
„ნინო რამიშვილმა დარბაზში შემამჩნია და დაიძახა – პაუზაა!!! გააჩერა რეპეტიცია და მუსიკოსებს გასძახა – დაუკარით „ჯეირანიო“! ისე დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა. იცეკვეო დამიძახა… წარმოიდგინეთ ისეთი ბუმბერაზი მოცეკვავეები, როგორებიც იყვნენ იამზე დოლაბერიძე და ჯემალ ნავროზაშვილი, განზე გადგნენ. ძალიან შემეშინდა, მაგრამ სხვა გზა აღარ მქონდა და ვიცეკვე… „როგორც ეს „ლაწირაკი“ლონდა უგულავა ცეკვავს, თქვენ ამას, ვერასდროს შეძლებთო“…
ი. სუხიშვილის სახელობის ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდიის ქორეოგრაფი, ქალთა ანსამბლ „ფრესკას“ და ანსამბლ „ლაშა-გიორგის“ ხელმძღვანელი ქ-ნი ლონდა უგულავა, პირველი ბავშვია, რომელმაც 6 წლის ასაკში ცეკვა „ჯეირანი“ შეასრულა, რასაც უდიდესი წარმატება მოყვა. იმ პერიოდში, „დიდი“ ნინო რამიშვილის გარდა, ვერავინ შეძლებდა, ამ ურთულესი „როლის“ მორგებას. პატარა ლონდემ, ეს შეძლო და დიდ წარმატებასაც მიაღწია. „პრაიმტაიმი“ დაუკავშირდა ქ-ნ ლონდას და მის წარმატებებზე ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა:
„ჩემს საყვარელ პატარა ლონდას, წარმატებებს ვუსურვებ ქორეოგრაფიის დარგში, რომელსაც ბრწყინვალედ იტვირთავს, ვუსურვებ, რომ თავისი შრომით და ცეკვისადმი სიყვარულით მიაღწიოს თავის მიზანს (სსრკ -ის არტისტები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი) -ასე ეხმიანება ჩეემს წარმატებებს ქ-ნი ნინო და ბ-ნი ილიკო“ – ამ წერილს დიდი ხანია ვიხავ და როცა ვიხსენებ, ყოველთვის ამაყი ვარ!

დედა, მუსიკოსი იყო, ანსამბლ „ერისიონის“ წევრი, ფანდურზე უკრავდა და მღეროდა, ძალიან ლამაზი და ნიჭიერი იყო. ორი და მყავს და ორივე კარგად უკრავს და მღერის. მე, არასდროს მივლია მუსიკაზე. იმ დროინდელი მუსიკის მასწავლებლები, ძალიან მკაცრები იყვნენ, ზოგჯერ ხელებზეც კი ურტყამდნენ ჩემ დებს და მუსიკის გაგონებაც კი აღარ უნდოდათ. დედაჩემს უთქვამს, თუ მესამე შვილი გამიჩნდება, არაფრით არ ვატარებ მუსიკაზეო. მართლაც არ შემიყვანა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ინსტრუმენტზე დაკვრა, ჩემით ვისწავლე, დღემდე არავის ჯერა, რომ თვითნასწავლი მუსიკოსი ვარ. ნოტებიც კი არ ვიცი. მამაც კარგად მღეროდა და ბევრ ინსტუმენტზე უკრავდა. ასე რომ მუსიკალური ოჯახიდან ვარ და ალბათ, ამიტომ მეუღლეც კი ხელოვანი მყავს.
– რა ასაკიდან დაიწყეთ ცეკვა?
3-4 წლის ასაკიდან, ხშირად ვუსმენდი მუსიკას, ძალიან მიყვარდა. პატარა ასაკში დავიწყე ცეკვა, თან მახსოვს, რომ სულ ცეკვის მასწავლებელი ვიყავი. დავაყენებდი თოჯინებს და ვასწავლიდი, ვიგონებდი პერსონაჟებს, ილეთებს და ცეკვებს ვდგამდი. ვერაზე, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდით და ყოველ საღამოს, მეზობლებს კონცერტს ვატარებდი, რაზეც ფილმი „იმერული ესკიზები“ მახსენდება. ყველა ეუბნებოდა დედაჩემს, ამ ბავშვს „კოჭებში“ ეტყობა, დიდი მოცეკვავე გაიზრდებაო.

– შენი პირველი ნაბიჯები და პირველი ქორეოგრაფი…
დედამ პიონერთა სასახლეში, ერთ-ერთ ანსამბლში მიმიყვანა. ისე შემეშინდა, ტირილი დავიწყე, შევარცხვინე დედაჩემი. მთელი ანსამბლი მე მიყურებდა. მეორედ რომ მივედით, და ისევ უარი ვთქვი ცეკვაზე, დედა გაბრაზდა და ხელი მომიქნია. ისე შემეშინდა, ეგრევე ცეკვა დავიწყე და იმის მერე ვცეკვავ (იცინის). ძალიან პატარა, 5 წლის ვიყავი და ანსამბლში ყველაზე ბოლოს ვიდექი. თენგიზ სუხაშვილი იყო ჩემი პედაგოგი, რომელსაც ძალიან მოვწონდი და ბევრ სოლოსაც მაძლევდა.
– უფრო სახასითო ცეკვებს ასრულებდით…
კი, კი ნამდვილად. ცეკვა „აჭარულის“ სოლოს ვცეკვავდი. ძალიან ბევრ კონცერტზე ვიღებდი მონაწილეობას და უამრავი გასტროლიც გვქონდა. დედაჩემი სულ თან დამყვებოდა, ძალიან აქტიური ქალი იყო. მე ასეთი დედა არ ვარ. ყველაფერი მისი დამსახურებაა, მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. რემდენიმე ფილმშიც კი მაქვს მონაწილეობა მიღებული.

– რომელ ფილმებში ხართ გადაღებული?
პირველად, 1974 წელს რეჟისორმა ვალერიან კვაჭაძემ გადამიღო ფილმში „ბებერი მეზურნეები“, სადაც ბუმბერაზ მსახიობებთან ერთად ვთამაშობ. ამ პერიოდშია გადაღებული ფილმი ანსამბლ „მზიურზე“ – „მოვდივართ და მოვიმღერით“, სადაც ასევე ვცეკვავ. ფილმში, მთავარ როლში არიან ლეგენდარული მსახიობები კახი კავსაძე, ბორის წიფურია და სანდრო საკანდელიძე. ფილმის დასაწყისში, „ჯადოსნური ყუთი“ იხსნება და იწყება ფილმი. მართლაც სასწაული იყო, რომ ამ ბუმბერაზ ხალხთან ერთად მოვხვდი. „პიონერთა სასახლის“ მოცეკვავეების და მომღერლების მთელი დასი, თითქმის ყველა ამ ფილმშია გადაღებული, რომლის რეჟისორია, ქ-ნი ნელი ნანოვა.
ამ ფილმის გადაღებებთან ერთად, პარალელურად ჩემი „ჯეირანის“ დადგმები მიმდინარეობდა. ფილმმა, უდიდესი წარმატება მომიტანა, უცხოეთიდან, უამრავი მოწვევები მქონდა – კუბა, არგენტინა. სერიოზული გასტროლები მქონდა, თან სახელმიფო გვაფინანსებდა, ერთ თეთრსაც არ ვიხდიდით.
– თქვენი პირველი დებიუტი…
1972 წელი იყო, ჯერ კიდევ სასახლეში ვცეკვავდი, როცა ჩემმა ქორეოგრაფმა ბ-მა ალბერტ სარქისოვმა, ცეკვა „ჯეირანი„ დამიდგა, რომელიც დიდი ნინო რამიშვილის შემდეგ, გავბედე და პირველმა შევასრულე. ჩემი პირველი დებიუტი, მთაწმინდაზე, ღია ცის ქვეშ შედგა. ძალიან პატარა ვიყავი და ძალიან ვნერვიულობდი. რომ გამოაცხადეს, ცეკვავა „ჯეირანი“, ასრულებს ლონდა უგულავა, ძალიან გავნერვიულდი, თან ემოციური და პასუხისმგებელი ადამიანი ვარ და მახსოვს, რომ შიშისგან „გამეპარა“(იცინის). რეჟისორ თემურ ჩხეიძის მამა, უდიდიესი მსახიობი ნოდარ (ბიჭიკო) ჩხეიძე, რომელიც ამ კონცერტს ხელმძღვანელობდა, ამის შემდეგ, სულ „ქვეშაფსიას“ მეძახდა. ცეკვა რომ დასრულდა, აპლოდისმენტები არ ჩერდებდა, მთელი დარბაზი ფეხზე იდგა და ყვიროდა – ბრავო!. მე ისეთი შეშინებული ვიყავი, ცეკვის გამეორება, ძლივს შევძელი.
– პირველად, როდის ნახა ქ-მა ნინო რამიშვილმა თქვენი „ჯეირანი“ და რა რეაქცია ჰქონდა?
6-7 წლის ვიყავი, ფილარმონიაში კონცერტი მქონდა, სადაც დიდი ნინოს და ილიკოს ანსამბლიც მონაწილეობდა. რეპეტია მქონდა დანიშნული და ჩემ გამოსვლას დარბაზში, დედასთან ერთად ველოდი. სცენაზე „სუხიშვილები“ ცეკვავდნენ. როგორც ჩანს, ქ-მა ნინომ შემამჩნია და დაიძახა – პაუზააა, გააჩერა რეპეტიცია და მუსიკოსებს გასძახა – დაუკარით „ჯეირანიო“. მე დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა. დამიძახა, ამოდი, იცეკვეო. სხვა გზა არ მქონდა, ავედი.

მთელმა დასმა უკან დაიხია, წარმოიდგინეთ, ისეთი ბუმბერაზი მოცეკვავეები, როგორებიც იყვნენ იამზე დოლაბერიძე და ჯემალ ნავროზაშვილი, განზე გადგნენ, სხვა გზა აღარ მქონდა და ვიცეკვე. საოცარი ამბავი ატყდა, ხელში ამიტაცეს და ისე მაფრიალებდნენ. ნინომ დაიყვირა – „როგორც ეს „ლაწირაკი“ლონდა უგულავა ცეკვავს, თქვენ ამას ვერასდროს შეძლებთო“. ეს ფრაზა, არასდროს დამავიწყდება, ისე დავიბენი, არ ვიცოდი რა მექნა. რუსული კარგად არ ვიცოდი და ვერ გავიგე, რას ნიშნავდა „ლაწირაკი“. ამის შემდეგ, ქ-ნი ნინო სულ მეკითხებოდა, „ვისი ორეული ხარ?“. გაოგნებული ვუყურებდი და ვეუბნებოდი, ორეული არა, უგულავა ვარ მეთქი. ვერ ვხვდებოდი, რას ნიშნავდა „ორეული“ (იცინის).
ძალიან პატარა ვიყავი და ამიტომ ყველა მეფერებოდა და მათამამებდა. ძალიან განსხვავებული ბავშვი და ბავშვობა მქონდა. ახლაც კი, როცა ძველი თაობის წარმომადგენლებს ვხვდები, ყველა ჩემ „ჯეირანს“ იხსენებს. ეს ჩემთვის უდიდესი პატივია – თითქოს, თავიდან ვიბადები!

ახლაც მიყვარს სიმღერა, მაგრამ ცეკვა ჩემთვის სულ სხვა. ცოტა სინაზე ახლაც მაკლია, უფრო ცეცხლოვანი და სახასიათო ცეკვები მიზიდავს, სულ სხვაგვარად დუღს – „აჭარული“ და „ხორუმი“. ბიჭები რომ ცეკვავენ, ვგიჟდები, ისე მომწონს.

– ვინ არის თქვენი მეუღლე?
ჩემი მეუღლე კახა ხერხაძე, ყოფილი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. ამჟამად, სამ ანსამბლში, ერთად ვასწავლით. მყავს ორი ვაჟი და შვილიშვილი. ორივე ჩემი შვილი ცეკვავდა, მაგრამ ამ ეტაპზე „დროებითი შესვენება“ აქვთ. 1996 წელს, როცა შევუღლდით, ერთად დავიწყეთ „სტეპის“ ცეეკვა და სწავლა, სახლშიც კი ვცეკვავდით. 1999 წელს, შევქმენით ანსამბლი და ფილარმონიაში გავმართეთ კონცერტი, სადაც „რივერდანსი“, 40 ბავშვთან ერთად შევასრულეთ. „დაინგრა“ დარბაზი, ისეთი აპლოდისმენტები დავიმსახურეთ. გათანამედროვებულ სტილში გავაკეთეთ და დიდი მოწონება ჰქონდა.

– „პიონერთა სასახლის“ შემდეგ, სად გააგრძელეთ ცეკვის სწავლა?
13-14 წლის ასაკში ი. სუხიშვილის და ნ. რამიშვილის სახელობის სტუდიაში მიმიყვანა დედამ და იქ გავაგრძელე ცეკვის სწავლა, სადაც შესანიშნავ ქორეოგრაფ, ქ-ნ ელია წერეთელთან მოვხვდი, რომლის დამსახურებაა, რომ დღეს „სუხიშვილების“ სტუდიის ქალთა ანსამბლ „ფრესკას“ ხელმძღვანელი ვარ. სტუდიაში, პირდაპირ მეორე კურსზე დამსვეს.
სტუდიის იმ დროინდელმა ქორეოგრაფმა მიშა შუბაშუკელმა, რომელიც ქალთა ანსამბლ „ფრესკას“ ხელმძღვანელობდა, ანსამბლში ამიყვანა. პარალელურად, ჰამლეტ კობეშავიძესთან ვცეკვავდი ანსამბლში. სტუდიის დამთავრების შემდეგ, ძალიან ბევრ ანსამბლში მომიწია ცეკვა. ყველას აქცენტი ჰქონდა ჩემ „ჯეირანზე“ და ამიტომ არც ერთ ანსამბლში, მიღებაზე უარს არ მეუბნებოდნენ. დავდიოდი უამრავ გასტროლზე.
– ვინ იყო ქორეოგრაფი, რომელმაც „ჯეირანი“ დაგიდგათ?
ჯეირანი, თავდაპირველად, ქორეოგრაფმა ალბერტ სარქისოვმა დამიდგა, რომელიც პარალელურად, „სუხიშვილების“ სტუდიაშიც მუშაობდა, სადაც ხალხთა ცეკვებს ასწავლიდა. მართლაც უნიჭიერესი ქორეოგრაფების ხელში გავიზარდე და ამით ვამაყობ. „სუხიშვილების“ სტუდია დავამთავრე და ამ ეტაპზე, როგორც ქართული ხალხური ცეკვის, ასევე ხალხთა ცეკვების პედაგოგიც ვარ.

– არასდროს გიცდიათ, სიმღერა?
როგორ არა, 16 წლის ვიყავი ტელევიზიით გავიგე, რომ უნიჭიერესმა მუსიკოსმა ბ-მა ალექსანდრე ბასიალაიმ, კონკურსი გამოაცხადა – „ვეძებთ ვარსკვლავებს“. მე და ჩემ მეგობარს, ხათუნა კორძაძეს, დედამ, ფანტასტიკური სიმღერა დაგვიწერა და ორ ხმაში დაგვამუშავებია. მივედით სინჯებზე, რომელიც ფილარმონიაში მიმდინარეობდა და ამ კონკურსის მონაწილეც გავხდი. ამ კონკურსზე გავიცანი უნიჭიერესი მომღერლები ნუგზარ კვაშალი, ლელა წურწუმია და მრავალი სხვა.

– გარდა „ჯეირანისა“, „უზბეკური“ და „ინდური“ ცეკვაც პირველმა შეასრულეთ…
მართლაც მე ვიყავი პირველი ბავშვი, ვინც „ჯეირანი“, „ინდური“ და „უზბეკური“ ცეკვა, ამ ასაკში პირველმა შევასრულე. 70-იან წლებში, სსრკ-ის სახალხო არტისტი თამარ ხანუმი, საქართველოს სტუმრობდა და მე კონცერტზე, წილად მხვდა, „უზბეკური“ ცეკვა შემესრულებია. იმ პერიოდში, კულტურის მინისტრი იყო ია გამრეკელი, რომელმაც მთხოვა, რომ მის იუბილეზე მეცეკვა.
ინდური ცეკვა, გენიალურმა ქორეოგრაფმა გივი ოდიკაძემ დამიდგა, ნურავის ნუ ეწყინება და იმ პერიოდში, საქართველოში ხალხთა ცეკვების ორი გამორჩეული სპეციალისტი იყო, ალბერტ სარქისოვი და გივი ოდიკაძე. ინდური ცეკვაც პირველად მე შევასრულე. როცა 1974 წელს ინდოეთის პრეზიდენტი ინდირა განდი, საქართველოში ჩამობრძანდა, ედუარდ შევარდნაძესთან ერთად ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზში კონცერტი გამართეს, სადაც ინდური ვიცეკვე. დარბაზში არავინ იყო, მათ გარდა. ძალიან მოეწონა ჩემი ცეკვა და მახსოვს როგორ ჩამეხუტა და შემაქო. ბევრჯერ ყოფილა, რომ 40 გრადუს სიცხიანს, კონცერტზე მიცეკვია. არ არსებობდა მიზეზი, რომ გამეცდინა თუნდაც რეპეტიცია. ხშირად აეროპორტში დახვედრებიც გვიწევდა. არ შემიძლია, რომ არ ვახსენო შესანიშნავი ქორეოგრაფი, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე თამაზ (ყურშა) ჟორჟოლიანი, რომელთანაც დიდიხანს ვცეკვავდი.
– ვისი რეკომენდციით მოხვდით, სუხიშვილების სტუდიაში, ქალთა ანსამბლ „ფრესკას“ ხელმძღვანელად?
ანსამბლ „ფრესკას“ ხელმძღვანელი, ცნობილი ქორეოგრაფი მიშა შუბაშუკელი გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ, სუხიშვილების სტუდიის დირექტორმა ჯემალ ნავროზაშვილმა და ბეჟან სურმავამ დამიბარეს და მითხრეს, არ გვინდა რომ „ფრესკა“ დაიშალოს, გვინდა იარსებოს და შენ იყავი ხელმძღვანელიო. რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით დავთანხმდი და დღემდე ქალთა ანსამბლის ხელმძღვანელი ვარ. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში, სტუდიაში ბუმბერაზი მოცეკვავეები ელია წერეთელი, ბელა კაპანაძე, მანანა აბაზაძე, ნინო კირვალიძე ასწავლიდნენ და ამ დროს, მე ჩამაბარეს „ფრესკა“, როსთვისაც მადლობა, მინდა მოვუხადო სტუდიის დირექტორ ბადრი ცხოვრებაულს. ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო!

გარდა ამისა, მე და ჩემი მეუღლე, თბილისის 24-ე საშუალო სკოლაში ვასწავლით, რისთვისაც უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო, სკოლის დირექტორ ბ-ნ გია მურღულიას და გიორგი კაკაბაძეს. გარდა ქართულისა, მსოფლიო ხალხთა ცეკვებსაც ვასწავლით. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო, 155-ე სკოლის დირექტორ ხათუნა ხულორდავას, სადაც 2003 წელს ანსამბლი „ლაშა- გიორგი“ ჩამოვაყალიბე. ჩემი შვილების სახელებია და ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი, ლაშა გააგრძელებს ამ ანსამბლის ხელმძღვანელობას.
– რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?
რამდენიმე დღეში, ბათუმში გვაქვს დაგეგმილი კონცერტი და ჩემ ანსამბლთან ერთად, ორი დღიან ტურნეზე მივემგზავრებით. პანდემიამ, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს, ძალიან დიდი პრობლემები შეგვიქმნა, მაგრამ უფლის წყალობით, ყველაფერი კარგად იქნება!























