16:32 | 2021-10-22 ავტორი: Prime Time

ვინ არის სინამდვილეში ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთა

ვინ არის სინამდვილეში ექიმი, რომელმაც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი გაუკეთა

რამდენიმე დღის წინგამჟღავნდა, რომ თბილისში ათეულობით ადამიანი სამედიცინო თაღლითობის მსხვერპლი გახდა. არსებული ინფორმაციით, „გოგელიას” კლინიკის მედპერსონალმა სეზონური აცრის მსურველებს დაპირებული პრეპარატის „ვაქსიგრიპის” ნაცვლად, C ვიტამინი გაუკეთა.

 

პრეპარატს, რომლის ფასიც სააფთიაქო ქსელებში 3 ლარამდე მერყეობს, 75 ლარად ასაღებდნენ.

 

კლინიკაში გრიპისგან დაცვას რისკ ჯგუფის 35-მდე მოქალაქეს დაჰპირდნენ. მათ შორის იყვნენ მცირეწლოვნები, 60 წელს გადაცილებული პირები და ონკოპაციენტები. ეჭვები კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ერთ-ერთმა მოქალაქემ ორგანიზმში შეყვანილი ინიექციის შეფუთვის დათვალიერება მოითხოვა.

 

40-მდე ადამიანს ე.წ. აცრა ექიმმა გიორგი ჩენდლერმა გაუკეთა, რომელიც არსებული ინფორმაციით, ამავე დროს „გოგელიას“ კლინიკის ხელმძღვანელია.

 

ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციის სააგენტოს ინფორმაციით, ჩენდლერს 2020 წელს 4 ყალბი სერტიფიკატი აღმოუჩინეს და მას საქმიანობის უფლება აეკრძალა. მის კლინიკას იმუნიზაციის პროცესის განხორციელების უფლება არ ჰქონდა.

 

ჰამილტონი, გოგელია, ჩენდლერი

 

შეიძლება იყოს 1 ადამიანი-(ი)ს გამოსახულება

 

ამ მომენტისთვის ჯერ კიდევ დაუდგენელია, ვინ არის სინამდვილეში ექიმი გიორგი ჩენდლერი. როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია 2013 წელს ის, თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლიდა. თუმცა, მოსწავლეებთან კონფლიქტის გამო, ერთი კვირის შემდეგ გაათავისუფლეს.

 

ჩვენ მისი ყოფილი მოსწავლეც ჩავწერეთ, რომლის სახელსა და გვარს მისივე სურვილით არ დავასახელებთ. რესპონდენტმა ჩვენთან საუბრისას გაიხსენა პიროვნება, რომელიც სხვადასხვა წელს განსხვავებული გვარით ხვდებოდა.

 

„2013 წელს ჩვენთან, სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. თავი გიორგი ჰამილტონად გაგვაცნო. თუმცა, მალევე, დაახლოებით ერთ კვირაში გაუშვეს. კვალიფიკაციის ნაკლებობისა და მოსწავლეებთან კონფლიქტის გამო. რამდენიმე ხნის წინ, ტაქსის მძღოლადაც შემხვდა. 2015 წელს კი, ჩემს მეგობარს კალკულუსში ამეცადინებდა. როგორც შემდგომ გავიგეთ, სალარო აპარატების ბიზნესიც ჰქონდა. მიმდინარე წელს კი, ჩემმა კლასელმა კლინიკაში ნახა. აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე „დირექტორია“.

ამ ფაქტების შემდეგ, მივხვდით, რომ აფერისტია… ჯერ ჰამილტონი იყო, მერე გოგელია, ახლა კი, ჩენდლერი,“- გვიყვება ყოფილი მოსწავლე.

 

პრაიმტაიმმა“ დაკავშირება კლინიკის ხელმძღვანელობასთან სცადა, თუმცა, მითითებული საკონტაქტო ნომერი გათიშულია.

 

შსს-ში კი, განგვიცხადეს, რომ ფაქტთან დაკავშირებით არავინ დაუკავებიათ. გამოძიება 180-ე თაღლითობის მუხლით დაიწყო.

 

ფაქტზე მოკვლევას ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო აგრძელებს.

 

ასევე ნახეთ ვიდეო ⇓ ეკატერინე ტიკარაძე სტუმრად გიორგი ფხაკაძესთან

 

 

სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები:

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X