
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მოხელეები, პედაგოგები, სამედიცინო პერსონალი და ყველა ის პირი, ვინც ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, ვაქცინაციისგან თავის დაღწევის უფლება არ უნდა ჰქონდეს. ამის შესახებ კულუმბეგოვმა „დღის კურიერში“ საუბრისას განაცხადა.
“მე ვფიქრობ, რომ სავალდებულო ვაქცინაცია უკვე დაგვიანებულია, მაგრამ არასოდეს გვიანი არ არის, რა თქმა უნდა. ჩვენ ყველა დღე, როცა ვაქცინაციის ნიშნულს ავწევთ, რომელიც ძალიან ქვემოთ არის ახლა ჩამოსული განსხვავებით აგვისტო-სექტემბრისა, რა საკვირველია ეს ითარგმნება პირდაპირ გადარჩენილი ადამიანების სიცოცხლეში.
ამიტომ, პედაგოგები იქნება ეს თუ სახელმწიფო მოხელეები იქნებიან, თუ ყველა, ვინც ბიუჯეტიდან იღებს ხელფასს და სამედიცინო პერსონალი, რა საკვირველია მანდატორული ვაქცინაცია, თუ ადამიანს ახლა აქვს დროებითი გადავადების უკუჩვენება, ეს შეიძლება იყოს რამე მწვავე დაავადება, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, თუ ექნება ექიმის ჩანაწერი, ან სხვა რაიმე უიშვიათესი უკუჩვენება, ალერგენები, რომლებიც შემავალია ვაქცინაში, თუ მის მიმართ აქვს ადამიანს ანაფილაქსია, სულ რამდენიმე გამონაკლისი არსებობს, ერთი დროებითია და მუდმივი არის თითზე ჩამოსათვლელი, სხვა შემთხვევაში ადამიანს არ უნდა ჰქონდეს უფლება ვაქცინაციისგან თავის დაღწევის, ან ალტერნატივა უნდა იყოს რა საკვირველია ინტენსიური ტესტირების რეჟიმი. სხვანაირად, ეს რაც უფრო დაგვიანდება, ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკან-უკან წავა,” – აცხადებს ბიძინა გულუმბეგოვი.
18 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 914 269 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 011 376 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.6 %.
სრულად ვაქცინირებულია 902 660 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 31.6%. 17 ოქტომბერს აიცრა 2 260 ადამიანი.























