
ფოთში, სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები აქციას მართავენ. შეკრებილები იმ რეგულაციებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, განმეორებითი ტესტის გაკეთება საკუთარი სახსრებით უწევთ.
მძღოლების განმარტებით, იმ შემთხვევაში თუ მათ საერთაშორისო გადაზიდვები არ განახორციელეს, 14 დღით საკარანტინო სივრცეში დარჩენა ევალებათ, რაც დამატებით პრობლემებს უქმნით. ისინი პრეტენზიებს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ გამოთქვამენ.

„როდესაც რეისიდან ვბრუნდებით გვიტარდება სწრაფი ტესტი საზღვარზე, შემდეგ გვაძლევენ 72 საათს და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ვერ ვახერხებთ ფოთში ჩამოსვლას, კონტეინერის დაცლას, ახალი რეისის ნახვას და უკან მიბრუნებას. ამდენი რამ ვერ ესწრება, რადგან მანქანები ძველია, ტერმინალებიც ძველია.
ტერმინალების დაცლას დაახლოებით 2 დღეს სჭირდება. 2 დღის შემდეგ აუცილებლად უნდა გამოცხადდე საკარანტინე ზონაში, რომელიც მდებარეობს თბილისში, ანაკლიასა და ბათუმში.
ამ დროს თუ რამე პრობლემა ჰქონდა მანქანას, ვერ ვაკეთებთ. საკარანტინე სივრციდან რომ გამოდიხარ, რეისი აღარ გხვდება და ვრჩებით ქუჩაში. თუ რეისი გამოგვიჩნდა, ტესტის საფასურის გადახდა თვითონ მძღოლს უწევს.
მოვითხოვთ , რომ ყველა მუნიციპალიტეტმა იზრუნოს ამ საკითხის მოგვარებაზე. 72 საათში ჩვენ ამდენი საკითხის მოგვარებას ვერ შევძლებთ, ამიტომ ეს მოსაგვარებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ წავალთ უბრალოდ რეისში და გადაზიდვები შეჩერდება. პრეტენზიები გვაქვს ასევე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიმართ“,- განაცხადა აქციის მონაწილე გია გეგიძემ.
აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც მივიდნენ.
„ჩვენთვის ძალიან მნიშნველოვანია საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლების საკითხი. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოთხოვნები. ამ საკითხებს აუცილებლად მივაწვდით სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს და იმედი მაქვს ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილება იქნება მიღებული“,- აღნიშნა ფოთის მერმა, გოჩა კურდღელიამ.
ავტორი: თეა შონია























