15:40 | 2020-10-22 ავტორი: თეონა ყაჭიური

ვინ რას ამბობს ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის შესახებ – მთავრობა, ოპოზიცია და ექსპერტები

ვინ რას ამბობს ზუგდიდში მომხდარი თავდასხმის შესახებ – მთავრობა, ოპოზიცია და ექსპერტები

ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას დღეს დილიდან სხვადასხვა შეფასება უკვე მოჰყვა. სპეცოპერაციას აფასებენ როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლები.

 

იმ ფაქტს, რომ ყველა მძევალი უვნებელი გადარჩა, მმართველი პარტია დადებითად აფასებს. ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ დამნაშავის დაკავება მალე მოხდება. პრემიერმა დღევანდელი მთავრობის სხდომა სწორედ სპეცოპერაციაზე საუბრით დაიწყო.

 

„ის რომ მძევლების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება პირველი რიგის ამოცანაა. შსს-ს და სამართალდამცველებს სრულად აქვთ უმთავრესი ამოცანა დღეს, რომ უმძიმესი დანაშაულის ჩამდენი პირი სასწრაფოდ, უმოკლეს ვადებში იყოს დაკავებული“,- განაცხადა პრემიერმა დღეს გამართულ სხდომაზე.

 

რა მარშრუტით გადაადგილდებოდა თავდამსხმელი და სად ქრება მისი კვალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ - ადგილობრივების ვერსიები
2020-10-22რა მარშრუტით გადაადგილდებოდა თავდამსხმელი და სად ქრება მისი კვალი მძევლების გათავისუფლების შემდეგ - ადგილობრივების ვერსიები

 

სპეცოპერაციასთან დაკავშირებით კომენტარი შს მინისტრმაც გააკეთა. როგორც ვახტანგ გომელაური ამბობს, სახელმწიფომ და შსს სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა, რომ არავინ დაშავებულიყო.

 

„ყველაფერი გავაკეთეთ შს სამინისტრომ და ხელისუფლებამ, რომ არავინ არ დაშავებულიყო. პირველი ჩვენი ამოცანა, რომელიც დავისახეთ, ეს ხელმძღვანელობასთან იყო შეთანხმებული.მინდა მადლობა გადავუხადო ავთო გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა. ეს არც ჩემთვის იყო ადვილი, რომ თანამშრომელი გამეგზავნა. ის ან დაბრუნდებოდა ან არა ცოცხალი. ეს გადწყვეტილება ჩემთვისაც რთული იყო. ერთი წამით მას უარი არ უთქვამს და არ შეუდრეკია თავისი ნაბიჯი, წარბი არ შეუხრია“,- აღნიშნა გომელაურმა.

 

ფაქტს გამოეხმაურა ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც.

 

„მადლობა ღმერთს, რომ მაღალი პროფესიონალიზმით მოქმედების შედეგად ყველა მძევალი უვნებლად გადარჩა.პოლიციელი გმირია! ავთანდილ გალდავა გმირი“,- ამბობს ანრი ოხანაშვილი.

 

ამასთან, „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატი, ირაკლი ჩიქოვანი, მადლობას უხდის სამართალდამცავ ორგანოებს.

 

„რა თქმა უნდა, იყო შესაძლებლობა, რომ ყველაფერი სხვა სცენარით განვითარებულიყო, მაგრამ სამართალდამცავებმა ამისგან თავი შეიკავეს და მიღწეული იქნა მიზანი. სპეციალური მადლობა მინდა ვუთხრა ავთანდილ გალდავას, რომელმაც მაღალი პროფესიონალიზმი გვაჩვენა. ოპერაცია კვლავაც მიმდინარეობს, სამძებრო ღონისძიებები ტარდება“,– აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

გამოხმაურებები ოპოზიციაში 

 

ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციას ეხმაურებიან ოპოზიციაშიც. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ამბობს, გუშინდელი ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა სერიოზულ კრიზისშია და ქვეყანაში კრიმინალი დაბრუნდა.

 

„მომხდარი ფაქტის მთლიანი სურათი რაზე მეტყველებს? იმაზე, რომ სისტემა არის სერიოზულ კრიზისში, რომ დაბრუნდა კრიმინალი თავისი მრავალფეროვნობით. ისეთ რამეს შევესწარით, რაც მხოლოდ ფილმებში გვინახავს. ჰო და, ამათ ხელში რაც გვინახავს, კიდევ ვნახავთ. ეს უკვე ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, ანუ არჩევნებზე“,– ამბობს რომან გოცირიძე.

 

ფაქტს დღეს დილით გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. როგორც იგი აღნიშნავს, მსგავსი რამ შევარდნაძის დროსაც კი წარმოუდგენელი იყო. ამასთან, სააკაშვილი თავადვე პასუხობს კითხვას, რატომ ვერავინ შეამჩნია შეიარაღებული ადამიანი ზუგდიდის ცენტრალურ ქუჩებში. როგორც იგი ამბობს, ამ დროის სუს-ს და პოლიციას თავდამსხმელისთვის არ ეცლა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე იყო გადართული.

 

„რა იყო ის, რაც გუშინ ჩვენ ვნახეთ. ასეთი რამე საქართველოში არ იყო წარმოსადგენი შევარდნაძის დროსაც კი, ჩვენ დროს აღარ ვლაპარაკობ. ასეთი რამ შეუძლებელია ოდნავ მაინც ორგანიზებულ სახელმწიფოში. საქმეც იმაშია, რომ საქართველოს სახელმწიფო მათ პრაქტიკულად გაანადგურეს და ამაში გუშინ დავრწმუნდით“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

 

რას ჰყვება ოპერატორი, რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელმა ისროლა - ექსტრემალური ვიდეოკადრები
2020-10-22რას ჰყვება ოპერატორი, რომლის მიმართულებითაც თავდამსხმელმა ისროლა - ექსტრემალური ვიდეოკადრები

 

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენლის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ასეთი შემთხვევების დროს მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენა პრიორიტეტს წარმოადგენს. გიორგი ვაშაძე სპეცოპერაციის შეფასებისას ამბობს, რომ გარდა მძევალთათვის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გაწევისა, მთავარი საკითხი დამნაშავის მოძებნაა, რისთვისაც სამართალდამცველებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ.

 

სპეცოპერაციას სოციალურ ქსელში ასევე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი. როგორც იგი ამბობს, სანამ ყველა კითხვაზე პასუხი არგვეცოდინება, დასკვნების გამოტანა ნაადრევია.

 

„სამხარეოს უფროსის როლი რა იყო, ვიცით? ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს, ტყეში ტერორისტის მიყვანა და გაშვება უბრძანეს თუ…? ოკუპირებული ტერიტორიის იმ მონაკვეთზე,  ქართული სპეცრაზმის ჩასაფრება არ უნდა ყოფილიყო ჩვენი კონტროლირებადი ტერიტორიის  ბოლოს? სპეცოპერაციის ფინალს უნდა ველოდოთ უახლოეს საათებში თუ აღარ? სანამ არ გვაქვს პასუხი ამ კითხვებზე, საბოლოო დასკვნებიც ნაადრევია“,- წერს დავით ბერძენიშვილი სოციალურ ქსელში.

 

აღსანიშნავია, რომ გუშინდელმა ფაქტმა ზოგიერთი პოლიტიკოსი ხუმრობის ხასიათზეც დააყენა. პარტია „მოქალაქეების“ დამფუძნებელი, ალეკო ელისაშვილი შემთხვევას სოციალურ ქსელში ასე ეხმაურება.

 

„ნანობს ალბათ ის ტიპი, მეტი რატომ არ მოვითხოვეო…რომ სცოდნოდა ასეთი ბოთეებივით მოიქცეოდა სახელმწიფო, უეჭველი გაზრდიდა თანხას“,- ამბობს ელისაშვილი.

 

ექსპერტები 

 

„პრაიმტაიმთან“ საუბრისას ზუგდიდის სპეცოპერაციას აფასებენ ექსპერტებიც.

 

„ეს იყო სპეცოპერაცია, როცა მძევლების სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერი გაკეთდა, თუმცა არა მაქსიმუმი, რადგან დარჩა ბევრი კითხვა. თავდამსხმელმა ფული რომ წაიღო, ეს ძალიან ცუდია. ვერ ვიტყვი, რომ ეს თავდასხმა რომელიმე მხარის ორგანიზებული იყო. დამრჩა განცდა, იგრძნობოდა თეატრალური ელემენტები“, – ამბობს კავკასიის საკითხებში ექსპერტი, მამუკა არეშიძე.

 

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, ამირან სალუქვაძეც იზიარებს მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში მაქსიმუმი არ გაკეთებულა, რადგან დამნაშავე ჯერ დაკავებული არ არის.

 

VIDEO: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს ბოლოს გათავისუფლებული სამი მძევალი
2020-10-22VIDEO: ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს ბოლოს გათავისუფლებული სამი მძევალი

 

„მაქსიმუმი არის მაშინ, როდესაც დაკავებულია ბოროტმოქმედი. პირველ რიგში, გათვალისწინებული ყოფილიყო მძევლების, ჩვენი თანამოქალაქეების უსაფრთხოება, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, მაქსიმუმია გაკეთებული. სამართალდამცველებს გარკვეული ხელჩასაჭიდი უკვე უნდა ჰქონდეთ, რაც ადრე თუ გვიან მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ეს პირი დააკავონ და სასამართლოს წინაშე წარსდგეს“, – აღნიშნავს ამირან სალუქვაძე.

 

„პრაიმტაიმთან“ სპეცოპერაცია ასევე შეაფასა უსაფრთხოების ექპერტმა, ლაშა პატარაიამ.

 

“ეს იყო ტაქტიკური წარმატება – ძირითადი ამოცანა შესრულებულია. იმისთვის, რომ ამ სპეცოპერაციას წარმატებული ვუწოდოთ, ამას ძალიან ბევრი კომპონენტის დაკმაყოფილება სჭირდება. მძევლების გათავისუფლება არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს ერთ-ერთი კომპონენტია, მეორეა დამნაშავის დაჭერა“,– აღნიშნავს ლაშა პატარაია.

 

რას ამბობენ ოკუპირებულ აფხაზეთში 

 

ზუგდიდში მომხდარ ფაქტს ეხმაურებიან ოკუპირებულ აფხაზეთშიც. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით უცნობია სად შეიძლება წასულიყო დამნაშავე, ოკპუირებულ აფხაზეთში ამბობენ, რომ დამნაშვე „საზღვრის“ გადაკვეთას ვერ შეძლებს.

 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა აცხადებს, რომ თუ ბანკზე თავდამსხმელმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთა, სოხუმი მას თბილისს გადასცემს. სერგეი შამბა არარეალურს უწოდებს თავდამსხმელის მიერ აფხაზეთში გადასვლას.

 

შეგახსენებთ, ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

 

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.

 

გათავისუფლებულმა მძევალმა ლაშა შენგელიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ თავდამსხმელმა ყველა მათგანი ერთდროულად გაათავისუფლა. მძევლები თავს კარგად გრძნობენ.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X