
ჰონგ-კონგსა და სინგაპურში კორონავირუსმა უფრო მალე ჩააღწია, ვიდრე საფრანგეთში, გერმანიასა და ესპანეთში, თუმცა აზიურ ქვეყნებს ახლა 200-ზე ნაკლები პაციენტი ჰყავთ, ხოლო ევროპულ ქვეყნებს 10-ჯერ მეტი, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო მდგომარეობების ექსპერტი და ეპიდემიოლოგი მაიკ რაიანი აცხადებს.
„ეს დრამატული განსხვავება მთავრობის მხრიდან ვირუსზე რეაქციის მაჩვენებელია. იმედი – ეს სტრატეგია არ არის“, – აღნიშნავს ექსპერტი. ეპიდემიოლოგის თქმით, მანამდე ცნობილი ეპიდემიების პრაქტიკით დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის მხრიდან დროული და პრაქტიკული ზომების მიღება, ვირუსზე გამარჯვების მთავარი საშუალებაა.
„არსებობს ღია მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან სისტემური მიდგომამ, რომელიც იყენებს ყველა ხელმისაწვდომ ტაქტიკურ ელემენტებს, შეუძლია დაამარცხოს დაავადება“, – აღნიშნა მაიკ რაიანი.
მისი თქმით, ის სთხოვდა ყველა ხელისუფლებას, რომ მომზადებულიყვნენ კორონავირუსისთვის, სანამ ის მათ საზღვრებს მიაღწევდა. ექსპერტი ამბობს, რომ ყველაზე კარგად ამ დავალებას თავი სინგაპურმა და ჰონგ-კონგმა გაართვა.
ორივე ქვეყანამ მალევე განაახლეს დაავადების გამოვლენისა და სამკურნალო სისტემა. ჰონგ-კონგმა შეიმუშავა დიაგნოსტიკური ტესტები და მალევე გადააგზავნა ისინი მსხვილი ქალაქების ლაბორატორიებში. ჰონგ-კონგში უკვე თებერვალში 12 ათასი ადამიანი კარანტინში იყო მოქცეული, ხოლო სინგაპურის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა სამედიცინო დახმარება და პროდუქცია უფასო იქნება.
ჰონგ-კონგშიც და სინგაპურში ფაქტობრივად ყოველდღიურად ადგენენ რამდენიმე დაინფიცირებულს, თუმცა მასშტაბური აფეთქება ამ ტერიტორიებზე არ მომხდარა.
ჰარვარდის მსოფლიო ჯანდაცვის ინსტიტუტის ხელმძღვანელი აშიშ ჯა ამბობს, რომ კორონავირუსის მიმართ რეაქცია ქვეყნებს შორის განსხვავდება. „ზოგიერთმა ქვეყანამ თავიდანვე ძალიან მკაცრი ზომები მიიღო და კარგად იმუშავა, ზოგი კი საერთოდ არადექვატურად, რაც ჩემი აზრით, მათთვის ძალიან დიდი ზიანის მომტანი იყო“, – აღნიშნავს ჯანდაცვის ექსპერტი. მისი თქმით, ყველაზე მოულოდნელია ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედება, რაც ექსპერტის თქმით, არასაკმარისად დროული და მკაცრი იყო.






















