
500 ლარიანი ვაუჩერი პენსიონერებს თბილისის მერიისგან მედიკამენტების შესაძენად – აღნიშნული პროგრამა გულ-სისხლძარღვთა, ქრონიკული დაავადებების მკურნალობას ესაჭიროება.
თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი პენსიონერები მედიკამენტებზე 500–ლარიან ვაუჩერს მიიღებენ, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით 40 000 სოციალურად დაუცველი პენსიონერი ისარგებლებს.
„სოციალურად დაუცველი პენსიონერები 500-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ, რათა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული სხვადასხვა მედიკამენტის შეძენა შეძლონ. პროგრამის განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით, 200 მლნ ლარი გამოიყოფა“, – განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისში ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებებით რიგი პროექტები ხორციელდება. მერის ინფორმაციით, ბოლო ოთხ წელში თბილისელთა დაახლოებით 2 მლნ მოთხოვნა დახმარებაზე დაკმაყოფილდა.
“ვაუჩერი არ არის დამოკიდებული ქულათა რაოდენობაზე. ყველა პენსიონერი, რომელიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში იმყოფება, 500-ლარიან ვაუჩერს მიიღებს, რომლის გამოყენებაც ნებისმიერ აფთიაქში, მთელი წლის განმავლობაში შეეძლებათ. ვაუჩერი 2022 წლიდან გაიცემა და მას ერთჯერადად მოიხმარენ თუ მრავლჯერადად, თავად გადაწყვეტენ.” – აცხადებენ თბილისის მერიაში.
აღსანიშნავია, რომ პენსიონერებს ვაუჩერით მხოლოდ მედიკამენტების შეძენა შეეძლებათ. დეტალური ინფორმაცია, რა ფორმით ან სად შეძლებენ აღებას, მოგვიანებით გამოქვეყნდება.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























