08:45 | 2021-10-30 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვინ და როდის მართავდა თბილისს – თბილისის მერების ისტორია

ვინ და როდის მართავდა თბილისს – თბილისის მერების ისტორია

წელს თბილისი მერს4 წლის ვადით მეოთხედ ირჩევს, . დედაქალაქმა მერი პირდაპირი წესით პირველად 2010 წელს აირჩია. მანამდე ქვეყანა მხოლოდ საკრებულოს წევრებს ირჩევდა. ვინ და როდის მართავდა თბილისს და როგორია თბილისის მერების ისტორია:

 

მერის ინსტიტუტი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში პოსტსაბჭოთა საქართველოში შემოდის, როგორც ევროპული ადმინისტრაციული და პოლიტიკური მმართველობის ტრადიცია. ამის შემდეგ ქალაქის სათავეში დანიშნული და არჩეული მერები დგანან. ბოლო 30 წლის განმავლობაში დედაქალაქს 10-ზე მეტი სხვადასხვა პარტიის, ინტერესების, განათლების და პროფესიის ადამიანი მართავდა.

 

საბჭოთა კავშირის დროს, დედაქალაქის სათავეში ე.წ. თბილისის რევოლუციური კომიტეტის და საქალაქო საბჭოს აღმასკომი იდგა, რომლის ხელმძღვანელიც მერის ფუნქციას ასრულებდა.

 

ამ პერიოდს ემთხვევა ირაკლი ანდრიაძის , როგორც თბილისის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მმართველის ხანა. ის ერთგვარი გარდამავალი ფიგურაა საბჭოთა მმართველობასა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის. 1987 წლიდან ის იყო საქალაქო საბჭოს აღმასკომის ხელმძღვანელი. 1991 წლის 12 აგვისტოს კი, გამსახურდიას მიერ ქალაქის მერად დაინიშნა.

 

ანდრიაძის სახელს უკავშირდება ერეკლე მეორეს ქუჩის აღდგენა, თბილისის რკინიგზის კომპლექსისა და დიღომში საავადმყოფოების კომპლექსის მშენებლობა. ასევე, სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის მრავალსართულიანი კორპუსები ბაგების ტერიტორიაზე. მისი მოღვაწეობის დროს ჩაეყარა საფუძველი სამების საკათედრო ტაძარს.

 

ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, თბილისის პირველი მერი თამაზ ვაშაძე ხდება. ის 1991 წლის 2 ოქტომბრიდან 1992 წლის 6 იანვრამდე მართავს დედაქალაქს. თამაზ ვაშაძე პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მთავრობიდან გახლდათ. პროფესიით მშენებელი, 1991 წლის სტიქიის დროს, პირადად ხელმძღვანელობდა სარეაბილიტაციო შტაბს და სამშენებლო სამუშაოებს. მასვე მოუწია სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ლიკვიდაციაც.

 

1992 წლის 6 იანვრიდან 1993 წლის 21 იანვრამდე საქართველოს დედაქალაქის მერის პოზიციას ოთარ ლითანიშვილი იკავებს. ლითანიშვილი ჯერ იყო სოხუმის მთავარი არქიტექტორი, შემდეგ კი- თბილისის მთავარი მხატვარი. მერობის შემდეგ , 1996 წლიდან ის, თბილისის აღორძინების ფონდს ხელმძღვანელობს. თბილისსა და სოხუმშიც, მისი ავტორობით, არაერთი არქიტექტურული პროექტია შექმნილი. ოთარ ლითანიშვილი არის ვაკის პარკში დიდების მემორიალის ერთ-ერთი ავტორი.

 

1993 წელს, რამდენიმე თვით, თბილისის მერი კოტე გაბაშვილი ხდება. მისი მმართველობა, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს პერიოდს, აფხაზეთის ომს ემთხვევა. ე.წ. შეიარაღებული დედაქალაქის მერი, მოგვიანებით, შევარდნაძეს აფხაზეთში გაჰყვა და მოღვაწეობა სოხუმში გააგრძელა.

 

გაბაშვილი ნიკო ლეკიშვილმა შეცვალა. ლეკიშვილი თბილისს 1993 წლის 16 ოქტომბრიდან, 1995 წლის 8 დეკემბრამდე მართავდა. მას მემკვიდრეობით შეიარაღებული ომის შემდგომი თბილისი ერგო. მისი მმართველობის დროს, დღის წესრიგში დადგა ქალაქის მოვლის საკითხი, რისი საშუალებაც მის წინამორბედებს კონფლიქტების გამო არ ქონდათ. ამავე პერიოდს უკავშირდება ქალაქის მმართველობაში კორუფციის არსებობის პრობლემა. მერობის შემდეგ იყო სახელმწიფო მინისტრი. 2019 წელს კი ნიკო ლეკიშვილს საპატიო თბილისელის წოდება მიენიჭა.

 

1995 წლის 8 დეკემბრიდან ლეკიშვილს ბადრი შოშიტაიშვილი ანაცვლებს და ამ თანამდებობას 1998 წლის 8 აგვისტომდე ინარჩუნებს. მისი მერობის პერიოდი, ერთის მხრივ, დაემთხვა ენერგობლოკადას, მეორეს მხრივ კი ქალაქში ახალი სამუშაოების დაწყებისთვის კარგ პირობებს. ქალაქი აღმავლობის გზაზე დგას და, თავისდაუნებურად, ომის შემდგომი დეპრესიიდან უწევს გამოსვლა.

 

1998 წლის აგვისტოდან ქალაქის სათავეში ივანე ზოდელავა მოდის. მისი მერობა 2004 წლამდე გრძელდება. შევარდნაძის გუნდის წევრმა, ვარდების რევოლუციის შემდეგ, თანამდებობა და საქართველოც დატოვა.

 

სკანდალური სატელევიზიო თათბირი ზურაბ ჭიაბერაშვილის მერობიდან ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ფრაგმენტი იყო. ზურაბ ჭიაბერაშვილმა დედაქალაქის მართვა 2004 წლის 19 აპრილს ჩაიბარა. ის “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პირველი მერი იყო. მის სახელს უკავშირდება თბილისში, კოსტავას ქუჩაზე, ცნობილი სამკუთხედის მშენებლობა. 2005 წელს ჭიაბერაშვილი დიპლომატიურ სამსახურში მიდის.

 

ჭიაბერაშვილის ადგილს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, გიგი უგულავა იკავებს. მისი მერობა საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. უგულავა ქალაქს 2 ვადით, 2013 წლამდე მართავდა. მისი მართვის პერიოდს ემთხვევა ასევე 2006 წელს საკრებულოს მიერ მერის არჩევის პროცესი. სწორედ ამ დროიდან თბილისის მერის თანამდებობა არჩევითი გახდა. მოგვიანებით, 2010 წელს კი უგულავა პირველად, პირდაპირი წესით არჩეული მერი ხდება. ეს იყო თვითმმართველობის პირველი არჩევნები, რომელიც 2010 წლის მაისში გაიმართა.

 

2013 წლის 22 დეკემბრიდან, მერის მოვალეობას, რამდენიმე თვით, სევდია უგრეხელიძე ასრულებს. ჯერჯერობით, ის ქალაქის ისტორიაში, ერთადერთი ქალი მერია.

 

2014 წლის 12 ივლისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, “ქართული ოცნების” კანდიდატი დავით ნარმანია იმარჯვებს. ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ამ თანამდებობაზე არჩევას თბილისელების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ყველაზე რთული გამოწვევა, ქალაქის მერისთვის, 13 ივნისის სტიქია იყო.

 

თვითმმართველობის მორიგი არჩევნები საქართველოში 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართა. ამ დღეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყნის მასშტაბით 64 საკრებულოს 2058 დეპუტატი და 64 მერი პირდაპირი წესით, 4 წლის ვადით აირჩიეს. თბილისში 51.09 %-ით ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი და წარსულში ცნობილი ფეხბურთელი კახა კალაძე იმარჯვებს. საარჩევნო მარათონში, საბოლოოდ, ხმები ასე გადანაწილდა: 51.09 % კახა კალაძე; 17.49 % ალეკო ელისაშვილი, 16.53 – ზაალ უდუმაშვილი.

 

კახა კალაძე ახლაც თბილისის მერობის კანდიდატია და კენჭს მეორე ვადით იყრის.

 

2021 წლის 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩვენების პირველი ტური გაიმართა. ცესკოს მონაცემებით, პირველ ტურში კალაძის მთავარმა კონკურენტმა ნიკა მელიამ 34.01% ანუ 163489 ხმა ხმა მიიღო, კახა კალაძემ კი 45.01% -216344 ხმა დააგროვა. შესაბამისად, 30 ოქტომბერს მეორე ტური დაინიშნა.

 

ვინ გახდება საქართველოს დედაქალაქის მე-4, არჩეული მერი – თბილისი საკუთარ არჩევანს დღეს გააკეთებს.

 

ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.

 

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X