
გუშინ, კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ის შიდა ქართლის რეგიონიდან იყო, გარდაცვლილი 38 წლის ხათუნა ქოჩორაშვილია.
როგორც “პრაიმტაიმს” დაღუპულის ახლობელმა განუცხადა, ხათუნა ქოჩორაშვილი მასწავლებელი იყო, ის Covid-19-ით დაინფიცირდა, მდგომარეობის გართულების შემდეგ, ის მარნეულის კლინიკაში იწვა, მალევე მისი მდგომარეობა გართულდა და ოჯახის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დედაქალაქში გადმოყვანა დაგვიანებული აღმოჩნდა.
“მარნეულის კლინიკაში იწვა და თბილისში არ გადაყავდათ, სანამ ოჯახმა ძალიან არ იაქტიურა, მერე უკვე დამძიმებული იყო. კორონავირუსით დაინფიცირდა, თანმდევი არცერთი დაავადება არ ჰქონია, ჯანმრთელი იყო. მას სამი პატარა შვილი ობლად დარჩა…” – ამბობს ახლობელი.
ხათუნა ქოჩორაშვილი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯორჯიაშვილში ცხოვრობდა და საჯარო სკოლაში მუშაობდა, დაწყებითი კლასის პედაგოგი იყო.
ახალგაზრდა ქალის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში მისი ახლობლები ეხმაურებიან:
“ხათო, რატომ დანებდი? ხომ მითხარი, მე მაგდენი დღე აქ ვერ გავჩერდებიო და მალე უნდა გავიდე,არაფერი მაწუხებს, მარტო სიცხე მაქვსო…
რატომ შეწყვტე ბრძოლა? არ შეგეშინდეს, 2 დღეში გამოვდგები და მე მივხედავ ბებიაშენსო… სად არის შენი დაპირება, სად? მოვდიოდი და მანდ რჩებოდა მთელი ჩემი ფიქრები.
ჩემს საწოლში დაგაწვინეს, ამ საწოლიდან ყველა ჯანმრთელი გავიდათქო, შენ რატომ გადაწყვიტე მასე, რატომ…
შენ ხომ მალე უნდა დაბრუნებოდი შენს ოჯახს…
ძალიან მტკივა გული ხათო, სკოლაში ყველა შესვენებაზე გელოდებოდი ჩემს ოთახში, ახლა ძალიან გამიჭირდება ამ რეალობასთან შეგუება…
ვუსამძიმრებ ოჯახს, სკოლას, სოფელს. ყველას დანაკარგი ხარ ხათო… ნათელში იყოს შენი სული.” – წერს შონდი კიკოლაშვილი.






















