
21 მარტს ფეისბუქმომხმარებელმა კობა კუპრაშვილმა ვიდეო გაავრცელა, სადაც გერმანულ ენაზე მოსაუბრე მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე გადაადგილდება, ცარიელ დერეფნებსა და პალატებს იღებს და აცხადებს, რომ საქართველოში პანდემია დასრულდა და კოვიდინფიცირებული პაციენტები აღარ არიან. ხოლო ევროპაში უარყოფილი „ასტრაზენეკას“ ვაქცინა საქართველოში შემოიტანეს.
როგორც ვიდეოს ავტორი აცხადებს, ვიდეო 2021 წლის 15 მარტს არის გადაღებული.
აღნიშნულ ვიდეოს „მითების დეტექტორი“ გამოეხმაურა. მათი განცხადებით, ვიდეოში მოსაუბრე მამაკაცი გერმანელი ბლოგერი ბილი სიქსია.
ბილი სიქსი გერმანელი ულტრამემარჯვენე ჟურნალისტი და ანტივაქსერია.
“2012 წლის აგვისტოდან ის რადიკალურად კონსერვატიული გამოცემისთვის JUNGE FREIHEIT სირიის სამოქალქო ომს აშუქებდა. 2012 წლის ბოლოს სირიის მთავრობამ სიქსი Billy Six – JUNGE FREIHEIT ტერორიზმისა და საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დააკავა. 3 თვის შემდეგ სიქსი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ფაიზალ მაკდედის განცხადებით, გათავისფულებული ჟურნალისტი დამასკოში რუსეთის ელჩს გადააბარეს.
სიქსის გათავისუფლების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე JUNGE FREIHEIT-ის რედაქტორმა გერმანიის წარმომადგენლების გარდა, გაწეული ძალისხმევისთვის რუსეთის ხელისუფლებასაც დიდი მადლობა გადაუხადა.
2018 წლის დეკემბერში ბილი სიქსი კიდევ ერთხელ, ამჯერად ვენესუელაში შპიონაჟისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ზონების დარღვევის ბრალდებით დააკავეს. სიქსს სამხედრო აღლუმებისა და პრეზიდენტ მადუროს გამოსვლების დროს არმიის შემადგენლობისთვის ფოტოების გადაღებას, ასევე კოლუმბიის შეიარაღებულ რევოლუციურ ძალებთან (FARC) კავშირს ედავებოდნენ. ვენესუელის კანონმდებლობის მიხედვით, სიქსს 28 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა. JUNGE FREIHEIT-ის ორგანიზებით კამპანია სახელწოდებით “Free Billy Six” დაიწყო. თუმცა სიქსის გათავისუფლებაში დიდი როლი კვლავ რუსულმა დიპლომატიამ შეასრულა. 2019 წლის მარტში ბილი სიქსი გათავისუფლდა და გერმანიაში დაბრუნდა. თავის პირველ განცხადებაში სიქსმა აღნიშნა, რომ გერმანიის საელჩომ მის დასახმარებლად არაფერი გააკეთა, ხოლო მამამისმა მადლობა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს გადაუხადა. უფროსი სიქსის თქმით, ჟურნალისტი სწრაფად სწორედ ლავროვის დახმარებით გაათავისუფლეს
“- წერს მითების დეტექტორი.
როგორც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, კადრები მართლაც მათ კლინიკაშია გადაღებული, თუმცა მეხუთე სართულზე, და კადრები გადაღებულია არა კოვიდპალატებში, არამედ დიალეზის განყოფილებაში. კოვიდ კლინიკა კი მეოთხე სართულზეა. რეანიმაციული პაციენტები კი მეორე სართულზე იმყოფებიან.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ამ ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ როგორ შეძლო აღნიშნულმა პირმა კლინიკაში შესვლა.
„მიმდინარეობს მოკვლევა, იყო ტექნიკური ხარვეზი, ამიტომ აქამდე ვერ შევძელით კამერების გახსნა. ამ ეტაპზე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლა ხდება.
დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა განვიხილავთ ორ ვერსიას, პირველი, როცა დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იყო ბევრი ხალხი, ჟურნალისტებიც და მაგ დროს მოახერხა შესვლა. მეორე ვერსიით, არსებობს შესასვლელი პირველი სართულის სარდაფიდან, ე. წ. „ბინძური შესასვლელი“, საიდანაც კოვიდპაციენტები შეყავთ. იქ დაცვა არ არის, კარი იკეტება და მხოლოდ გარკვეული მანიპულაციების შედაგად არის შესაძლებელი მისი გახსნა“, – განუცხადეს “პრაიმტაიმს” რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს პრესსამსახურში.
(R)






















