
„დღეს ქვეყანაში იტესტება ყველა ის ადამიანი, ვინც ექვემდებარება კოვიდზე შესაძლებელი შემთხვევის განსაზღვრებას“, – ამის შესახებ ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ტესტირებები რესპირაციული ინფექციის სიმპტომების შესაბამისად ხდება.
ესენი არიან ის ადამიანები, ვისაც აქვთ ან არ აქვთ ცხელება, თუმცა აქვთ რესპირაციული ინფექციის სიმპტომები.
დღეს იტესტება ცხელების კლინიკაში ყველა მისული პაციენტი და ყველა პნევმონიის მქონე ადამიანი ნებისმიერ კლინიკაში. ასევე დავიწყეთ ყოველ 14 დღეში ერთხელ სამედიცინო პერსონალის ინტენსიური გამოკვლევები.
პირველ ეტაპზე ესენი იქნებიან იმ კლინიკების, სადაც კოვიდიანების მკურნალობა მიდი და ცხელების კლინიკის პერსონალი: ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი და ადმინისტრაციული პერსონალი.
ამის შემდეგ ტესტირებას ჩვენ ჩავუტარებთ კარანტინში მყოფ ადამიანებს მე-13 და მე-14 დღეს მათი იქ ყოფნის, ანუ კარანტინიდან გამოსვლის წინა დღეებში.
ყველა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, ექთანი, მძღოლი და ა.შ. ასევე ექვემდებარება ყოველ 14 დღეში ერთხელ გამოკვლევს.
ყველა ჩვენი ეპიდემიოლოგიური ჯანდაცვის მუშაკი, ვინც დადის და სინჯებს იღებს ასევე აუცილებელია მათი ყოველ 14 დღეში გატესტვა და ასე თანდათან ვაფართოვებთ. ასევე საუბარი გვაქვს ტრაილერების მძღოლებზე, რომლებიც საქართველოში შემოდიან და შემოაქვთ ტვირთი“, – ამბობს ამირან გამყრელიძე.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ჟურნალსიტების აგრესიული ტესტირება არ იგეგმება, რადგან მედიის წარმომადგენლები მაღალ რისკ-ჯგუფში არ შედიან.
„რაც შეეხება ჟურნალისტებს, ისინი არ არიან ძალიან მაღალი რისკის მატარაბლები, როგორიც მაგალითად მე, რომელსაც ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ინფიცირებულ ადამიანებთან.
თუ რომელიმე მათგანს რაიმე სიმპტომი გაუჩნდა, აუცილებელია, რომ მიმართონ ცხელების კლინიკას ან პირველადი ჯანდაცვის ექიმს და საჭიროების შემთხვევაში ჩაუტარდებათ ტესტირება.
ამიტომ, რა თქმა უნდა, ჟურნალისტები გათვალისწინებული იქნებიან, ოღონდ უფრო მომდევნო ეტაპებზე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ამ დროსთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დაფიქსირებული.
გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 178-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 6.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 5247 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 532 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















