
კორონავირუსით ინფიცირებული რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც „პლაქვენილი“ გამოვიყენეთ, გამოჯანმრთელებული გაეწერა, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
გოფოძემ აღნიშნა, რომ პრეპარატ „პლაქვენილის“ გამოყენება მხოლოდ მძიმე პაციენტებში ხდება.
„არაცერთხელ განვაცხადეთ, რომ „პლაქვენილს“ არ ვიყენებთ მსუბუქ და საშუალო მდგომარეობის პაციენტებთან. ამ პრეპარატს ვიყენებთ მხოლოდ იმ პაციენტებთან, ვისთანაც შედარებით მძიმე მდგომარეობაა, დადასტურებულია ორმხრივი პნევმონია დაბურული მინის კლასიკური გამოხატულებით.
ასეთ შემთხვევებში „პლაქვენილს“ ვიყენებთ იმ სქემის მიხედვით, რომელიც რეკომენდირებულია. რამდენიმე პაციენტი, ვისთანაც გამოვიყენეთ ეს პრეპარატი, გამოჯანმრთელებული გაეწერა. მასზე გვერდითი მოვლენები არ დაფიქსირებულა ჩვენთან.
მოგეხსენებათ, ყველა მედიკამენტს აქვს გვერდითი მოვლენები, მათ შორის „პლაქვენილსაც“. ამ „პლაქვენილზე“ დიდი ამბავია ატეხილი მთელ მსოფლიოში, მაგრამ როგორც ბატონმა თენგიზ ცერცვაძემაც არაერთხელ განაცხადა, FDA-ს არ ამოუღია იგი მკურნალობის სქემიდან.
გარდა ამისა, რიგმა ქვეყნებმა, მათ შორის ავსტრიამ, შვეიცარიამ ამ მედიკამენტის კვლევა დაიწყეს, როგორც საპროფილაქტიკო, პრევენციული მედიკამენტის თვალსაზრისით. ამიტომაც ასე ხელაღებით მასზე უარის თქმა ან ყველა პაციენტთან გამოყენება, არ იქნება სწორი. ყოველ შემთხვევაში, ნაკლებად მძიმე ფორმები არ საჭიროებენ რაიმე დამატებით მედიკამენტოზურ ჩარევას,“ – განაცხადა გოფოძემ.
ბოლო მონაცემებით:
ჯამში, საქართველოში კორონავირუსით 9 ადამიანი გარდაიცვალა.
მათ შორის, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223-ია
კარანტინის რეჟიმში – 5260
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 553
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3






















