
ექიმი, რომელსაც კორონავირუსით ინფიცირება სწრაფი ტესტით დაუდასტურდა, კავკასიის მედიცინის ცენტრის თანამშრომელია.
მედიკოსს კორონავირუსი სწრაფი ტესტის მეშვეობით დაუდასტურდა, თუმცა 100%-იანი სიზუსტისთვის მას პისიარ ტესტი ჩაუტარდა, პასუხი კი ლუგარის ლაბორატორიიდან მოგვიანებით იქნება.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ფაქტს ადასტურებს და აღნიშნავს, რომ ელოდებიან PCR ტესტირების პასუხს.
„მას მხოლოდ სწრაფი ტესტი აქვს ჩატარებული და მას არ განვიხილავ, როგორც დადასტურებულ შემთხვევას. ჩვენთან გაკეთდება მოლეკულური ანალიზი, ანუ PCR ტესტირება და თუ დადებითი პასუხი მივიღეთ, მხოლოდ მაშინ ვიტყვი, რომ ჩემი კოლეგა არის დადასტურებული შემთხვევა. ამიტომ არ გეუბნებით, რომ დადასტურებულია“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 130 შემთხვევაა დაფიქსირებული.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები






















