
„ფიცხი, მამაცი, ჭკვიანი. მისი ტაქტიკა – აღტკინება, შეტევა. ჩინებული მცოდნე ჯარისკაცთა ფსიქოლოგიისა, დიდი ინიციატივის პატრონი. მან ერთადერთმა შეინარჩუნა წესიერება თავის ნაწილებში ფრონტზედ ჯარების დაშლის დროს. ბრძოლაში სრულიად უშიშარი; იცის მასსების გამხნევება და მათი გატაცება. ნერვიული, განუწყვეტლივ ეწევა პაპიროსს. საუკეთესო ოფიცერი ქართული ჯარისა“,– ასე ახასიათებდნენ გენერალ გიორგი კვინიტაძეს, რომელიც გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ საქართველოში ჩამოასვენეს.
გიორგი კვინიტაძე 1874 წელს დაიბადა. თბილისის კადეტთა კორპუსის დარსულების შემდეგ სწავლა პეტერბურგში, კონსტანტინეს სახელობის არტილერისტთა სამხედრო სასწავლებელში განაგრძო და უმცროსი ლეიტენანტის წოდება მიიღო.

პირველ მსოფლიო ომში გიორგი კვინიტაძე კავკასიის ფრონტზე იბრძოდა. ომის დასაწყისში, იგი თბილისის რაიონის მებრძოლთა ჯგუფის მეთაურის და კომენდანტის შტაბის უფროსად დაინიშნა. ამასთან, გიორგი კვინიტაძეს სხვა ბევრი წარმატებაც ჰქონდა დაგროვილი:
რუსულ არმიაში სამსახურის დროს მან ჯილდოდ მიიღო: წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენი და წმინდა გიორგის ხმალი; წმინდა ვლადიმირის მესამე ხარისხის ორდენი ხმლით; წმინდა ვლადიმირის მეოთხე ხარისხის ორდენი, შემკული ხმლითა და ბაფთით; წმინდა ანას მეორე ხარისხის ორდენი, წარწერით სიმამაცისთვის და ხმლით; ასევე წმინდა ანას მესამე და მეოთხე ხარისხის ორდენები; წმინდა სტანისლავის მეორე ხარისხის ორდენი, ხმლითა და ბაფთით; წმინდა სტანისლავის მესამე ხარისხის ორდენი.
ვის და როგორ შეუძლია სახელმწიფოსგან 500-ლარიანი ერთჯერადი დახმარების მიღება
1917-1918 წლებში, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე, გენერალი კვინიტაძე აქტიურად მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში. დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, მცირე ხნის განმავლობაში, სამხედრო მინისტრის მოადგილის თანამდებობა ეკავა. აქტიურად იყო ჩართული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესში მიმდინარე დისკუსიაში. მისი მოსაზრებით, აუცილებელი იყო მხოლოდ რეგულარული არმიის ჩამოყალიბება, თუმცა მის ჩამოყალიბებამდე, სახალხო გვარდიის არსებობის წინააღმდეგი არ იყო. კვინიტაძე სამხედრო სამინისტროს სათავეში სამხედრო პირის დანიშვნას და ჯარის ტერიტორიული პრინციპით დაკომპლექტებას ითხოვდა.

1918 წლის დეკემბერში, გიორგი კვინიტაძე სადახლო-შულავერის ფრონტის სარდლის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სავალე შტაბის უფროსად დაინიშნა. მან 1919 წლის თებერვალ-მარტში ახალციხესა და არტაანში წარმატებული სამხედრო ოპერაცია ჩაატარა, სადაც ე.წ ,,სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის” მთავრობის შეიარაღებული ფორმირებები და ადგილობრივი სეპარატისტები დაამარცხა. მან დიდი წვლილი შეიტანა, 1919 წელს, ქართული სამხედრო სკოლის დაარსებაში და იყო მისი პირველი ხელმძღვანელი.
1920 წლის 29 აპრილს გენერალი კვინიტაძე შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად დაინიშნა და ამავე წლის მაისში, უკვე გასაბჭოებული აზერბაიჯანიდან საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმიის ნაწილები დაამარცხა.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის მიმდინარეობისას, 16 თებერვალს, გენერალი ილია ოდიშელიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად, მთავარსარდლად ისევ გენერალი კვინიტაძე დანიშნეს, რომელმაც ხელთ არსებული მცირე ძალებით, თბილისის დაცვა გადაწყვიტა და დედაქალაქის თავდაცვის სამი სექტორი ჩამოაყალიბა.
გენერალმა კვინიტაძემ, 18-24 თებერვალს, მოწინააღმდეგის მიერ თბილისზე განხორციელებული რამოდენიმე შტურმი მოიგერია და მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა, თუმცა 24 თებერვლის საღამოს, დედაქალაქის დატოვებისა და ბრძოლის მცხეთის პოზიციებიდან გაგრძელების ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული მოქმედებით იგი ფრონტის ხაზის შემოკლებას აპირებდა. კვინიტაძემ ეს გადაწყვეტილება რეზერვის არყოლისა და დაუცველი ფლანგებიდან რუსული ცხენოსანი შენაერთების მანევრების გამო მიიღო, რაც მისი აზრით, დედაქალაქის დამცველებს ალყაში აქცევდა და განადგურებას უქადდა. თბილისიდან უკანდახევის შემდეგ, ჯარის მორალური სულისკვეთება დაეცა და მცხეთის პოზიციებზე გამაგრება ვერ მოხერხდა. კვინიტაძის მხრიდან მოწინააღმდეგის დამარცხების უკანასკნელი მცდელობა 4-6 მარტს, ოსიაურის ბრძოლაში ჩაიშალა.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, გენერალი კვინიტაძე, მთავრობისა და სარდლობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის მახლობლად, ლევილში. სამხედრო სამსახური არცერთი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში არ გაუგრძელებია. გარდაიცვალა 1970 წელს.
2013 წლის 26 მაისს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდალი შეიარაღებული ძალების შესახებ წერდა: „არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს“.






















