08:33 | 2021-10-30 ავტორი: Prime Time

ვინ და რატომ შეძრა მთელი ბაქო მაია ბარათაშვილის გამო – დამირეკეს, თქვენს აკომპანიატორს სიცხე აქვს და კოვიდის სიმპტომებიო

ვინ და რატომ შეძრა მთელი ბაქო მაია ბარათაშვილის გამო – დამირეკეს, თქვენს აკომპანიატორს სიცხე აქვს და კოვიდის სიმპტომებიო

მუსიკოსი მაია ბარათაშვილი ბაქოს ჯაზ-ფესტივალიდან დაბრუნდა. მონატრებულ კონცერტსა და ცოცხალ აუდიტორიასთან შეხვედრის სურვილს უამრავი დაბრკოლება შეხვდა, რომელსაც ჟურნალ „თბილისელებთან“ იხსენებს.

 

„ბაქოელ მუსიკოსებთან ერთად მიწევდა გამოსვლა და ორი თვით ადრე გავაგზავნე ჩემი პროგრამა, რომ წინასწარ მოემზადებინათ. მე კონცერტის წინა დღეს ჩავიდოდი, ორ რეპეტიციას გავივლიდით და მაყურებლის წინაშე წარვდგებოდით. მოკლედ, შევიარაღდი ჩემი კოვიდპასპორტით, რადგან ვიცოდი, რომ ეს დოკუმენტი მჭირდებოდა და მივედი აეროპორტში, სადაც მითხრეს, რომ პისიარტესტის გარეშე, შეუძლებელი იყო ჩემი გამგზავრება. გამოვბრუნდი სახლში ძალიან დამწუხრებული. მითხრეს, რომ ჩემი კონცერტის ყველა ბილეთი გაყიდული იყო, მეორე დღეს სემინარი უნდა მქონოდა ახალგაზრდა მუსიკოსებთან და იქაც სრულად შევსებული იყო ადგილები. მეც და ორგანიზატორებსაც ძალიან დაგვწყდა გული, მთელი ღამე ხაზზე ვიყავით, მე ვცდილობდი, მეპოვა ლაბორატორია, სადაც პისიარ ტესტს გამიკეთებდნენ, მაგრამ ასეთი არსად აღმოჩნდა.

EXCLUSIVE: მესმოდა ყვირილი, ცემა-ტყეპა,  „დაჩმორებული“ ჰყავდათ პატიმრები - ინტერვიუ ზუგდიდის ციხის ყოფილ პატიმართან
2021-10-30EXCLUSIVE: მესმოდა ყვირილი, ცემა-ტყეპა, „დაჩმორებული“ ჰყავდათ პატიმრები - ინტერვიუ ზუგდიდის ციხის ყოფილ პატიმართან

 

– ეს მხოლოდ დასაწყისია. ძალიან დამწუხრებული ვიყავი, პანდემიის ფონზე ცოცხალ კონცერტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ჩემთვისაც და ჩემი მსმენელისთვისაც.

 

დილით მირეკავენ აზერბაიჯანიდან ორგანიზატორები, რომლებმაც ვერ წარმოიდგინეთ რამდენი წინააღმდეგობა გადალახეს იმისთვის, რომ ბაქოში ჩასვლა მომეხერხებინა და მეუბნებიან, სასწრაფოდ წადით პისიარ ტესტის გასაკეთებლადო.

 

თურმე თურქულ ავიახაზებს, რომელიც ამ ფესტივალზე მუსიკოსების ოფიციალური გადამყვანია, დილით დაუნიშნავს ახალი რეისი. გავიკეთე სასწრაფოდ პისიარი და გავფრინდი თურქეთში უპრებლემოდ. ჩავედი ბაქოშიც ორი ღამის გამოუძინებელი და ნანერვიულები. უკვე ჩემი კონცერტის დღეა. მივედი მესაზღვრეებთან და მეუბნებიან, რომ არ მაქვს მინისტრთა კაბინეტის წერილი, რომელიც თურმე აუცილებელია ქვეყანაში ჩემს შესაშვებად.

 

როგორც მერე გავარკვიე, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის, იმის გამო, რომ ერთი პერიოდი ჩვენ წითელი ზონა ვიყავით, დაიდო შეთანხმება, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში დროებით ტურისტი არ ჩავიდოდა და თუ ვინმე ჩავიდოდა, ეს იქნებოდა შეთანხმებული მინისტრთა კაბინეტთან. სამწუხაროდ, ეს ჩვენ არ ვიცოდით.

 

უკვე ხელმეორედ გახდა გამოსავალი საპოვნელი. ერთი კვირა უნდა წერილის მომზადებას, ერთი შეტანას, განხილვას და ამდენივე თანხმობის ან უარის თქმას. ამ დროს მე ერთი წამი არ მაქვს დასაკარგი, საღამოს ცხრა საათზე კონცერტია, მაგრამ ვხვდები, რომ გამორიცხულია, რამდენიმე საათში მივიღო ეს წერილი. ორგანიზატორებმა მთელი ბაქო ფეხზე დააყენეს და დღის სამ საათზე მინისტრს მაგიდაზე ჰქონდა წერილი ჩემ შესახებ. რომ უნახავს, ჯაზ-ფესტივალსა და საქართველოდან ჩამოსულ სტუმარს ეხებოდა საქმე, ყოყმანის გარეშე მოუწერია ხელი.

 

მესაზღვრეები ძალიან გულდასმით ასრულებენ თავიანთ სამუშაოს და მართლებიც არიან, მაგრამ განსაკუთრებით მადლიერი ვარ იმის გამო, რომ ერთ-ერთი მესაზღვრე ძალიან ადამიანურად მიუდგა ჩემს პრობლემას. მითხრა, გტოვებთ თქვენს კონტაქტებთან და დიდი სიამოვნებით შეგიშვებთ, თუკი ასეთი ინსტრუქცია გვექნებაო. მან მომცა საშუალება, გამოსავალი მეპოვა, არადა შეეძლო, პირდაპირ დეპორტზე გავეშვი. მინისტრმა ხელი მოაწერა წერილს, მაგრამ მას კიდევ ბევრი ინსტანცია უნდა გაევლო მესაზღვრემდე მოსაღწევად.

 

ამასობაში გახდა ხუთი საათი და ველოდებით მე და ჩემი ორგანიზატორები. ძალიან უცნაური იყო, მაგრამ იმ სიტუაციაში დაღლის ნაცვლად, ენერგია მემატებოდა. ამ ფესტივალზე მოხვედრა მანამდეც ძალიან მინდოდა, მაგრამ ეს უკვე პრინციპის ამბავი იყო. ძალიან ბევრს ვლოცულობდი და ორგანიზატორებს ვუთხარი, სულ რომ ცხრის ნახევარზე მომცენ ნებართვა, პირდაპირ აეროპორტიდან მოვალ ჯინსებით და სცენაზე გავალ-მეთქი. ამასობაში მირეკავენ და მეუბნებიან, უცნაურია, მაგრამ თქვენს დასახვედრად, დილის 11 საათზე წამოსული მანქანა შუა გზაში დაიშალაო. უკვე მეცინებოდა, ყველაფერი ჩემ წინააღმდეგ იყო.

 

ძალიან სტრესული სიტუაცია იყო, მაგრამ უფლის იმედი მქონდა, ვლოცულობდი, კონტაქტზე ვიყავი ჩემს მოძღვართანაც და ასეთ წინააღმდეგობებს უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა.

 

ორი დღით ადრე აზერბაიჯანული მელოდიაც გამომიგზავნეს, გადავწყვიტე, მაყურებლისთვის მათსავე ენაზე შემესრულებინა ეს მელოდია. ამან კიდევ სხვა დატვირთვა მისცა კონცერტს და ბოლოს ორგანიზატორებმა მითხრეს, ასეთი ემოციური კონცერტი შენ არასდროს გქონია ბაქოშიო.

 

ეს იყო აბსოლუტურად ცოცხალი პროცესი, ტაში, ოვაციები, დაუვიწყარი საღამო გამოვიდა. მინდა, ყველას ვუთხრა, იქ, სადაც ღმერთია შენ გვერდით, არაფრის უნდა შეგეშინდეს. სამწუხაროდ, ეს არ გვესმის ხოლმე ადამიანებს, მაინც ვნერვიულობთ და პირველივე დაბრკოლებაზე უკან ვიხევთ. არასდროს თქვათ უარი, ბოლომდე იბრძოლეთ და სასურველი მაქსიმუმის რაღაც ნაწილი მაინც გამოგივათ.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X