18:34 | 2020-09-28 ავტორი: Prime Time

„ვირუსი არსებობს და საშიშიცაა“- ინტერვიუ გურულ კოვიდინფიცირებულ პედაგოგთან

„ვირუსი არსებობს და საშიშიცაა“- ინტერვიუ გურულ კოვიდინფიცირებულ პედაგოგთან

გურიის რეგიონში ბოლო მონაცემებით კორონავირუსი 10 პედაგოგს და 7 ბავშვს დაუდასტურდა. გართულებული ეპიდსიტუაციის გამო დღეს დილიდან ოზურგეთის 42 საჯარო და 2 სასულიერო გიმნაზია ონლაინ სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ინფიცირებულმა პედაგოგებმა როგორც თანამშრომლები, ასევე მოსწავლეების დააინფიცირეს.რამოდენიმე დღის წინ ლაითურის სკოლის პედაგოგი, რომელსაც კორონავირუსი დადასტურებული ჰქონდა და ქალაქში დადიოდა, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო 2000 ლარით დააჯარიმეს.

 

პრაიმტაიმმა“ ინტერვიუ გურიის რეგიონში მცხოვრებ, ერთ-ერთ კოვიდდადასტურებულ პაციენტთან ჩაწერა, რომელიც რამოდენიმე დღეში, განმეორებითი კვლევის პასუხებს ელოდება.

 

მასწავლებელი გვესაუბრა, თუ როგორ დაინფიცირდა, რა შეგრძნებაა როდესაც უხილავ და თითქმის ამოუცნობ დაავადებას ებრძვი და რისი გააზრებაა კარანტინში ყველაზე რთული.

 

– მოგვიყევით, როგორ მოხდა თქვენი დაინფიცირება, რა სიმპტომები გქონდათ?

 

– ერთ-ერთი სკოლის პედაგოგი ვარ. თავდაპირველად ვირუსი ჩემს კოლეგას დაუდასტურდა. თანამშრომლებს ჩაგვიტარეს კვლევები და მე კოვიდდადებითი აღმოვჩნდი.

 

ვერ აგიხსნით, რა განცდა მქონდა პასუხის გაგების მომენტში. სრულიად მარტო და დაუცველად ვიგრძენი თავი. მიკვირს იმ ხალხის, ვისაც ვირუსის არსებობის არ სჯერა. კორონავირუსი არსებობს და საშიშიცაა, იმუნიტეტს და ზოგადად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას გააჩნია. ყველას სხვადასხვანაირად გადააქვს.

 

რამდენი PCR-ტესტი რჩება საქართველოს მარაგში 
2020-09-28რამდენი PCR-ტესტი რჩება საქართველოს მარაგში 

 

თავიდან გემო დავკარგე, ისე არანაირი ჩივილი არ მქონდა. ორი დღის მერე კი მომცა სიცხე, ვსვამდი პარაცეტამოლს.

 

მძიმეა ფსიქოლოგიურად იმის გადახარშვა, რომ მსოფლიოში ახალი, თითქმის გამოუკვლეველი ვირუსი გაქვს. სულ თავი მტკიოდა ფიქრით თუ ვირუსის გამო არც ვიცი. ოჯახზე ვდარდობდი, ახლაც ვლოცულობ ოღონდ მათ არ დაუდასტურდეთ.

 

– რას ეტყოდით ადამიანებს, რომლებიც თვითიზოლაციის წესებს არღვევენ?
– არ გამოვიდნენ გარეთ, არაა რთული, გემუდარებით საკუთარ თავსაც და სხვა ადამიანებსაც გაუფრთხილდით. არავინ მემეტება დარდში და მარტოობაში გათეული ღამეებისთვის.

 

– ახლა როგორ გრძნობთ თავს?
– ახლა სიცხე აღარ მაქვს, შეიძლება ითქვას რომ თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ორ დღეში ველოდები განმეორებითი კვლევების შედეგს და დიდი იმედი მაქვს კოვიდუარყოფითი ვიქნები.

 

 

 

 

 

ავტორი: ნინე ულუმბელაშვილი

 

ავტორი: Prime Time

X