
58 წლის ელზა გელაშვილს ოჯახის წევრები და ახლობლები რამდენიმე დღე უშედეგოდ ეძებდნენ. მოგვიანებით, მისი ცხედარი ქალაქ სიღნაღიდან მოშორებით იპოვეს. სამართალდამცველებმა დანაშაული მალევე გახსნეს და ბრალდებული დააკავეს. ის 50 წლის მამუკა ნადირაშვილია, მეტსახელად – მგელძაღლა, რომელიც ციხიდან ერთი თვის გამოსული იყო. მასთან ერთად ასევე დააკავეს მისი თანასოფლელი, გელა ყაჯრიშვილი.
როგორც გარდაცვლილის მული, ელისაბედ გელაშვილი ყვება ელზას სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები ჰქონდა.
„რომ არ გამოჩნდა, მის მთავარ ბუღალტერს დავურეკე. მითხრა, – დღეს პირველ საათზე წავიდა სამსახურიდანო. ტელეფონიც გათიშული იყო, ამიტომ ძალიან შევშფოთდი. ვიფიქრე, რაღაც უბედური შემთხვევაა-მეთქი. წნორიდან სიღნაღამდე შვიდ კილომეტრს ხშირად ფეხით გადიოდა, მანქანა ხომ არ დაეჯახა-მეთქი?!. ჩემს ძმასთან მივედი და ერთად წავედით ელზას საძებნელად. ამ დროს ჩემმა ბიძაშვილმა დამირეკა, – მეც გავიკითხე და ერთ ჩვენს ნაცნობ ტაქსის მძღოლს 13 საათსა და 20 წუთზე ელზა წნორის გაჩერებაზე უნახავსო. ის ტაქსის მძღოლი წნორში მიდიოდა, სანამ მგზავრები ჩამოსვა და უკან მობრუნდა, იქ ელზა აღარ დახვდა. სერიოზულად შევშინდით, წნორის პოლიციას მივაკითხეთ. მთელი სამი საათი გვკითხავდნენ და დაგვპირდნენ, ძებნას დავიწყებთო. სიღნაღში ჩემი ძმისა და ძმისშვილების მეგობრები სამ ჯგუფად დაიყვნენ და იმ ტერიტორიების დათვალიერება დაიწყეს, სადაც ჩემს რძალს უნდა გაევლო. ღამის 3 საათზე ერთ ჩასახვევში ცალი ფეხსაცმელი იპოვეს და მაშინვე პოლიციას აცნობეს. სანამ პოლიცია ჩაერეოდა, ჩვენი ახლობელი ადვოკატის, თენგიზ ბეჟაშვილის დახმარებით, ავტოგასამართი სადგურის ვიდეოთვალი გავხსენით, იქიდან გაჩერება კარგად ჩანდა.
ასევე ნახეთ: როგორ გაურბოდნენ სტუდენტები შეიარაღებულ თავდამსხმელს რუსეთში
… მეორე დღეს მკვლელი ბოდბისხევში, საკუთარი სახლიდან აიყვანეს. ჩემი რძლის მკვლელი ნაძირალა მამუკა ნადირაშვილია. დადგენილია, რომ მასთან ერთად მანქანაში იჯდა მისი თანასოფლელი, გელა ყაჯრიშვილი. ორივე აყვანილია. კარგი იქნებოდა, ეს ამბავი, სანამ პოლიცია დააკავებდა, მანამდე გვცოდნოდა. მათი ვინაობა რომ დაგვედგინა, ლინჩის წესით გავასამართლებდით. რაში სჭირდება ასეთ ადამიანებს სასამართლო? ისინი წამებით უნდა მოკლამ… ორი შვილის დედა იყო. ელზა ფიზიკურად მოკლა იმ გარეწარმა და ჩვენ კი სულიერად გავნადგურდით. ექსპერტიზას დაესწრო ჩემი ბიძაშვილი და საშინელ დღეშია, – თქვენ არ იცით, რა საშინელება ვნახე, ქალს მთელი ბეჭები, მთელი სხეული დაჟეჟილი აქვსო. ეტყობა, წინააღმდეგობას უწევდა მოძალადეს,“ – ამბობს გარდაცვლილის მული.
ნახეთ, მნიშვნელოვანი სიახლეები:























