17:59 | 2021-11-08 ავტორი: Prime Time

ვის ეკუთვნის უფასოდ გრიპის ვაქცინა – ნახეთ დეტალები

ვის ეკუთვნის უფასოდ გრიპის ვაქცინა – ნახეთ დეტალები

სეზონური გრიპი ახლა აქტუალური საკითხია და ზამთრის პერიოდში კიდევ უფრო აქტუალური ხდება განსაკუთრებით პანდემიის გავრცელების პირობებში. მედიკოსები უკვე დიდი ხანია გრიპის პრევენციის მიზნით ვაქცინაციაზე საუბრობენ და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდებენ.

 

“პრაიმტაიმი” დაინტერესდა, ვის შეუძლია უფასო ვაქცინაციის სერვისით სარგებლობა და როგორ ნაწილდება რისკის ან პრიორიტეტული ჯგუფები. ამ კითხვებით ჯანდაცვის სამინისტროს მივმართეთ, სადაც განმარტავენ, რომ ოთხკომპონენტიანი 200 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გადანაწილდება.

 

რა არის გრიპი – გრიპი ინფექციური დაავადებაა, რომელიც გადაეცემა ცემინების, ხველის ან ახლო კონტაქტისას.

 

ძირითადი სიმპტომებია:

 

  • ცხელება და შემცივნება,
  • ხველა,
  • ყელის, თავისა და კუნთების ტკივილი, დაღლილობა.

 

გრიპის პრევენციის ძირითადი საშუალება სეზონური ვაქცინაციაა.

 

გრიპის სეზონური ვაქცინაცია რისკის ჯგუფისა და პრიორიტეტული ჯგუფის მოქალაქეებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ მიმდინარეობს.

 

მაღალი რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ:

 

სპეციფიკური ქრონიკული დარღვევების მქონეთაგან:

 

  • დიაბეტის მქონე პირები;
  • დიალიზზე მყოფი პირები;
  • C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი);
  • აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები;
  • ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები…

 

პრიორიტეტული ჯგუფებია:

 

  • ბავშვთა (მათ შორის მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი;
  • ორსულები;
  • 60 წლის და უფროსი ასაკის ხანდაზმული პირები;
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები;
  • დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები.

 

სავალდებულო იმუნიზაციას დაქვემდებარებული პროფესიული ჯგუფებია:

 

  • სამედიცინო პერსონალი, ასევე სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული სხვა პერსონალი, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ პაციენტებთან;
  • ფრინველებთან მომუშავე პერსონალი;
  • მეცხოველეობაში დასაქმებულები/ფერმების თანამშრომლები;
  • მონადირეები;
  • ვეტერინარები,
  • ადრეული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მომსახურე კონტინგენტი.
  • საერთაშორისო სამშვიდობო მისიაში წამსვლელი სამხედრო მოსამსახურეები;
  • სამხედრო სავალდებულო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეები;
  • პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალი.

 

გრიპის ვაქცინაცია ხელმისაწვდომია ნებისმიერ პოლიკლინიკაში, რომელიც ჩვეულებრივ, სტანდარტულად ატარებს იმუნიზაციას.

 

ოთხკომპონენტიანი 200 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად გადანაწილდება.

 

ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X