
კოსმოსში პირველობისთვის ბრძოლამ განსაკუთრებული სიმძაფრე 2019 წლიდან შეიძინა და ის კულმინაციისკენ მიდის – მეცნიერების ასეთი შეფასება, კოსმოსური სახელმწიფოების მედიებში აქტიურად შუქდება.
მიზეზი ის არის, რომ კოსმოსის სფეროში ჩინეთის ამბიციებმა და მიღწევებმა კონკურენცია საგრძნობლად გაზარდა, ხოლო ამ მიმართულებით ამერიკის ახალმა სტრატეგიამ ყველას „ცეცხლი შეუნთო“.
კერძოდ, ტრამპის ადმინისტრაციამ თავისი საკანონმდებლო გადაწყვეტილებებით და კოსმოსის კომერციალიზაციით, გალაქტიკა, ლამის ახალ „ველურ დასავლეთად“ გამოაცხადა და მის დაპყრობაში კერძო სექტორიც (მილიარდერები) ჩართო.
ახლა ყველაფერი დასწრებაზეა და ასტროსფეროში წყდება, თუ ვინ იქნება უპირობო ლიდერი დედამიწაზეც და კოსმოსშიც.
მანამდე კი ბედის თუ „ღამურას“ ირონიით, ყველა თავის მიწიერ საზღვრებშია გამოკეტილი და დანაკარგებს ითვლის. ვინც ამ „ტყვეობაში“ ნაკლებად დაზარალდება და ბრძოლის „თავი“ შერჩება, პათოსსაც ის გააგრძელებს.
პრაქტიკულად, ჩვენს თვალწინ, ორი ფრონტია გახსნილი და მხარეები (ამერიკა, რუსეთი, ჩინეთი) ერთმანეთს ღიად ადანაშაულებენ – დედამიწაზე კორონავირუსის გავრცელებაში, ხოლო კოსმოსში, უკანონო ანექსიასა და მილიტარიზაციაში.
რეალური დაპირისპირება – ვისია კოსმოსი?
ამერიკაში სამხედრო ძალების მეექვსე სახეობა – კოსმოსური ძალები შეიქმნა, რომელიც რუსეთიდან და ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალებაზე იმუშავებს.
შეერთებული შტატების შეიარაღებულ ძალებში ხუთი სახის საჯარისო ფრმირება შედიოდა: სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო, საზღვაო ქვეითებისა და სანაპირო დაცვის ჯარები.
კოსმოსური ბრძოლის დანაყოფი, აშშ-ის საჰაერო ძალების დაქვემდებარებაში აქამდეც არსებობდა, თუმცა ის უკვე დამოუკიდებელი შტაბის სახით იფუნქციონირებს.
„კოსმოსური შტაბი უზრუნველყოფს, რომ კოსმოსში ამერიკის დომინაციას საფრთხე არასდროს შეექმნას, რადგან ჩვენ ვიცით, რომ საუკეთესო გზა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად არის გამარჯვებისათვის მომზადება.
ეს აღსანიშნავი დღეა, როდესაც ვცნობთ კოსმოსის ცენტრალურ როლს ამერიკის უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.”
– დონალდ ტრამპი ახალი შტაბის წარდგენაზე.
„დარწმუნებული ვარ, რომ კოსმოსი ომის წარმოების ადგილია. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ცხოვრების წესი და ომის წარმოების წესი დამოკიდებულია კოსმოსში ჩვენს შესაძლებლობებზე”
– განმარტა კოსმოსური ძალების მეთაურმა გენერალმა რეიმონდმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი სამხედრო დანაყოფის „კოსმოსური ძალების“ შექმნაზე ბრძანებას ხელი 2019 წლის 21 თებერვალს მოაწერა.
მაშინ პრეზიდენტმა თქვა: „ჩვენ არა მხოლოდ აღვმართავთ იქ ჩვენს დროშას და დავტოვებთ კვალს, არამედ საფუძველს ჩავუყრით მომავალ მისიებს მარსსა და შესაძლოა სხვა პლანეტებზეც“.
„მეტოქე ქვეყნებმა კოსმოსი ახალ საომარ სივრცედ აქციეს და შეერთებული შტატები ამ გამოწვევას არ გაექცევა”- .
პენტაგონში გამოსვლისას განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა
მაიკ პენსმა.
ამერიკის ნაბიჯის საპასუხოდ, ჩინეთმა რაკეტების დემონსტრირება მოახდინა, რომლებსაც სატელიტების მიზანში ამოღება შეუძლიათ, რუსეთმა კი განაცხადა, რომ კოსმოსში ლაზერული იარაღის ბაზის შექმნა სურთ.
2020 წლის 8 თებერვალს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ინფორმაციული სტრატეგიის ძალების ხელმძღვანელმა გენერალმა ანდრე ლანატამ განაცხადა, რომ კოსმოსური მანევრები, რომელსაც მოსკოვი და პეკინი ამერიკული თანამგზავრების მახლობლად ახორციელებენ, საფრთხის შემცველია.
„აქამდე კოსმოსი უსაფრთხო იყო, მაგრამ ახლა ასე არ არის. თუ ასე გაგრძელდა, ნატოს გარკვეული ზომების მიღება მოუწევს“, – განაცხადა გენერალმა ლანატამ.
ასევე, თებერვალში, ამერიკის ახლადშექმნილი კოსმოსური ძალების დანაყოფმა რაკეტა Minuteman III-ის პირველი გასაჯაროებული გამოცდა კალიფორნიის საჰაერო ბაზაზე განახორციელა.
2020 წლის 6 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებულებას, რომელიც ამერიკელებს კოსმოსური რესურსების მოპოვების უფლებას ანიჭებს.
14 აპრილს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ტრამპის 6 აპრილის განკარგულებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-სთან თანამშრომლობისთვის მზად არის.
თუმცა, ლავროვის განცხადებიდან 2 დღეში, 16 აპრილს, რუსეთმა ანტისატელიტური რაკეტა გამოსცადა.
ამერიკელი სამხედროების აზრით გამოცდა არის რუსეთის ყალბი პროპაგანდის ნაწილი, რომელიც კოსმოსური შეიარაღების კონტროლის აფიშირებას გულისხმობს.
“ცხადია, რომ კრემლი საკუთარი პროგრამების შეჩერებას არ აპირებს”, – ნათქვამია აშშ-ის შეიარაღებული ძალების კოსმოსური სარდლობის ხელმძღვანლის, გენერალ ჯონ რეიმონდის განცხადებაში.
ტრამპის 6 აპრილის აქტს „აგრესიული გეგმა“ უწოდეს კრემლის სხვა ჩინოსნებმაც. „ფაქტობრივად ხდება სხვა პლანეტების ტერიტორიების ოკუპირება“ – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა.
პესკოვი აღნიშნავს, რომ აშშ-ს ქმედებას სჭირდება იურიდიული შეფასება, თუმცა მისი თქმით „კოსმოსის პრივატიზაცია მიუღებელია“.
რუსეთის კოსმოსური სააგენტოს „როსკოსმოსის“ საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა სერგეი სავალევმა კი განაცხადა:
„ისტორიაში არის იმის მაგალითები, როცა ერთმა ქვეყანამ სხვისი ტერიტორიების მისაკუთრება დაიწყო. ჩვენ ყველას გვახსოვს ეს როგორ დასრულდა“ – სერგეი სავალევი.
კოსმოსთან დაკავშირებით ურთიერთობა დაძაბულია ამერიკასა და ჩინეთს შორისაც. აშშ-ის თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოს ცნობით, ჩინელები ახდენენ კოსმოსის მილიტარიზაციას. ისინი აწარმოებენ დუალურ ტექნოლოგიებს.
იგულისხმება ტექნოლოგიები, რომლის გამოყენება შესაძლებელია როგორც კომერციულ, ისე სამხედრო სექტორში.
ასეთია აპარატი „კოსმოსური ნაგვის შეგროვებისათვის“, რომელსაც შეუძლია კოსმოსური აპარატების გამანადგურებელი თანამგზავრების და რაკეტების დაჭერა და ატმოსფეროში გასროლა.
იმავდროულად, ჩინეთს შეუძლია სხვის ტექნოლოგიებსა და რესურსებზე წვდომის მოპოვება.
ამერიკელები ისეთი შეშფოთებულნი არიან მოწინააღმდეგის პროგრესით, რომ პეკინს სამხედრო პასუხითაც დაემუქრნენ, იმ შემთხვევაში თუკი ის არ გაჩერდება.
ყოველივე ეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დეპეშებიდან გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი, რომელთა ნაწილი ინტერნეტ-გვერდმა „ვიკილიქსმა“ გაასაჯაროვა, ხოლო შინაარსი ბრიტანულმა “The Daily telegraff”-მა გამოაქვეყნა.
სამართლებლივი დავები კოსმოსისთვის
2019 წლის 4 თებერვალს (სანამ ტრამპი კოსმოსური ძალების შექმნაზე ბრძანებას ხელს მოაწერდა), ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, როსკოსმოსმა და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ უნივერსიტეტებში კოსმოსის სამართალმცოდნეების მოსამზადებელი პროგრამა დაიწყეს.
ამ პროგრამით მომზადებული კადრები კოსმოსში, კონკრტულად კი მთვარეზე წარმოქმნილ ტერიტორიულ დავებში რუსეთის ინტერესების დაიცავენ.
2019 წლის 20 სექტემბერს სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ „ვაშინგტონმა კოსმოსში იარაღის განთავსების გეგმის განხორციელება დაიწყო და დემონსტრაციული უარი თქვა იმ უნივერსალურ მორატორიუმზე, რომელიც ამგვარი საქმიანობის შესახებაა დადებული. უკვე შეინიშნება ამ კამპანიის დაწყების ნიშნები”.
თეთრ სახლში კი აღნიშნავენ, რომ მთვარის რესურსების გამოყენება 1967 წლის კოსმოსური მისიების თაობაზე არსებულ ხელშეკრულებასთან თანხვედრაშია.
საერთაშორისო სამართლის საკითხს გაეროს „გარე კოსმოსის ხელშეკრულება” (1966წ.) და „მთვარის ხელშეკრულება“ (1979წ.) არეგულირებს.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მ, ჩინეთმა და რუსეთმა “მთვარის ხელშეკრულებას” ხელი არ მოაწერეს იმ მიზეზით, რომ ის ზედმეტად მკაცრ ჩარჩოებს აწესებდა.
ამ დოკუმენტის მიხედვით, მთვარეც და მისი ბუნებრივი რესურსიც კაცობრიობის საზოგადო მემკვიდრეობაა, კრძალავს მოცემული რესურსების გამოყენებას (გარდა საერთაშორისო მარეგულირებლის თანხმობის შემთხვევებისა).
ასევე, დოკუმენტი გულისხმობს, რომ ნაპოვნი რესურსის წილი განვითარებად ქვეყნებს უნდა გადაუნაწილდეთ. კოსმოსური პროგრამების არმქონე ქვეყნების ნაწილმა „მთვარის ხელშეკრულებას” ხელი მოაწერა.
2015 წელს, აშშ-ის კონგრესმა ამერიკულ კომპანიებს და მოქალაქეებს მთვარის და ასტეროიდების რესურსების გამოყენების უფლება დართო.
ამ კანონმა წაახალისა ამერიკული კერძო კომპანიები, დიდი ფული ჩაედოთ კოსმოსურ პროგრამებში. ასევე, ძველი და ახალი მეტოქეები აიძულა შეეცვალათ მთვარის ათვისების საკუთარი პროგრამები.
კომერციული კოსმოსი?! – ახლო ორბიტა ქირავდება
რამდენიმე წლის წინ კომერციული კოსმოსური ფრენების ბაზარს, ფაქტობრივად, 2 მსხვილი მოთამაშე – რუსეთი და ევროკავშირი იყოფდა.
სხვა ქვეყნების – აშშ-ს, ინდოეთის, ჩინეთის და იაპონიის წილი ამ სეგმენტში უმნიშვნელო იყო, და ისინი, ძირითადად, რუსული აპარატებით დაფრინავდნენ.
თუმცა ამერიკული კერძო კომპანიის SpaceХ-ს გამოჩენამ ბაზარზე სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. მან არათუ დაიმკვიდრა ადგილი, არამედ „კომერციულ კოსმოსში” ლიდერის პოზიცია დაიკავა.
კოსმოსურ ფრენებში რევოლუცია იყო SpaceX-ის მიერ კოსმოსში ერთი და იგივე რაკეტის ორჯერ გაშვება, რაც კომერციულ კოსმოსურ ფრენებს 30-40%-ით აიაფებს.
სანამ NASA დიდი ძალისხმევით ცდილობდა განევითარებინა თავისი კოსმოსში გაფრენის სისტემა და კერძო სექტორს „არ სწყალობდა“, მისმა ანალიტიკოსებმა აღმოაჩინეს, რომ SpaceX-ის მიერ შეთავაზებული იაფი სერვისები თავად NASA-სთვისაც მომგებიანი იქნებოდა.
საბოლოოდ, NASA-მ საერთაშორისო კოსმოსური სადგურის (ISS) და მთლიანად პლანეტის მიმდებარე დაბალი ორბიტის კომერციულად გამოყენების გეგმა შეიმუშავა.
შემოსულ და გამოთავისუფლებულ თანხებს კი აშშ შორეული კოსმოსის შესწავლაზე დახარჯავს.
ამერიკული გეგმის თანახმად, დედამიწასთან დაახლოებულ ორბიტაზე ტვირთს და კოსმონავტებს კერძო კომპანიები მოემსახურებიან.
SpaceX-ის მაღალი ტექნოლოგიებისა და მომსახურების დაბალი ფასის გამო კოსმოსში ფრენები ხელმისაწვდომი გახდა ისეთი ქვეყნებისათვის, როგორებიც არიან ყაზახეთი, ბანგლადეში, ინდონეზია, ისრაელი…
SpaceX-ის გრდა, კოსმოსურ ინდუსტრიაში მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან კომპანიები „Orbital ATK“, რომელიც ახლახან შეისყიდა „Northop Grummen“-მა, „United Launch Alliance“ და „Jeff Bezos Blue Origin“-ი.

2019 წლის მიწურულს „ვირჯინ გალაქტიკმა“ განაცხადა, რომ 2020 წლიდან კოსმოსურ ტურიზმს იწყებს და 600-მდე ადამიანს დედამიწის ორბიტაზე გაიყვანს.
„სპეის შიფ თუ“-თი მგზავრობა ამჟამად 250 000 აშშ დოლარი ღირს. თუმცა, კომპანიას იმედი აქვს, რომ მათი სერვისი უფრო მეტი ადამიანისთვის გახდება ხელმისაწვდომი.
„ჩვენი მიზანია კოსმოსი ყველასათვის გავხსნათ და ყველას მივცეთ დედამიწის მაღლიდან დახედვის შანსი“, — ამბობს „ვირჯინ გალაქტიკის“ დამფუძნებელი რიჩარდ ბრენსონი.
სუბორბიტული ტურიზმის ბიზნესში აქტიურად შემოსვლას გეგმავს „ამაზონის“ მფლობელის, ჯეფ ბეზოსის კომპანია „ბლუ ორიჯინიც“ (space.com).
ამერიკელების აქტივობებით შეშფოთებულია რუსეთი, რომელიც კოსმოსის კომერციულ ბაზარზე მათ კონკურენციას ვერ უწევს.
2018 წელს დიმიტრი როგოზინი ამერიკულ კომპანია SpaceX-სა და მის დირექტორს ელონ მასკს კოსმოსში რაკეტების გაშვების ბაზრიდან რუსეთის გაძევების მცდელობაში ადანაშაულებდა:
„თუკი ნახავთ რა ფასად იყიდება პენტაგონზე „ფალკონები” და ბაზარზე რა ფასად გადის, წმინდა დემპინგს ნახავთ.
იმისათვის, რომ ამ ბაზრიდან რუსეთი გააძევოს, ის ერთ მარშრუტს 40-50, ზოგჯერ კი 50-60 მილიონ დოლარად ყიდის”- განაცხადა როგოზინმა რუსულ შოუში.
„დოიჩე ველე”
როსკოსმოსის ხელმძღვანელმა თქვა, რომ რუსეთს ამ პირობებში კონკურენციის გაწევა არ შეუძლია, თუმცა ამის მიუხედავად დაამატა: „ჩვენ დავბრუნდებით და ისევ პირველები ვიქნებით, ამას გპირდებით”.
კოსმოსში კომერციულ დაპირისპირებაზე ისაუბრა 2020 წლის მარტში ილონ მასკმაც (ამერიკულ ტელეარხ CNBC-ზე), ოღონდ ის ამერიკის კონკურენტად ჩინეთს მოიაზრებს.
მისი თქმით, ჩინეთი შტატების ეკონომიკას განვითარების კუთხით, მინიმუმ 2-ჯერ გაუსწრებს.
„ეს იქნება ძალიან უცნაური, თუმცა, ჩინეთის ეკონომიკა 2-ჯერ, ან 3-ჯერ გაუსწრებს ამერიკულს. ამას შეუძლია გამოიწვიოს კონფლიქტი ქვეყნებს შორის“ – მიიჩნევს მილიარდერი.
მასკმა, ასევე ხაზი გაუსვა ინოვაციების მხარდაჭერის მნიშვნელობას შტატების კონკურენტული უპირატესობის შესანარჩუნებლად.
„ამერიკას ემუქრება ჩამორჩენა კოსმოსურ დარგში. ადრე ასეთი რისკები არ იყო, დღეს კი არის. მაგალითად, ჩინეთის კოსმოსური დარგი იზრდება ძალიან სწრაფი ტემპებით.
ეჭვი არ მეპარება, რომ ამერიკა იქნება არა პირველი, არამედ მეორე კოსმოსში, იმ შემთხვევაში, თუ არ დაუჭერს მხარს ინოვაციებს“ – ამბობს მასკი.
ფაქტია, რომ ტრამპი აშშ-ის კოსმოსური მისიებისადმი ინტერესით გამოირჩევა. 2017 წელს მან “Space Policy Directive-1”-ს ხელი მოაწერა, რომლის შემდეგ პროგრამა „Artemis“ – აშშ-ის კოსმოსური პროგრამის პირველი საფეხური ამოქმედდა.
პროგრამის ფარგლებში NASA, 2024 წლისთვის ამერიკელი ასტრონავტების მთვარეზე გაშვებას, 2028 წელს იქ მუდმივი ბაზის შექმნას, ხოლო მომდევნო საფეხურზე (2030-იან წლებში), მთვარის მისიების გამოცდილების წყალობით, ასტრონავტების მარსზე გაგზავნას გეგმავს.
კოსმოსის ურბანიზაცია აქტიურ ფაზაში შედის
2024 წელს მუშაობას შეწყვეტს დედამიწის დაბალ ორბიტაზე არსებული კოსმოსის საერთაშორისო სადგური – ISS (International Space Station).
ის აშშ-ს, რუსეთის, იაპონიის, კანადის და რამდენიმე ევროპული ქვეყნის კოსმოსური სააგენტოების ერთობლივი პროგრამაა.
სხვადასხვა ქვეყნის ექსპედიციები ISS-ს მრავალმიზნობრივი კოსმოსური ლაბორატორიის სახით იყენებენ.
სადგურის შესანახი ხარჯების დაახლოებით ნახევარი აშშ-ზე მოდის (ყოველწლიურად 2,5 მილიარდამდე დოლარი) და, რადგან საკუთარი სადგურის აშენებას გეგმავენ, ამერიკელებს მასზე ფულის დახარჯვა აღარ უნდათ.
ასევე, მთვარის ორბიტაზე, ან უშუალოდ თანამგზავრზე, საკუთარი, ან ერთობლივი ბაზების აშენებას გეგმავენ ევროკავშირის ქვეყნები, იაპონია, ინდოეთი, რუსეთი და ჩინეთი.
2019 წლის 26 მარტს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ NASA მთვარეზე Space Launch System-ის გაშვებას თუ არ დააჩქარებს, რაც ბიუროკრატიის გამოა შენელებული, შემდეგი კოსმოსური გამგზავრებას მთავრობა კერძო კომერციულ კომპანიას შეუკვეთავს.
მოგვიანებით, NASA-მ მისიის თარიღად თავდაპირველი 2028 წლის ნაცვლად 2024 წელი დაასახელა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ 2024 წლის შემდეგ, როდესაც ISS არსებობას შეწყვეტს, წამყვანი კოსმოსური სახელმწიფოს სტატუსი შინარჩუნოს, მაგრამ მას ტემპის აკრეფა უჭირს.
მოსკოვმა, მთვარისკენ 2020 წელს დაგეგმილი გასვლა 2030-ისთვის გადაიტანა. ასევე, გაურკვეველია ამერიკულ-რუსული პროექტის ბედი, რომელიც მთვარის ორბიტაზე კოსმოსური სადგურის (Deep Space Gateway) ერთობლივად შექმნას გულისხმობს.
„როსკოსმოსის“ ხელმძღვანელი დიმიტრი როგოზინი, გასულ წელს, აშშ-ს მთავრობამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა და მას შტატების ტერიტორიაზე შესვლა ეკრძალება (USA TODAY წერს).
ამ აკრძალვას წინ უსწრებდა როგოზინის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთი ამ პროექტში მეორეხარისხოვან როლს არ დასჯერდებოდა.
ხოლო, შემდგომ „როსკოსმოსის“ განაცხადებები, რომ თანამშრომლობა გრძელდება („იზსვესტია“).
ამასობაში, ჩინეთის კოსმოსური მისიების ბიუჯეტი NASA-ს ნიშნულს გაუთანაბრდა. პეკინი ხელგაშლილად და ბიუროკრატიული ბარიერების გარეშე, სწრაფი ტემპით ხარჯავს ფულს კოსმოსში ლიდერობის მისაღწევად. შედეგად:

ყველაზე დიდი ობსერვატორია მსოფლიოში ჩინეთის პროვინციაში აშენდა
პირველად ისტორიაში, მთვარის “ბნელ მხარეს” კოსმოსური სადგური Chang’e-4 ჩინეთმა დასვა (2019 წლის 3 იანვარს);
ჩინეთში აშენდა მსოფლიოში უდიდესი ობსერვატორია (ექსპლუატაციაში შევიდა 2020 წელს);
ჩინეთი 2025 წლამდე კოსმოსური ელექტროსადგურის მშენებლობას ამთავრებს, რომლითაც მზის ენერგიის მოგროვებასა და შორეულ კოსმოსში მიმავალი ხომალდების ენერგომამარაგებაში მონოპოლიას გეგმავს;
ევროკავშირთან ერთად ჩართულია 2030 წელს კოსმოსური სოფლის მშენებლობის პროექტში;
პირველ ჩინურ საპილოტე გაფრენას მთვარეზე 2035 წელს გეგმავს;
დამოუკიდებლად აპირებს მთვარის ბაზის აშენებას…
2019 წლის 26 მარტს ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა, რომ NASA მთვარეზე Space Launch System-ის გაშვებას თუ არ დააჩქარებს, რაც ბიუროკრატიის გამოა შენელებული, შემდეგ გაშვებას მთავრობა კერძო კომერციულ კომპანიას შეუკვეთავს.
მოგვიანებით, NASA-მ მისიის თარიღად თავდაპირველი 2028 წლის ნაცვლად 2024 წელი დაასახელა.
NASA-მ მთვარის კრატერში გიგანტური რადიოტელესკოპის აგების პროექტზე მუშაობა დაიწყო, რომლის დიამეტრი დედამიწაზე ყველაზე დიდ (ჩინეთის) ტელესკოპზე ნახევარი კილომეტრით მეტი იქნება.
პროექტის მიხედვით, რადიოტელესკოპი დედამიწის თანამგზავრის უკანა მხარეს მდებარე კრატერში განთავსდება და მისი დიამეტრი 1 კილომეტრი იქნება.
ამ რადიოტელესკოპით, მეცნიერები უდიდეს სამეცნიერო აღმოჩენებს ელოდებიან ადრეულ სამყაროზე დაკვირვების სფეროში (რომელიც ამ დრომდე გამოკვლეული არ არის).

კოსმოსში მოძრაობის წესები ირღვევა
სპეციალისტები დედამიწის ორბიტაზე მოძრაობისთვის, საგანგებო რეგულაციების და შესაბამისი პროგრამების შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ.
04 სექტემბერი, 2019: პირველად კოსმოსის ისტორიაში, “აეოლუსს”, დედამიწაზე ამინდის დამკვირვებელ სატელიტს, რომელსაც ევროპის კოსმოსური სააგენტო მართავს, პოზიციის შეცვლა და გადაადგილება მოუწია, რომ არ დაჯახებოდა მისკენ მოძრავ, ამერიკული კერძო კომპანია “სპასექსის” სატელიტს “სტარლინკს”.
ამ დროისათვის, კოსმოსში სულ 91 ქვეყნისა და ორგანიზაციის 5617 თანამგზავრი ფუნქციონირებს. კოსმოსში გაშვებული თანამგზავრების რაოდენობით ლიდერობს აშშ, დსთ, ჩინეთი, იაპონია და დიდი ბრიტანეთი.
თანამგზავრთა რაოდენობის ზრდა უპრეცენდენტოდ გაიზარდა NASA-ს კოსმოსის ათვისების პოლიტიკის გააქტიურების შემდეგ. მხოლოდ ილონ მასკის კომპანია “სპასექსი” კოსმოსში 2020 წლის ბოლომდე, 12 000-მდე სატელიტის გაშვებას გეგმავს.
საქართველოს კოსმოსში ერთი თანამგზავრი ჰყავს, რომელიც 1999 წელს გავუშვით (კონსტრუქტორი ელგუჯა მეძმარიაშვილი).
ასევე, კოსმოსში მოგზაურობს ქართული ხალხური სიმღერა „ჩაკრულო“, რომელიც 1977 წელს NASA-ს პროგრამა „ვოიჯერით“ 27 მუსიკალურ ნაწარმოებთან ერთად, სხვა ცივილიზაციებთან მშვიდობიანი კონტაქტის დასამყარებლად გაგზავნა.
„ნასას“ ინფორმაციით, 2013 წელს, „ვოიჯერმა“ მზის სისტემა დატოვა და ვარსკვლავთაშორის სივრცეში გადავიდა.
კენედიდან ტრამპამდე
კოსმოსის დაპყრობის გეგმაზე მუშაობა არ დასცალდა აშშ-ს 35-ე პრეზიდენტს ჯონ კენედის (1963 წელს მოკლეს). მან პრეზიდენტობის პირველივე წელს, 1961 წლის 25 მაისს განაცხადა:
“მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავისახოთ ამოცანა და ამ ათწლეულში შევასრულოთ: ეს არის ადამიანის მთვარეზე დაშვება და უკან დაბრუნება.
არც ერთი სხვა პროექტი არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი და შთამბეჭდავი კაცობრიობისთვის, როგორც ეს პროექტი” – ჯონ კენედი.
ამერიკამ შეასრულა მისი სიტყვა – “ამ ათწლეულში” და 1969 წელს „აპოლო 11“ მთვარეზე კენედის სახელობის კოსმოდრომიდან გაფრინდა.
1983 წელს კოსმოსური სამხედრო ძალების შექმნა დაიწყო რონალდ რეიგანმა, მის ინიციატივას მაშინ პაციფისტებმა „ვარსკვლავური ომების“ პროგრამა შეარქვეს.
2000-იან წლებამდე მიწიერმა დაპირისპირებებმა და ფრენების სიძვირემ კოსმოსში გარღვევას ხელი შეუშალა.
2001 წლის ტერაქტმა ქვეყნის თავდაცვის პრიორიტეტები საერთოდ შეცვალა – პენტაგონმა ფოკუსი თავდაცვასა და ტერორიზმთან ბრძოლაზე გადაიტანა და შტაბი გააუქმა (კოსმოსურმა შტაბმა აშშ-ში 1985-2002 წლებში იარსება).
სპეციალისტების აზრით, ამერიკულ პროგრამას ახლაც აკლია თანმიმდევრულობა, რადგან ყველაფერი საპრეზიდენტო არჩევნებზეა დამოკიდებული.
მართალია, პრეზიდენტმა ტრამპმა 2017 წელს პროგრამა „Gateway“ და მარსზე გაფრენა დაამტკიცა, ხოლო 2019 წელს კოსმოსური სარდლობა აღადგინა, მაგრამ არ არის გამორიცხული, აშშ-ის ახალმა მეთაურმა ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.
ყოველ შემთხვევაში, პროგრამა Constellation-ი, რომელიც 2009 წელს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დაამტკიცა გაუქმდა.
ობამას პროგრამა ასტრონავტების მთვარეზე გაფრენას 2019 წელს, ასტეროიდზე გადასვლას და მარსზე გაფრენას 2020-იან წლებში გულისხმობდა. თუმცა, მისგან მხოლოდ „ორიონის“ ხომალდის დიზაინი დარჩა.
ტრამპის ამ მიმართულებით აქტიურობამ და პრაქტიკულმა ნაბიჯებმა მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანა შეაშფოთა.
ამასთანავე, ტრამპმა თავდაყირა დააყენა მსოფლიო გლობალიზაციის დოქტრინა და ამბიციურ ფინანსურ წრეებს დისკომფორტი შეუქმნა როგორც დედამიწაზე, ისე კოსმოსშიც.
გაძლიერდა ტრამპის წინააღმდეგ შეთქმულების თეორიები, ხშირად საუბრობენ მის კენედისეული დასასრულის პერსპექტივაზე, განსაკუთრებით მაშინ, თუ ტრამპი ხელმეორედ გაიმარჯვებს საპრეზინენტო არჩევნებში.
P.S. მაშ ასე, კოსმოსური ომი დაწყებულია და ის რას გვიქადის მომავალში დედამიწელებს, არავინ იცის.
ჩვენ კი, ქართველებს, ჩაკრულოს იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა.
ავტორი: რუსუდან ხუბულავა






















