19:21 | 2021-11-29 ავტორი: Prime Time

ვინ იყო ქალი გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში, ვის გამოც ის ღამღამობით კართან ბაბუის სანადირო თოფით იდგა

ვინ იყო ქალი გელა ჩარკვიანის ცხოვრებაში, ვის გამოც ის ღამღამობით კართან ბაბუის სანადირო თოფით იდგა

„როგორც ბავშვობაში შენი დაბადების დღიდან მიჰყავთ მშობლებს შენი მეგობრები, ასევე რიგრიგობით მიჰყავს ისინი დღეს ჩვენს საერთო მშობელს. მაშინდელივით განიცდი, გინდა, გაგრძელდეს ზეიმი. აღარავინ გრჩება, რომ ეთამაშო.“

 

ეს მისი სიტყვებია, გელა ჩარკვიანის, რომელიც 11 ნოემბერს მაღალმა ქართულმა საზოგადოებამ მიწას მიაბარა. დღეს მის „დღიურებს“ გთავაზობთ. ერთად გადავავლოთ თვალი ამ არაჩვეულებრივი კაცის კიდევ სხვა ცხოვრებისეულ ისტორიებს.

 

 

ხუმარა შევარდნაძე და გადაგდებული გელა ჩარკვიანი

 

ციხესთან დაკავშირებული ხუმრობა შევის (შევარდნაძეს) უყვარდა. ერთხელ, როცა მენაღარიშვილმა და მე რაღაც საქმე წარმატებით დავასრულეთ, ასე გვითხრა: „რა ვქნა, ნობელის პრემიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად გპირდებით: არ დაგიჭერთ”.

 

 

ჯაბა, გელა და გაოცებული ბუტროს გალი

 

„აღმოსავლეთ-დასავლეთის” ცენტრში ბუტროს გალის საპატიო წევრობა მიანიჭეს და თამაზ გამყრელიძემ მას არაბულად მიმართა. იქიდან მე და ჯაბა იოსელიანი ჩავუჯექით მანქანაში და მცხეთისკენ გავემართეთ. გალიმ დაიჩივლა, რომ ბოლო ოცი წლის განმავლობაში მან ათჯერ მოიარა მსოფლიო, მაგრამ არაფერი უნახავს სასტუმროს ლუქსებისა და ხელმძღვანელთა კაბინეტების გარდა. მეც ასე ვიყავიო, უპასუხა ჯაბამ, სულ სხვადასხვა ადგილებში გადავყავდით, მაგრამ ციხის კამერის მეტი არაფერი მინახავსო.

 

ელჩებისგან მიტოვებული ცოლები და გელა ჩარკვიანის სახუმარო თეორია

 

ყველაზე ადრე ჩამოსულმა ელჩებმა, დალჰოფმა და ბრაუნმა ძველი მეუღლეების მიტოვება და ახლებზე დაქორწინებაც მოასწრეს. არ გამკვირვებია – თბილისი რომანტიკული ქალაქია და შუა ასაკის დასავლელ მამაკაცებში უთუოდ გამოაღვიძებს დიდი ხნის მიძინებულ, სიჭაბუკეში განცდილ აღტყინებას. მაშინ მე სახუმარო თეორიაც შევქმენი, რომელსაც „ქართული სუფრის ეფექტი“ ვუწოდე. ევროპელ მამაკაცებს ხომ არასდროს გაუგონიათ ისეთი ქათინაურები, რომლებსაც სუფრაზე მათ მიმართ ნათქვამ სადღეგრძელოებში ისმენენ – ეს ხარ, ის ხარ, ნიჭიერი, ლამაზი, კეთილშობილი, ვაჟკაცური, დახვეწილი… ყოველივე ამის კუმულატიური ეფექტი კი ისაა, რომ კაცი თანდათან იჯერებს, რასაც ეუბნებიან, მისი ეგო უსაშველოდ დიდდება, შეხედავს თავის ვეტერან მეუღლეს და თავში მკრეხელური აზრი გაუელვებს, – მე მგონი, უკეთესის ღირსი ვარო.

 

კომკავშირელი თუ არაკომკავშირელი „ჩირკა“

 

საბჭოთა თინეიჯერი კომკავშირელი უნდა ყოფილიყო და მოსკოვში ამ ორგანიზაციაში მიღების საკითხს დიდი სერიოზულობით ეკიდებოდნენ. კომკავშირში გაწევრიანებას, ისე როგორც ყველა, მეც აუცილებლად მივიჩნევდი… გოგი და მერაბიც კომკავშირლები იყვნენ, კანდიდი და თამარა კი – კომუნისტური პარტიის წევრები. როცა სხდომაზე ჩემი მიღების საკითხი გამოიტანეს, წამოვდექი და დაველოდე, როგორ დამახასიათებდა ჩემი კლასის მდივანი. არ მომეწონა, შეცბუნებული და დარცხვენილი გამოიყურებოდა, თუმცა მალე ძალა მოიკრიბა და თქვა: „ჩვენ ვითათბირეთ ჩარკვიანის ორგანიზაციაში მიღების შესახებ და დავასკვენით, რომ იგი არ იმსახურებს, რადგან უკრავს ჯაზს”. მოულოდნელობისაგან გავოგნდი. ეს ბიჭი მუდამ ჩემ გვერდით იდგა, როცა ვუკრავდი და სიხარულს ვერ მალავდა, ფეხებს აბაკუნებდა. ამ დროს ხელი ასწია კლასელმა, რომელსაც მეგობრად არ მივიჩნევდი, მაგრამ ხშირად ვხვდებოდი და ის ჩემთან სახლშიც იყო ნამყოფი. „თუ შეიძლება, დავამატებ ერთ დეტალს, – დაიწყო მან, – ჩარკვიანი არამარტო ჯაზს უკრავს, არამედ შიშველ ქალებსაც ხატავს!“ გამახსენდა, ჩემთან როცა იყო, ვაჩვენე ჯორჯონეს „მძინარე ვენერას” ჩემ მიერ ზეთის საღებავებით გაკეთებული ასლი. მაინცდამაინც ჩაცმული ეს ვენერა მართლაც არ არის. ბოლოს ერთხმად უარი მეთქვა კომკავშირლობაზე. სახლში სასოწარკვეთილი ვბრუნდებოდი – ამას დედაჩემი ხვალვე გაიგებდა და კანდიდს მისწერდა, ის კი საშინლად იღელვებდა, ჩათვლიდა, რომ მე ხელიდან წავედი და ცხოვრებაში ვერაფერს მივაღწევ, დავიღუპები. როცა სადარბაზოს ზამბარიან კარს ვაღებდი, ვიღაცამ სახელოზე მომქაჩა. შემოვტრიალდი. ჩემ წინ პატარა ტანის ებრაელი ბიჭი იდგა. ის ჩემს კლასში სწავლობდა, მაგრამ იქამდე ერთმანეთს არასდროს დავლაპარაკებივართ. „ჩირკა, იცი, მე ხელი არ ავწიე, გამოდის, რომ თავი შევიკავე, გესმის?” – ჩუმად მითხრა და სწრაფი ნაბიჯით თავისი სადარბაზოსაკენ გაემართა, ჩემთან მოჩურჩულე რომ არავის დაენახა.

 

„ვაიმე, ვიღაც მოდის!..“

 

თაფლობის ორი კვირა მე და ნანამ ქორენიშში გავატარეთ. ჩვენი ოთახის ფანჯრები სიმინდის ყანას გადაჰყურებდა და პირველივე ღამის გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ წყნარი ცხოვრება არ მელოდა. სოფელს შეუჩვეველ ნანას დაძინება უჭირდა და ყოველ ჯერზე, როცა ნიავი სიმინდს ააშრიალებდა, მაღვიძებდა, – ვაიმე, ვიღაც მოდისო. მისი დიდი ლამაზი თვალები უტყუარ შიშს ასხივებდნენ. კედლიდან ბაბუაჩემის სანადირო თოფს ჩამოვიღებდი და სახლის კართან დავდგებოდი. ღამის განმავლობაში ეს რამდენჯერმე ხდებოდა და მხოლოდ მაშინ ვიძინებდით, როცა აღმოსავლეთით ცისკრის ვარსკვლავი გამოჩნდებოდა. ღამენათევებს საღამომდე გვეძინა, რაც ალბათ, მეზობლებს აფიქრებინებდა, – ნუთუ ღამეს ვერ იმყოფინებენო.

 

„ეს კიდევ დიდხანს გაატ…ებს?”

 

ერთხელ, ჩემი თხოვნით [შევარდნაძემ] მიიღო დიდი ტანის, შეუხედავი, აგრესიული ამერიკელი ქალი, გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. გავიდა ერთი საათი და ქალბატონი იმავე აღგზნებულ ტონალობაში, თითქოს აქ არაფერიაო, აგრძელებდა თავის მონოლოგს. შევიმ ქაღალდის ნაგლეჯზე რაღაც დაწერა და ჩემკენ მოაჩოჩა. ვკითხულობ. „ეს კიდევ დიდხანს გაატ…ებს?” პასუხად მივაწერე: „შევეცდები არ გავატ…ბინო”. მართლაც ვცდილობდი, მაგრამ არაფერი გამომდიოდა. ქალს სათქმელი არ ელეოდა. როცა, ბოლოს და ბოლოს, მოვახერხე მისი ოთახიდან გაყვანა და შემოვბრუნდი, შევი გაცეცხლებული დამხვდა. ყველაფერი შენი ბრალიაო, მისაყვედურა. მე, ალბათ, პირველი მამაკაცი ვარ, ვინც ამ ქალთან საათ-ნახევარი გაატარაო.

 

ამონარიდები გელა ჩარკვიანის დღიურიდან „თბილისელებში“ გამოქვეყნდა.

 

ავტორი: Prime Time

X