
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, სამ ახალ პაციენტს კონტაქტი უცხოელებთან ჰქონდათ.
როგორც თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, საქართველოში მეოთხეული შიდაგადაცემის შემთხვევა ჯერ არ დაფიქსირებულა.
„ეს პაციენტები არიან საშუალო ასაკის პირები, ერთი მამაკაცი და ორი ქალი. სამივე მათგანი იყო კონტაქტში უცხოელებთან მაღალი რისკის ქვეყნებიდან. ჯერჯერობით ჩვენთან არ ყოფილა მეოთხეული შიდაგადაცემა, როდესაც დაინფიცირდება პაციენტი ისე, რომ მან არ იცის თუ ვისგან დაინფიცირდა. მაგალითად, შეიძლება იყოს, რომ პიროვნება გავიდეს მაღაზიაში, ან რაღაც საქმეზე, ქუჩაში და შემდეგ აღმოჩნდეს ინფიცირებული.
ვერ გეტყვით თვითიზოლაციის რომელ ფორმაში იყვნენ ისინი, თუმცა გეტყვით, რომ მათ არანაირი კავშირი არ აქვთ იმ ჯგუფებთან, რომლებზეც აქამდე გვქონდა საუბარი. აქედან ერთი განთავსებულია ინფექციურ საავადმყოფოში, მეორე კი სხვა მიმღებებში. სამივე არის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი პაციენტი. მათი კონტაქტების შესწავლა ახლა მიმდინარეობს“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან კიდევ 9 ტესტის პასუხს ელოდებიან.






















