11:03 | 2021-02-23 ავტორი: Prime Time

ვპირდები ივანიშვილს, ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს – გიგი უგულავა

ვპირდები ივანიშვილს, ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს – გიგი უგულავა

​მე, პირადად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვპირდები ივანიშვილს, რომ დღევანდელი დღე მისთვის იქნება წყალგამყოფი, დღევანდელ დღეს მან საკუთარ თავს დაუსვა წერტილი, ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს, მისი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება,” – ასე ეხმაურება ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას.

 

უგულავას თქმით, ივანიშვილმა ქვეყანაში საბჭოთა დიქტატურა დაამყარა და ნიკა მელიას დაკავება საქართველოს ისტორიაში სამარცხვინო ლაქად დარჩება.

 

როგორ გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი სპეცოპერაციის შემდეგ (ფოტოები)
2021-02-23როგორ გამოიყურება „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი სპეცოპერაციის შემდეგ (ფოტოები)

 

„ციხე ტრაგედია არ არის, ციხე ადამიანს აძლიერებს. ნიკამ თითოეულ ჩვენთაგანს, ისევე როგორც თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, ადამიანებს, რომლებსაც თავისუფლება უყვართ და თავისუფლებისთვის იბრძვიან, ბრძოლის მაგალითი მოგვცა, ის მშვიდი და მტკიცე იყო. ჩვენი ვალია, დროშა არ დაეცეს ძირს. ჩვენი ვალია, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს. დღეს 23 თებერვალია, საბჭოთა ჯარის დღე. ამ როდიონოვმა ივანიშვილმა საბჭოთა დიქტატურა დაამყარა. ის, რაც დღეს აქ მოხდა, სამარცხვინოზე სამარცხვინო ლაქაა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და ეს ლაქა სამწუხაროდ, დიდი ხანი ჩამოურეცხავი იქნება. ჩვენ დღეს, 15:00 სთ-ზე კანცელარიასთან ვიკრიბებით. გამოვაცხადებთ შემდეგი ბრძოლის მეთოდებს. პირადად ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად ვპირდები ივანიშვილს, დღევანდელი დღე მისთვის იქნება წყალგამყოფი დღე. დღევანდელ დღეს მან საკუთარ თავს დაუსვა წერტილი. ის ამ ქვეყანაში ვეღარ იცხოვრებს. მისი ადგილი ამ ქვეყანაში აღარ იქნება. ის, რაც მან გააკეთა, ასეთი რამეები უპატიებელი არ დარჩება“, – განაცხადა უგულავამ.

დღეს დილით, 23 თებერვალს, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ოფისში დააკავეს.

 

ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეციალური დანიშნულების რაზმმა ცრემლსადენი გაზი გაუშვა.

 

ოფისთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები. ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიკა მელიას მხარდამჭერებსა და სამართალდამცველებს შორის მდგომარეობა რამდენჯერმე დაიძაბა.

 

მანამდე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს.

 

სამართალდამცველები „ნაციონალური მოძრაობის“ოფისში დღეს დილით შევიდნენ.

 

ცნობისთვის, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა.

ყველა ინფორმაცია ნიკა მელიას საქმეზე ნახეთ ამ ბმულზე

 

ავტორი: Prime Time

X