
„დრო ჯერ კიდევ გვაქვს და ყველამ ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ რომ ვაქცინაციის დაწყებას ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად მზად დავხვდეთ. თუ მალე არ დავიბრუნეთ ნორმალური ცხოვრების რიტმი სიღარიბე არანაკლები მტერია“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს.
მისივე თქმით, საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობა იმაზე მძლავრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
„ვაქცინის ქონა-არქონა პრობლემაა, თუმცა საქართველოსთვის ამ ეტაპზე ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობაც არანაკლები გამოწვევაა. სამწუხაროდ, ანტივაქსერული მოძრაობა იმაზე მძლავრია საქართველოში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
არც ხელისუფლებისადმი უნდობლობა მოქმედებს სწრაფი და სწორი ვაქცინაციის პროცესის სასარგებლოდ. დრო ჯერ კიდევ გვაქვს და ყველამ ერთად ბევრი უნდა ვიმუშაოთ რომ ვაქცინაციის დაწყებას ფსიქოლოგიურად და ინფორმაციულად მზად დავხვდეთ.
დღეს არსებული კოვიდ-19-ის მკურნალობის მწირი საშუალებები და ვირუსის ცვალებადი ბუნება პანდემიის დასრულების ვაქცინაციის გარეშე შესაძლებლობას გამორიცხავს.
და თუ მალე არ დავიბრუნეთ ნორმალური ცხოვრების რიტმი სიღარიბე არანაკლები მტერია…“, – წერს ნანა გეგეჭკორი.






















