11:54 | 2021-11-24 ავტორი: Prime Time

ვინ იყო ბიზნესმენი, რომელიც 23 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა

ვინ იყო ბიზნესმენი, რომელიც 23 ნოემბერს ტრაგიკულად დაიღუპა

„გვსურს, გავხდეთ პირველი ქართული გუნდი, რომელიც ევროპის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ტურნირზე თამაშის უფლებას მოიპოვებს“, – ასეთი იყო „ზესტაფონის“ პრეზიდენტისა და დამფუძნებლის, ილია კოკაიას სურვილი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა.

 

მწვერვალ „დედაენაზე“ გარდაცვლილი ბიზნესმენის ცხედარი მწვერვალიდან უკვე ჩამოასვენეს. ის მწვერვალის დასალაშქრად მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, კოკაიას ფეხი დაუცურდა, წაიქცა და თავი ძლიერად დაარტყა, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. სამაშველო სამსახურში უბედური შემთხვევის შესახებ სწორედ ბიზნესმენის მეგობარმა დარეკა.

 

„ზესტაფონის“ აღმასვლა

 

 

მან საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“ 2004 წლის 18 ივნისს სააქციო საზოგადოება „გ. ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის“ აქციონერთა ინიციატივით დააფუძნა და გუნდს მაშინვე ხელი დაატყო.

 

მისი პრეზიდენტობის დროს „ზესტაფონი“ საქართველოს წამყვანი კლუბი გახდა და ორჯერ მოიპოვა ჩემპიონობა (2010/2011, 2011/2012), გახდა ვიცე-ჩემპიონი (2013/2014), მესამე ადგილის მფლობელი (2007/2008, 2009/2010), საქართველოს თასის გამარჯვებული (2008) და საქართველოს სუპერთასის გამარჯვებული (2011, 2012).

 

თუმცა მთავარ მიზნის ახდენა არ ეწერა. 2015 წელს გარიგებული თამაშებისადმი პროტესტის ნიშნად კლუბი დატოვა და სტადიონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტს გადასცა. დაბალ ლიგაში დაქვეითებულ გუნდს მაინც ეხმარებოდა და „ზესტაფონს“ აფინანსებდა.

 

ინფრასტრუქტურა

 

 

მისი გარდაცვალებით ქართულ ფეხბურთს გამორეული მოამაგე დააკლდა, რადგან ძალიან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები განახორციელა, რომლის მასშტაბის ობიექტებიც საქართველოში კერძო ბიზნესს არ განუხორციელებია. „ზესტაფონის” საკლუბო ინფრასტრუქტურაში გაჩნდა თანამედროვე სტადიონი და ბაზა ზესტაფონში, ასევე ბაზა თბილისის ზღვაზე, რომლითაც საქართველოს ნაკრებების და კლუბების გარდა, ჩამოსული სტუმრები სარგებლობენ, რადგან გამორჩეული დონის და ხარისხის სპორტული ცენტრია.

 

„ჩვენი პრიორიტეტია სავარჯიშო მოედნების, აღდგენითი ცენტრისა და იმ ინფრასტრუქტურის გაკეთება, რომლის გარეშეც ბავშვთა ფეხბურთის განვითარება წარმოუდგენელია“, – ამბობდა ილია კოკაია.

 

სამწუხაროდ, მის გეგმებს განხორციელება აღარ უწერია, ქართულ ფეხბურთს კი უდიდესი მოამაგე დააკლდა.

 

მთამსვლელობის ჰობი

 

ტრაგიკული შემთხვევა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 3493 მეტრზე მდებარე დედაენის მწვერვალზე ლაშქრობისას მოხდა. არადა, გამოცდილ მთამსვლელს ბევრად რთული და მაღალი მწვერვალები დაულაშქრავს – უშბა, მყინვარწვერი, მონბლანი, ჰიმალაის მთები და ა.შ.

 

ბოლოს, 10 ოქტომბერს საქართველოს დროშა აფრიკის უმაღლეს მწვერვალ კილიმანჯაროზე (5895 მ) აღმართა.

 

„მექა ტურისტული ალპინიზმისთვის (არა სპორტული), რომელზეც უდიდესი მოთხოვნაა დღეს მთელ მსოფლიოში. აქ გვხვდება მაღალი პროფესინალებისაგან დაკიმპლექტებული გუნდი, რომელიც შედგება გიდების, პორტერების, მზარეულების და სამედიცინო პერსონალისაგან. ჩვენ ათკაციან ჯგუფს 37 ადამიანი ემსახურებოდა. უმკაცრესი რეგულაციები, რეინჯერებისა და მაშველთა სერვისი მთელი დაცული ტერიტორიის ფარგლებში, უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სერვისს. საქართველოში ამ სერვისის შექმნა ძალზე რეალურია თუ კი ქვეყანა გამოვა მუდმივი არჩევნების ფაზიდან და გადავა ბიზნესის განვითარების ფაზაში“, – წერდა სოციალურ ქსელში ილია კოკაია.

 

ილია კოკაია

 

 

დაიბადა 1956 წლის 3 ოქტომბერს, ქ. თბილისში.

 

1973 წელს დაამთავრა თბილისის #39 საშუალო სკოლა.

 

1979 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის სპეციალობით.

 

1990 წლამდე მუშაობდა „საქენერგოს“ სისტემაში, სადაც მისი ბოლო თანამდებობა ორთაჭალის ჰიდროელექტროსადგურის ცვლის უფროსობა იყო. 1990 წლიდან ლითონნაკეთობათა წარმოების და რეალიზაციის ბიზნესშია.

 

1996 წელს გახდა პირველი ქართველი ფიფა-ს საფეხბურთო ლიცენზირებული აგენტი – იმ მომენტისთვის, მსოფლიოში სულ 13 აგენტი იყო, რომელთაგან 6 გერმანელი, 3 ინგლისელი, დანარჩენი კი ევროპის კიდევ 4 ქვეყნის წარმომადგენლები გახლდნენ. ეს საქმიანობა მხოლოდ 2004 წელს, „ზესტაფონის“ დაფუძნებისას შეწყვიტა. 1998-1999 წლებში იყო ტირასპოლის „შერიფის“ გენერალური დირექტორი.

 

2003-2007 წლებში იყო ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი აქციონერი. 2004 წლიდან დღემდე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მფლობელია.

 

2007 წელს პარტნიორებმა და მან შეიძინეს ს/ს „ჭიათურმანგანუმი“ და „ვარციხეჰესების კასკადი“ და ზესტაფონის „ფეროსთან“ ერთად შექმნილი ს/ს „ჯორჯიან მანგანეზი“ მართვაში გადასცეს უკრაინულ ჰოლდინგ „პრივატჯგუფს“.

 

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ავტორი: Prime Time

X