
თითქმის ნახევარი წელია “ნამახვანჰესის” მშენებლობის საწინააღმდეგოდ პროტესტი გრძელდება.
ყველა პროტესტს და აქციას, როგორც წესი, თავისი ლიდერი და გამორჩეული სახე ჰყავს, ამ შემთხვევაში კი ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციები ბევრისთვის ახალგაზრდა აქტივისტთან, რიონის ხეობის მკვიდრ ვარლამ გოლეთიანთან ასოცირდება.

ვარლამმა საზოგადოებისგან დიდი სიყვარული დაიმსახურა, მას ბევრი “ჩვენი დროის გმირს” უწოდებს, გულშემატკივრებმა ის ცნობილი ტელესერიალის “სამეფო კარის თამაშების” მთავარი გმირს, ჯონ სნოუს როლის შემსრულებელს, კიტ ჰარინგტონსაც კი შეადარეს.
ნახეთ ვიდეო: ვინ არის რიონის ხეობის მცველი
შეგახსენებთ, რიონის ხეობაში, კერძოდ, ჯერ სოფელ ჟონეთსა და შემდგომ ნამოხვანში, ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე პროტესტი თითქმის ნახევარი წელია გრძელდება.

ორი მასშტაბური აქცია ჩატარდა ქუთაისში და აქტივისტები პროტესტის დედაქალაქში გაგრძელებასაც არ გამორიცხავენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან მშენებლობის შეჩერებას და თურქულ კომპანია „ენკასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების გაუქმებას, თავად თურქული კომპანიისგან კი რიონის ხეობიდან გასვლას მოითხოვენ.

ნამახვანის კასკადის პროექტი გულისხმობს ორი დამოუკიდებელი ჰესის მშენებლობას რიონის ხეობაში: ქვემო ნამახვანის ჰესი (333მვ) და ზემო ნამახვანი (100მვ). კასკადის წლიური გამომუშავება – 1,500.00 გგვტ.სთ, ეს წლიური მოხმარების 12%-ია.






















