთ“, – ამბობს გურამი.

აფხაზეთის ომის შემდეგ გვასალიების ოჯახი მცირე ხნით თბილისში ცხოვრობდა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა. დემნას მსგავსად, გურამიც მალევე მიხვდა, რომ ხელოვნება ძალიან იზიდავდა.
„თავიდან ევროპულ ბიზნესსკოლაში, ეკონომიკური სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე, შემდეგ ბიზნესს სკოლაში ვსწავლობდი. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებთან “ვმეგობრობ”, შინაგანად მქონდა განცდა, რომ საბანკო საქმიანობა მალე მომბეზრდებოდა. მალევე მივხვდი, რომ უფრო კრეატიული სფერო მინდოდა. ამიტომ გადავბარგდი ლონდონში და მოდის კოლეჯში ჩავაბარე. შემდეგ დავბრუნდი პარიზში და გადავწყვიტე დიდ და მცირე ბრენდებს წინსვლასა და განვითარებაში დავხმარებოდი და მათთვის ამ თემაზე კონსულტაციები ჩამეტარებინა“ ,- ამბობს გურამი.
2014 წელს გურამმა ძმასთან ერთად ცნობილი ბრენდი VETEMENTS-ი დაფუძნა. მოდის სფეროთი გადატაცებული ძმები გვასალიებს კოლაბორაცია წარმატებული აღმოჩნდა და 2016 წელს Vetements-ი საერთაშორისო ლუქს-კლასის ბრენდად აღიარეს.

„Vetements-ი შემოქმედებითი ადამიანების კოლექტივია, ჩვენ ვაგრძელებთ საზღვრების გაფართოებას, ბრენდის ჭეშმარიტი ფასეულობების პატივისცემით და მხარს დავუჭერთ სუფთა შემოქმედებას და ნიჭს“, – აცხადებს გურამ გვასალია.
გურამი ახლაც ძმების მიერ ერთად დაარსებული ბრენდის Vetements-ის გენერალური დირექტორია. ამბობს, რომ ხშირად ენატრება საქართველო:
„მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ძალიან ვამაყობ ჩემი წარმომავლობით. ეს მაძლევს ძალას და გადარჩენის ძლიერ ინსტიქტს“.

მოდის სფეროში აქტიური მოღვაწეობის პარალელურად, ძმისგან განსხვავებით, გურამ გვასალია სამწერლობო საქმიანობასაც მისდევს. ის ავტორია წიგნისა Size Zero: A Guide To Spiritual Management. როგორც თავად ამბობს, ამ წიგნით უნდა ადამიანებს რეალური სამყაროს შეცნობაში დაეხმაროს:
„არასდროს ეცადოთ ვინმეს დაემსგავსოთ. გახსოვდეთ, რომ პატენტი რაც არ უნდა კარგი იყოს, ის ორიგინალს ვერასდროს ჩაააცვლებს. იყავით ის, ვინც ხართ, დამიჯერეთ, ამაზე მაგარი არაფერია“.

ასევე დაგაინტერესებთ:






















