
“პრაიმტაიმს” ერთი ახალგაზრდა ქალის, მარტოხელა დედის მეზობელი დაუკავშირდა. ჩემს ბევრ ნაცნობს დაეხმარნენ კეთილი ადამიანები მას შემდეგ, რაც “პრაიმტაიმში” მათ შესახებ სტატიები გამოქვეყნდა. ახლა კი, ყველაზე გაჭირვებული, წესიერი, ავადმყოფი ქალის შესახებ გიყვებით – ვისაც სიკეთის და მადლის გაკეთება გინდათ, ეს ისტორია წაიკითხეთ და ნინო გასაშვილს დაეხმარეთ. ის მართლაც უკიდურეს მდგომარეობაშია, მე ვერაფრით ვეხმარები და იქნებ კეთილ ადამიანებამდე ეს ამბავი მიიტანოთო, გვითხრა.
როგორც იცით, “პრაიმტაიმი” ცდილობს ყველას დაუთმოს დრო და იმ ადამიანებზე მოგითხროთ, ვისაც თქვენი დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება. ახლა, ნინო გასაშვილის შესახებ ვწერთ, ეს არის ქალი, რომელიც სიცოცხლისთვის იბრძვის, რათა შვილი არ დააობლოს. მაშინ, როცა კარგად იყო, თავად ეხმარებოდა შეჭირვებულებს, ახლა კი – თავად ითხოვს ადამიანების ყურადღებას. მას სხვა გზა უბრალოდ არ აქვს…
“37 წლის ვარ, მყავს ერთი შვილი, ჩემი გოგონა 1-ლ კლასშია, მარტოხელა დედა ვარ. ჩვენი მთავარი პრობლემა ჯანმრთელობას უკავშირდება, ორსულობის შემდეგ, ორივე თირკმელი გამეთიშა, უჯრედებმა კვდომა დაიწყო, დიალეზზე ვარ. ჩემთვის წარმოუდგენლად დიდი თანხა მჭირდება წამლებისთვის, დღეში 12 ლარი, ეს თვეში 360 ლარი. დახმარება 110 ლარი გვაქვს.
საბედნიეროდ, უსახლკაროდ დარჩენილებს ჩვენმა ახლობელმა გაგვიმართა ხელი – რუსთავში საცხოვრებელი ცოტა ხნით, დამითმეს. სახლში მოხუცი დედა მყავს, ისიც ავადაა, მენისკი აქვს ჩაშლილი და ვერ დადის. ჩვენს ოჯახში ჯანმრთელი მხოლოდ ჩემი შვილია.
არც კი ვიცი, როგორ მოვყვე იმ ჯოჯოხეთის შესახებ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ყოველ მეორე დღეს დიალეზზე დავდივარ, გავივლი ხოლმე უფასო სასადილოში და რისი აწევაც ჩემთვის შეიძლება ის მომაქვს, ასეთი მხოლოდ 1.5 პურია. დედის პენსიით საჭმელს და მის წამლებს ვყიდულობთ, დახმარებით კომუნალურებს ვიხდი და მერე პრეპარატების გარეშე ვრჩები.
ღმერთი არ მკლავს, თორემ ჩემს თავს ხელს ვერაფრით ვუწყობ – ამ სიცივეში სარეცხვს ხელით ვრეცხავ, მეზობლები მთავაზობენ მათ სარეცხისმანქანაში დავრეცხო, მაგრამ მერიდება ყოველთვის სხვების შეწუხება. ისინი აძლევენ ჩემს შვილს თავიანთი შვილების გამონაცვალ სამოსს, ისედაც წუხდებიან.
ყოფილი მეუღლე რაც აქვს იმით გვეხმარება, ხილს გვაწვდის, მაგრამ ამ ხილით როგორ ვიარსებოთ? სტაბილური სამუშაო არ აქვს, ის აფხაზეთის ომის ვეტერანია და რკინებითაა ფაქტობრივად აწყობილი…
თავი სიზმარში მგონია, როცა ამ ყველაფერს ჩემზე ვყვები, რადგან დრო იყო, ყველას ვეხმარებოდი, უფალმა ასე რატომ დაგვსაჯა არ ვიცი, ჩემთვის წამალი სანატრელია, სანატრელია, რათა ვიცოცხლო და შვილი არ დავაობლო…” – ამბობს ნინო გასაშვილი.






















