
თბილისში სამშენებლო კომპანია “ალიანსში” დასაქმებული მუშა, 49 წლის ომეხი ფიფია სიმაღლიდან გადმოვარდა და დაიღუპა.
„ჩვენც გავრცელებული ინფორმაციით გავიგეთ, მერე კომპანიას დავუკავშირდით… ასეთი ტრაგედია დაგვემართა…”, – ამბობს ბიძაშვილი მზია ფიფია.
მეზობლის ვალიდა ქარდავას თქმით, ომეხი მშრომელი კაცი იყო.
„იგი იყო ჩვენი 200-კომლიანი სოფლის თვალი, კეთილი, უბოროტო ადამიანი. ეს სოფლის ტრაგედიაა. იგი იყო მთელი ოჯახის მარჩენალი. ორი სტუდენტი შვილი ჰყავს”, – ამბობს იგი.
შეგახსენებთ, გარდაცვლილი მუშა წალენჯიხის მუნიციპალიტეტ სოფელ მუჟავას მკვიდრია. მას მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
როგორც სოფელ მუჟავაში მერის წარმომადგენელი მამუკა ჩხაპელია აცხადებს,გარდაცვლილის ცხედარს მშობლიურ სოფელში დღეს საღამოს ჩამოასვენებენ.
შსს ცნობით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: თეა შონია






















