00:46 | 2021-10-05 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ვინ არის ქმრის მიერ მოკლული ქალი, რომელსაც ოთხი შვილი დარჩა – კრიმინალური ისტორია

ვინ არის ქმრის მიერ მოკლული ქალი, რომელსაც ოთხი შვილი დარჩა – კრიმინალური ისტორია

ახლა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს გიორგი ჯანაშვილი იხდის. ის უკვე 4 წელია პატიმრობაში იმყოფება და მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის საკანში კიდევ 7 წელს გაატარებს. წყვილს ერთი შვილი ჰყავდა.

 

“პრაიმტაიმი” კრიმინალურ ისტორიაზე მოგითხრობთ, რომლის მსხვერპლი კიდევ ერთი ქალია…

 

ოთხი შვილის დედა 39 წლის მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი, ყოფილმა ქმარმა 2017 წლის 25 აპრილს მოკლა. ის მეუღლემ რკინის მავთულით გაგუდა. ერთდღიანი ძებნის შემდეგ, ქალის ცხედარს მამამთილის სახლში მიაკვლიეს – ფემიციდის ამ უმძიმესი შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ქალთა მიმართ ძალადობის მონიტორინგის ცენტრის არქივი ინახავს.

 

სასამართლოს მასალების მიხედვით, 42 წლის გიორგი ჯანაშვილმა ყოფილი ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა. პოლიციამ ის გლდანის მეოთხე მიკრო-რაიონში, შენობაში შესვლის მომენტში დააკავა. აგვისტოში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი ჯანაშვილს მკვლელობისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

 

მკვლელობამდე 5 დღით ადრე მირანდა (თათია) ვაჩეიშვილმა შვილები ბაკურიანში წაიყვანა

 

სასამართლოს ცნობაში ვკითხულობთ: „ღია სასამართლო სხდომაზე, დაცვის ქვეშ მყოფი ჯანაშვილი ბრალდებებში დამნაშავედ ცნეს. გარდა ამისა, დაცვის მხარეს ეჭვგარეშეა, რომ ნანახი ჰქონდა ფაქტობრივი ნიუანსები, რომლებიც ბრალმდებლის მიერ მოტანილ ნივთმტკიცებებში არსებობდა.”

 

სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და მხარეთა პოზიციების მოსმენის შემდეგ, ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

 

ვაჩეიშვილის პირველი ქმარი დავით ხოსროშვილი რამდენიმე წლის წინ სახლიდან წავიდა და მღვდლად ეკურთხა, რის შემდეგაც ქალი ბავშვებს მარტო ზრდიდა. სასულიერო პირი ამ შემთხვევამდე ცოტა ხნით ადრე მარტყოფის მამათა მონასტერში გარდაიცვალა, სადაც მესამე სართულის კიბიდან შემთხვევით დაგორდა და თავის ტრავმა მიიღო.

 

ნინო, ნატალია და ირაკლი ხოსროშვილები ვაჩეიშვილის შვილები არიან პირველი ქორწინებიდან. ჯანაშვილი მირანდა ვაჩეიშვილმა 2013 წელს ინტერნეტით გაიცნო და მალევე ურთიერთობა დაამყარა.

 

 

 

შვილი შეეძინათ – თამარ ჯანაშვილი. ერთმანეთს მკვლელობამდე ორი თვით ადრე დაშორდნენ. ოჯახის წევრების თქმით, ​ცოლ–ქმარს შორის კონფლიქტი მალევე დაიწყო და ქალი შიშის ქვეშ ცხოვრობდა.

 

მისი მეგობრის, ქეთი პაპუნაშვილის თქმით, მკვლელობას წინ ოჯახური ძალადობის რამდენიმე შემთხვევა უძღოდა. ქეთი პაპუნაშვილი ასევე დასძენს, რომ პოლიციამ ოჯახური ძალადობის ფაქტების შესახებ იცოდა, მაგრამ სწორი რეაგირება არ მოუხდენია.

 

მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი მეორე მეუღლესთან, გიორგი ჯანაშვილთან ერთად

 

მისი მტკიცებით, ერთხელ კაცმა სახლში საწვავი მიიტანა და სახლის გადაწვა მოინდომა მაშინ, როცა მისი ცოლი და შვილი შინ იყვნენ. მისივე თქმით, პოლიციამ გამოძიება დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ ბრალდება მსუბუქი “აღმოჩნდა”.

 

„მკვლელი მზად იყო, მოეკლა თავისი ექვსი თვის შვილი და ცოლი, როცა ცეცხლი სახლს წაუკიდა და როცა ისინი სასწაულით გადარჩნენ, საქმე კი კერძო ქონების ხელყოფის მუხლით აღიძრა. ამ სახელმწიფომ არ დაიცვა მირანდა. სხვა შემთხვევაში, ის დღეს ცოცხალი იქნებოდა და არ დაგვრჩებოდა ოთხი დაობლებული ბავშვი.“ – ამბობს მეგობარი.

 

მოკლულის უფროსმა შვილმა 19 წლის ნინომ მკვლელობის შესახებ ბაბუასგან გაიგო, ბაბუამ კი პოლიციისგან, როცა მას გვამის ამოსაცნობად.

 

 

ნინო იმ დღის დეტალებს იხსენებს:

 

 

“დედაჩემი მეგობრების სანახავად წავიდა. შევეცადეთ დაგვერეკა, მაგრამ დაახლოებით ორ საათში ტელეფონი უკვე გათიშული იყო. მამაჩემის გარდაცვალების მეორმოცე დღე იყო და მარტყოფში წასვლას ვგეგმავდით სულის მოსახსენიებლად. მეორე დღეს სახლში მივაკითხე, მაგრამ კიდევ ვერ მივაგენი, მონასტერში ბოლოს მის გარეშე წავედით. რამდენიმე საათში ბაბუამ დარეკა და ამ ტრაგედიის შესახებ გვითხრა.

 

როგორც გაირკვა, ორი დღით ადრე გიორგი დედაჩემისა და თავიანთი შვილის სანახავად მისულა. ამის შესახებ არაფერი ვიცოდით. დედამ ბავშვი აჩვენა, ერთმანეთს ისედაც მხოლოდ ბავშვის მიზეზით ხვდებოდნენ ხოლმე, სხვა ურთიერთობა მასთან აღარ ჰქონდა, ის კაცი კი ბავშვით დედაზე მანიპულირებდა. ქალიშვილის თქმით, დედამისი მუდმივად შიშით ცხოვრობდა, რადგან ჯანაშვილი ხშირად სცემდა. ამის გამო რამდენჯერმე პოლიციასაც მიმართა, მაგრამ – ამაოდ.

 

ერთხელ თვითონ ნინოც კი გახდა ჯანაშვილის ძალადობის მსხვერპლი.

 

“მეც მცემა, მაშინ დედა ცხრა თვის ორსული იყო. რაღაცაზე წაკამათდნენ და გიორგიმ ქუჩაში დაუწყო ცემა. ჩემმა დამ ეს ამბავი აივნიდან დაინახა და კიბეებზე დაეშვა. გიორგიმ ისე მაგრად დამარტყა, სუნთქვა შემეკრა. დედა შველას ითხოვდა, მაგრამ… პოლიციას მეტი ყურადღება რომ გამოეჩინა, მკვლელი ციხეში იჯდებოდა, თანაც დიდი ხნის წინ.“ – ამბობს ნინო.

 

პოლიცია ამტკიცებს, რომ ყოველთვის სწორად რეაგირებდა შემოსულ საჩივრებზე და შემაკავებელ ორდერსაც აწესებდა. მოკლულის შვილი კი ამბობს, რომ ორდერი უსაფრთხოების გარანტიას მათ არ უქმნიდა.

 

“მიუხედავად იმისა, რომ შემაკავებელი ორდერი ხუთჯერ ან მეტჯერაც იყო გამოწერილი, ამან მაინც ვერ გვიშველა. ელოდებოდა ორდერის ვადის გასვლას და ბრუნდებოდა. პოლიციას ვიძახებდით, მიჰყავდათ, მაგრამ მერე ისევ უკან მოდიოდა.” – ამბობს მოკლული ქალის შვილი.

 

მირანდა (თათია) ვაჩეიშვილი

 

სასამართლოს დოკუმენტების მიხედვით, ჯანაშვილი რამდენჯერმეა ნასამართლევი. 2013 წელს, ის საფრანგეთში დააკავეს და დეპორტაცია გაუკეთეს. მსხვერპლის ქალიშვილი ამბობს, რომ მის ბრალდებებს შორის არალეგალური ნარკოტიკის საკითხიც ფიგურირებდა.

 

„აქაც, ნარკომოხმარება და ქურდობა არ შეუმცირებია, დედამ სამსახური მეოთხე ორსულობის დროს დაკარგა და ოჯახის ერთადერთი შემოსავალი მისი 80 წლის მამის პენსია იყო. ძალიან აქტიურობდა სოციალურ ქსელში გახსნილ ჯგუფებში, რომლებშიც სხვა დედებიც იყვნენ. ის ქალები მოკლულს რამდენჯერმე დაეხმარნენ კიდეც. სხვა ჯგუფებში ტანსაცმელს ყიდდა.

 

ზოგჯერ საკუთარი ოჯახის სიღარიბის ამსახველ ფოტოებს სხვებსაც უზიარებდა ამ ჯგუფებში. მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე მან ამ ჯგუფში დაწერა, თუ როგორი მადლიერი იყო მათი დახმარების, და რომ ჯგუფის სხვა წევრი დედები რომ არა, არც იცოდა, როგორ უნდა გაეტანა თავი, რადგან მისი ნაბოლარა შვილის მამა საერთოდ არაფერს აკეთებდა.

 

ბავშვები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან, ფსიქოლოგი სჭირდებათ. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ უნდა ექმნებოდეს იმის გამო, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, ბრალდებულს მათთვის ზიანის მიყენება კვლავაც შეუძლია.“ – ამბობს მოკლულის მეგობარი.

 

სახალხო დამცველის ოფისის მონაცემებით, 2017 წლის პირველ ცხრა თვეში 22 ქალია მოკლული. 21 ფემიციდის შემთხვევა ფიქსირდება 2016 წელს, 18 ასეთი შემთხვევა – 2015 წელს, 2014 წელს კი – 35.

 

2018 წლის თებერვლის თვეში პოლიციამ ოჯახური ძალადობისთვის 14 ადამიანი დააკავა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X