
ბათუმელი ლევან ჩხაიძე, რომელიც მიუსაფარ ძაღლებს სახლებს უდგამს და აპურებს, ამჯერად გურიაში, ჩოხატაურის რეგიონში იმყოფებოდა.
მან ცხოველთა მოყვარულების და თანაქალაქელების დახმარებით, მიუსაფარი ცხოველებისთვის პროდუქტი შეაგროვა.
ცხოველებისთვის განკუთვნილი მედიკამენტები და დიდი რაოდენობით საკვები იმ ჯგუფს ჩაუტანა, რომლებიც კარანტინის დროს ოჯახებს ეხმარებიან და მიუსაფარ ცხოველებს აპურებენ.
„ყოველდღე ვხედავ გაუბედურებულ ცხოველებს, რომლებსაც ყურადღებას აღარავინ აქცევს. დაკეტილია მარკეტები, რესტორნები, ყველაფერი, რაც ძაღლს უქმნის, თუნდაც იმ ელემენტარულ პირობას, რომ დაპურდეს.

ინტერნეტსივრცეში გავრცელდა სასწაულად გამხდარი, სახლიდან გამოგდებული ძაღლის სურათები.

ავდექი და წავედი რეგიონში, სადაც ვფიქრობ, ჩემი დახმარება სჭირდებოდათ. არა პროდუქტით, არამედ მოტივაციით, რომ ხალხისთვის მეჩვენებინა – როგორ უნდა გაერთიანდნენ.
შევაგროვე პროდუქტი ცხოველთა მოყვარულების დახმარებით, რომლებიც დღემდე გვერდით მიდგას.

სოფო დოლიძემ, რომელსაც სამკერვალო–ატელიე აქვს, გაიღო თავისი წვლილი და დაამზადა დიდი რაოდენობით სადეზინფექციო ხსნარები.

ჩოხატაურში ძალიან ბევრი ადამიანი დამხვდა.
იქ მცხოვრებ ბიჭებს, რომლებიც ოჯახების დახმარებაში იღებენ მონაწილეობას, მიუსაფარი ძაღლებისთვის ჭიაზე დასამუშავებელი, კანის დაავადების მედიკამენტები, ასევე 120კგ „კორმი“ და 120 ცალი პური ჩავუტანე.
რომლებსაც გადაანაწილებენ და ცხოველებს ნელ-ნელა მოახმარენ.
ყველა რეგიონს, სადაც ჩავდივარ, ფეისბუქ გვერდზე ვუქმნი ჩატს, სადაც ერთად განიხილავენ სხვადასხვა პრობლემებს. უკვე არსებობს „სამტრედია და ოთხფეხა მეგობრები“, „ზესტაფონი და ოთხფეხა მეგობრები“, ახლა უკვე „ჩოხატაური და ოთხფეხა მეგობრებიც“ შეიქმნა.
ამ ყველაფერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჩოხატაურის მერმა დამირეკა და დიდი მადლობა გადამიხადა იმისთვის, რაც გავაკეთეთ. მითხრა, რომ ის პირადად დაეხმარება ბიჭების ჯგუფს“, – გვითხრა ლევან ჩხაიძემ.
ავტორი: მარიამ ხითარიშვილი






















