
პოპულარული ამერიკური შოუს The Talk show-ს ქართული ანალოგის, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში გადის, ერთ-ერთი წამყვანი ნელი აგირბაა. ნელისთან ერთად, გადაცემის წამყვანები მარიამ სანოგო, რუსკა მაყაშვილი, სტეფანე მღებრიშვილი და ნატა ასათიანია.
გადაცემის პრემიერის დღეს თემა ძალადობა იყო. წამყვანებმა საკუთარ გამოცდილებაზე გულახდილად ისაუბრეს.
ნელი აგირბამ ბავშვობა გაიხსენა: „მე ვიზრდებოდი ოჯახში, სადაც იყო ტოქსიკური გარემო. ეს არ იყო ფიზიკური ძალადობა, მაგრამ მშობლებს უჭირდათ საერთო ენის გამონახვა. მუდმივი დაძაბულობა იყო სახლში. მუდმივად ხდებოდა დამცირება ჩემს თვალწინ, მე ვგრძნობდი პასუხისმგებლობას, რომ განმემუხტა სიტუაცია. შედეგად, მე დავიჯერე, რომ ოჯახი არის ეს. როცა ვიყავი 7-8 წლის, სტუმრად წავედი კლასელთან, სადაც ვნახე ზღაპრული იდილია, მეგობრული გარემო. დედა მამას ეხუტებოდა, მშობლები ეფერებოდნენ შვილს…
სახლში ძალიან დაფიქრებული მოვედი, მოვიკრიბე ძალა და მშობლებს ვკითხე, იმათ თუ შეუძლიათ, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია-მეთქი? მათ ისეთი რამ მითხრეს, რისიც, ალბათ, თვითონაც სჯეროდათ და მე ბევრი ვიმუშავე ჩემს თავზე, რომ ეს სტერეოტიპი, როგორღაც, გადამელახა. მითხრეს, რომ ისინი უბრალოდ სხვების დასანახად თამაშობენ იდილიას, როგორც კი უცხო პირი მიდის, იქაც იგივე ხდებაო. მე დავიჯერე, რომ ოჯახი არასდროს უნდა შემექმნა. მეგობრებო, ეს ასე არ არის, არსებობს ძალიან ბედნიერი ოჯახების მაგალითები“ – ამბობს ნელი აგირბა.
ასევე დაგაინტერესებთ:























