21:17 | 2020-06-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე – ხმები ორ კანდიდატს შორის იყოფა

ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე – ხმები ორ კანდიდატს შორის იყოფა

საკონსტიტუციო სასამართლოს არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ოპოზიცია პარლამენტისგან ე.წ. კლანის აღიარებას მოითხოვს.

 

რეზოლუცია სამმა ოპოზიციურმა პარტიამ უკვე დაარეგისტრირა და მას მხარს 20-მდე იურისტი – მათ შორის რამდენიმე ყოფილი მოსამართლე უჭერს.

 

დოკუმენტში აღწერილია, როგორ აფართოვებს გავლენებს ე.წ. მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფება.

 

სამოქალაქო სექტორსა და ოპოზიციაში დარწმუნებულები არიან, რომ კლანი საკონსტიტუციო სასამართლოსაც დაიმორჩილებს, მისი კანდიდატის, მერაბ ტურავას თავმჯდომარედ არჩევით.

 

„ფორმულას “ ინფორმაციით ხმები მერაბ ტურავასა და ირინა იმერლიშვილს შორის თანაბრად ნაწილდებოდა. გადამწყვეტი მანანა კობახიძის ხმა კი ე.წ. კლანმა ძმის, თედო კობახიძის სასამართლოში გამწესების გზით მიიღო.

 

სასამართლოში არსებული გავლენების შესახებ დისკუსია პარლამენტში დღეს ოპონენტებს შორის უმწვავესი დაპირისპირების რეჟიმში შედგა.

 

აღიარებს თუ არა პარლამენტი სასამართლოში კლანის არსებობას, ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება საკანონმდებლო ორგანომ გადადო. თუმცა ცნობილია, რომ რეზოლუციის პროექტს მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს.

 

ყოფილი თანაგუნდელების მიერ ინიცირებული დოკუმენტი საპარლამენტო უმრავლესობამ პროვიკაციულად გამოაცხადა, ყოფილი თანამებძროლები კი ნაციონალური მოძრაობის ქომაგებად.

 

„ჩვენ ვიცით, რომ ეკა ბესელია გახდა ნაციონალური მოძრაობის ქომაგი, მათშორის რურუასი, გვარამიასი, უგულავასი და იმ ადამიანებს, რომლებიც მძიმედ არიან დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის კრიმინალურ პოლიტიკურ წარსულთან.

 

აქედან გამომდინარე მისგან არ გვიკვირს  ასეთი სპეკულაციური დადგენილების პროექტის ინიცირება.“-ამბობს ირაკლი კობახიძე.

 

„კობახიძეს, პირდაპირი მნიშვლენობით თმები ყალყზე უდგება როგორც კი კლანს ვახსენებ სასამართლოში.  “-ასე უპასუხა კობახიძეს ეკა ბესელია.

 

დაპირისპირების და ურთიერთგარჩევის მორიგი რაუნდი თანაგუნდელებს შორის ჯერ კიდევ რეზოლუციის კენჭისყრამდე იყო.

 

ეკა ბესელიამ ირაკლი კობახიძეს შეახსენა, რომ ყოფილი ხელისუფლების მოსამართლეებს სწორედ ის გაურიგდა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ახლა ამ ე.წ. კლანის ერთ-ერთი მთავარი ლობისტია საკანონმდებლო ორგანოში.

 

რეზოლუცია ეკა ბესელიამ ზვიად კვაჭანტირაძემ და ნატო ჩხეიძემ პარლამენტში გასულ წელს პარლამენტში მომხდარი განხეთქილების შემდეგ დაარეგისტრირეს.

 

„ჯერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან იყო მათი დამხმარე ბიჭუნა, ახლა არის როგორც რიგითი პარლამენტის წევრი, მაგრამ მათი კლანის საპატიო წევრიც გახდა ალბათ, ამდენი ამაგის შემდეგ.

 

ეს კლანი ზუსტად განასახიერებს ძალადობრივ სისტემას და რეჟიმს , როდესაც მართლაც ამ მოსამართლეების გარეშე უბრალოდ ვერ მოხდებოდა იმდენი უსამართლობა. “- ამბობს ეკა ბესელია.

 

რეზოლუციის ავტორი 20-მდე იურისტია, მათშორის არიან ყოფილი მოსამართლეები და ყოფილი სახალხო დამცველიც, რომლებიც წერენ, რომ ე.წ. კლანურმა მმართველობამ არამხოლოდ სასამართლო სისტემის, არამედ ქვეყნის დემოკრატიული განვითარებაც შეაფერხა.

 

დოკუმენტით ისინი სპეციალური კომისიის შექმნასაც მოითხოვენ, რომლებიც ე.წ. კლანის საქმიანობას შეისწავლის და პრობლემის მოგვარების გზებზე იმუშავებს.

 

 

არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ - კობახიძე ოპოზიციის შესახებ საუბრობს
2020-06-01არჩევნებში მონაწილეობის აზრს ვერ ხედავენ - კობახიძე ოპოზიციის შესახებ საუბრობს

 

„კლანური მმართველობა იმაში გამოიხატება, რომ სასამართლოში გაბატონებულია 20-30 კაციანი ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც მთლიანად კლანჭებში მოიქცია სასამართლო.

 

დამოუკიდებლად, თავად, ყოველგვარი დასაბუთების, კანონის კონსტიტუციისა და ღირებულებების გვერდის ავლით ნიშნავს მოსამართლეებს და სჯის კიდეც.“ -ამბობს რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორი, მაია ბაქრაძე.

 

„ასეთი ჯგუფი, რომელიც არის გასული ყოველგვარი კონტროლიდან, რისკები კიდევ უფრო იზრდება. არავინ არის დაცული ასეთი სასამართლოს პირობებში.“-ამბობს უჩა ნანუაშვილი.

 

რეზოლუცია ავტორებმა ბოლო რამდენიმე თვეში რამდენჯერმე დაარედაქტირეს. დოკუმენტში მოხვდა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე რეფორმებიც, რომელსაც არაფორმალური მმართველი ე.წ. კლანის მორიგ სამიზნეს ასახელებენ.

 

ყოფილი თანაგუნდელები სასამართლოში არაფორმალური მმართველობის გაძლიერებაში დაადანაშაულეს.

 

„ის რომ კლანი რეალურად არსებობს ად ის, რომ ხელისუფლებასთან არის შეზრდილი, ის რომ არის შერჩევითი სამართალი, ამაზე საუბარი უკვე ზედმეტია.

პირველ მაისს სწორედ ამის გამო დავტოვე უმრავლესობა ერთი წლის წინ. “-ამბობს ლევან კობერიძე.

 

პოლიტიკოსები და მესამე ხელისუფლების წარმომადგენლები ახლა საკონსტიტუციო სასამართლოს ხვალინდელ პროცესებს ელოდებიან, სადაც ახალი თავმჯდომარის ბედი უნდა გადაწყდეს.

 

ფიქრობენ, რომ სასამართლოს არაფორმალური მმართველების და პოლიტიკური ხელისუფლების გეგმები ხვალ უკეთ გამოჩნდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამრთლოს წევრები ე.წ. კლანის პროტეჟედ დასახელებულ მერაბ ტურავასა და ირინა იმერლიშვილს შორის არჩევანს გააკეთებენ.

 

ყოფილი მოსამართლე ირაკლი შავაძე, რომელიც ფიქრობს, რომ მისი პოსტი ამ ჯგუფთან წინააღმდეგობას შეეწირა ერთ-ერთია ვინც საკონსტიტუციო სასამართლოს მომავალს სკეპტიკურად უყურებს.

 

„მიმაჩნია, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს სახელმწიფო ინსტიტუციების დისკრედიტაცია და ეს მხოლოდ არ ხდება საკონსტიტუციო სასამრთლოში.

 

კლანი მხოლოდ სასამართლოში არ არის. ბუნებრივია მათ რომ არ ყოლოდათ აღმასრულებელ ხელისუფლებაში სერიოზული მხარდამჭერი, ეს კლანი ასე ვერ გაძლიერდებოდა.“-ამბობს ირაკლი შავაძე.

 

ვინ გახდება იმ სასამართლოს ახალი თავმჯდომარე, რომელიც ქვეყანაში კონსტიტუციური უფლებების გარანტია, ხვალ გაირკვევა. არჩევანს ტურავსა და იმერლიშვილს შორის პლენუმი ბათუმში გააკეთებს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X