
მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ გაჭედილთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილობრივი მკვიდრი სოფელ ნახუნაოდან მერაბ სიგუა მანქანაში ჩაიწვა, მასთან ერთად მანქანაში 38 წლის ვაჟა კორსავაც იმყოფებოდა. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მარტვილის საავადმყოფოში გადაიყვანა.
„გადავუღეთ რენტგენი, აქვს დაჟეჟილობები ბეჭის არეში. ვაკვირდებით დინამიკაში და მალე გაეწერება. როგორც თვითონ ამბობს, არც ერთ ტაძარში არ მსახურობს, თუმცა სასულიერო პირის ანაფორა აცვია“,- უთხრა „პრაიმტაიმს“ მარტვილის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გიორგი ხორავამ.
გავრცელებული ცნობით, ავტომობილი სავალი გზიდან გადავარდა და ცეცხლი წაეკიდა. მგზავრები სოფელ გაჭედილიდან დიდი ჭყონის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ავტორი: თეა შონია























