
შოთა გუჯაბიძე რეჟისორია და აჭარის საზოგადორბრივ მაუწყებელზე მუშაობს. მის „ანგარიშზეა“ რამდენიმე დოკუმენტური ფილმი და აქვს მდიდარი არქივი, სადაც საქართველოს ხედებით ძველიფოტოებია გაერთიანებული.
მან გამოიძია XIX-XX საუკუნის ფოტოგრაფის, მიხეილ გლაუდანის ცხოვრების დეტალები, რის შესახებც „პრაიმტაიმს“ ექსკლუზიურად უყვება.
შოთა გუჯაბიძე:
– დაინტერესებული ვარ ძველი ბათუმის ისტორიით. არა მარტო ქალაქის გეგმარებით, არამედ, ადამიანების ისტორიითაც. ყოველი შენობისა თუ მოვლენის უკან აუცილებლად იმალება საინტერესო ისტორია და თუ რაიმე ძაფის თავს ჩავეჭიდები, ბოლომდე მივყვები ხოლმე. თუ ვინმეს ბათუმზე რაიმე არქივი აქვს, ტამამად ვიტყვი, რომ ყველაზე დიდი არქივი მე მაქვს.
ვმუშაობ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყენებლში და ფოტოგრაფ გლაუდანის სახელოსნო სწორედ აქ ყოფილა, სადაც ახლა ტელევიზიაა. დავიწყე მის შესახებ ინფორმაციის მოძებნა. ძველი ფოტოები ძალიან ბევრ ინფრმაცია ატარებენ იმ დროსი შესახებ, როდესაც ისინია გადაღებული. მაგალითად, როგორი ჩაცმულობა იყო მაშინ, როგორ გამოიყურებოდნენ მაშინდელი ადამიანები.
გლაუდანი გერმანული წარმოშობის გვარი გახლავთ და როგორ გავარკვიე, სავარაუდოდ, მე-19 საუკუნის ბოლოს გამოჩნდა გლაუდანი უფროსი. მისი შვილი გახლდათ მიხეილი და სადღაც, გასული საუკუნის 30-ინ წლებში მისი კვალი წყდება.
90-ან წლებში აჭარის ტელევიზიაში ვიღაცამ ნიკოლოზის დროინდელი ფული იპოვა. რემონტი უტარდებოდა მაშინ ბუღალტერიასა და სხვა ტერიტორიებს. იატაკი აყარეს და ქვეშ იპოვეს იმპერატორიანი ასიგნაციები. ითქვა, რომ ამ სახლში ოდესღაც გერმანელი ფოტოგრაფი ცხოვრობდა, რომ იქ, სადაც ახლა ბუღალტერიაა, ატელიე ჰქონდა და სააპარატოში – საძინებელი.
ტელევიზიის პირდაპირ აგურებიანი სახლი დგას, მემორიალური დაფით, ექიმ პლატონ გიგინეიშვილის ასი წლის ქალიშვილი ცხოვრობდა და მას ემახსოვრბოდა ბევრი რამ.
– სულ ეგ გვიღებდა ფოტოებს, მთელ ოჯახსო, – მითხრა მერიმ. – ათასნაირ პოზებს გვირჩევდა, ხან აქედან, ხან იქიდან. ფული არასდროს აუღია ჩვენგან, დიდ პატივს სცემდა მამაჩემსო. პლატონ გიგინეიშვილი ყველაზე პოპულარული ექიმი იყო იმ დროს, ბათუმში. არც თავად იღებდა ფულს, ის კი არა, „შემთხვევითაც“ რჩებოდა ფული ხელმოკლე პაციენტის ოჯახში.
გლაუდანს დიდი ატელიე ჰქონდა და იმავე სახლში ცხოვრობდა. შესავლელში შავი მარმარილოს ქანდაკებები იდგა და ატელიეს ჭერი გამჭვირვალე შუშით იყო დახურული. როგორ მოხვდნენ გლაუდანები ბათუმში, ჯერ-ჯერობით არ ვიცით. რამდენიმე გზა იყო მაშინ: რუსეთის იმპერიაში ასახლებდნენ; იერუსალიმში მიდიოდნენ მოსალოცად, ბათუმის გავლით; სულაც შემთხვევით მოხვდა და დარჩა – გერმანული ალღოთი იგრძნო შესაფერისი გარემო.
არც სახლის აშენების თარიღი ვიცით ზუსტად, მაგრამ მოდერნისტულია და 1910-ან წლებამდე ვერ აშენდებოდა. სწორედ ამ დროიდან შემოდის მოდერნული არქიტექტურა საქართველოში.
2006 წელს შენობა გადაღებეს და მოსამზადებელი სამუშაოების დროს ვარდისფერი ლაქა გამოჩნდა. მთლად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის დაცვის პრინციპებით ვერ ვიმოქმედე, გულმა არ გამიძლო და გასაღებით გადავფხეკე საღებავების რამდენიმე შრე. გამოჩნდა არაბული წარწერა, რომელიც ვერავინ მითარგმნა დედამიწაზე, სანამ ალექსანდრე ელერდაშვილი არ ვიპოვე ფეისბუკზე. „ღლაუდან ფოტო“ წერიაო. ეტყობა, ოსმალებისთვის თუ თურქებისთვის განკუთვნილი რეკლამა იყო, რომლებიც 30-იან წლებამდე არაბულ დამწერლობას იყენებდნენ და როგორც ჩანს, ჭარბად იყვნენ იმ დროის ბათუმში. ძიების გაგრძელების მერე კიდევ სხვა კედლებზეც რომ გამოჩნდება სხვაენოვანი წარწერა, ამაში ეჭვიც არ მეპარება.

მერის ბევრი ფოტო ჰქონდა გლაუდანის გადაღებული. სხვადასხვა დროის, სხვადასხვა ფორმატისა და სხვადასხვა ტექნიკით შესრულებული. რევოლუციამდელი და რევოლუციის შემდგომი. საკმარისზე მეტიც კი იყო, გადაწყვეტილების მისაღებად, რომ ეს ადამიანი სერიოზულ შესწავლას იმსახურებდა.
ამასობაში იატაკში ნაპოვნი ფული მაჩუქეს, რომელიც მაშინვე გავაქანე სლავიკა ბარანიკოვთან. „ია ბი აცენილ ეგო ზა აძინაცატ ლარი ი სოროკ პიაწ ტეტროვ“, – მითხრა ერთ-ერთზე.
თავიდან გლაუდანი ერთი კაცი მეგონა. აწერია კიდეც სტუდიური ფოტოების ერთი სერიის პასპარტუზე. მ. გლაუდანი. მიშას ეძახდა მერი. სხვა ინიციალი რომ მხვდებოდა, შეცდომას მივაწერდი.
მერე კიდევ ერთი თოვლიანი ფოტო ჩამივარდა ხელში. უმწიკვლოდ დასუფთავებული ტროტუარი, თოვლიანი ქუჩა, აივანი ფოტოგრაფიის რეკლამით, აივანი ქალებით და ქუჩაში ევროპულად ჩაცმულ-დავარცხნილი კაცი, უცნაური მზერით.
გადავწყვიტე, რომ ეს კაცია სწორედ ის ვ. გლაუდანი, ვის რეკლამასაც აივანი გვაუწყებს. უბრალოდ, მოუნდა, რომ ბათუმისთვის იშვიათი ატმოსფერული მოვლენა შეენახა ისტორიისთვის. ალბათ, იმდენი ხანია უკვე ბათუმში ცხოვრობდა, რომ ამაში დარწმუნება მოახერხა. ფოტოგრაფები სხვანაირად იყურებიან კადრში. ცოტა ალმაცერად, ცოტა ჭკვიანად და ცოტა მოწყალედ.
გადავწყვიტე, რომ აივანზე გლაუდანის ოჯახია. დედა და ცოლი და ალბათ პატარა მიშა გლაუდანი იღებს ფოტოს. ამ ფოტომ მომინელა.
ჯერ ყველა აგურიანი სახლი დავიარე ქალაქში, რომელიც ბათუმის ბოლო მერებს ააშენებს ღმერთი და ძალიან ცოტა დარჩა. ამან საქმე ძალიან გააადვილა, თუმცა უშედეგოდ. მერე შევამჩნიე, რომ თითქოს მოღრუბლული კი არის, მაგრამ სავარაუდოდ, გლაუდანი საკუთარ ჩრდილზე დგას. იმის გამო, რომ ბათუმში მზე ისევე ამოდის, როგორც ასი წლის წინ, ძებნა ზღვის პარალელურ ქუჩებზე გავაგრძელე. საქმე განახევრდა, თუმცა ასევე უშედეგოდ, რადგანაც ნულის ორზე გაყოფა მაინც ნულია.

რამდენიმე წლის მერე ერთი სახლის ფანჯრები დავითვალე თოვლში სიარულისას. ფანჯრები დაემთხვა, კარი, ერთი აივანი, აივნის ჭედურობა, ქვედა სართულის ღიობები, თოვლი და კიდევ მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი სუბსტანციები.
მოკლედ, გლაუდანის ძველი სახლი ვიპოვე იქვე, ყურისძირში. მისი ახალი სახლიდან ორიოდე კვარტალში, აბაშიძის 11-ში. ვიპოვე და ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპიც დასრულდა.
სახლი შებათქაშებულია, ირგვლივ ყველაფერი მიმონგრეული და მოშენებულია. ერთი სიტყვით, თუ გამჩენს ჩემი ტანჯვა ეწადა, სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო.
ერთი ღია ბარათიც გამახსენდა ამ ამბავში, უცხო მოყმემ მომყიდა დეკეულის ფასად, რუსეთის გლუბინებიდან, ინტერნეტაუქციონზე – „მოლოტოკ.რუ“. ეს ოჯახები აშკარად ჰგავდა ერთმანეთს. ფეისბუკ გამოკითხვამაც ხმების უმრავლესობით დაადასტურა ოჯახების იდენტურობა.
იგივე ხალხი და ალბათ პატარა მიშა გლაუდანი და მისი და, რომელიც თოვლიან ფოტოზე იმიტომ ვერ მოხვდა, რომ ბევრი ითამაშა პირველ თოვლში და სიცხე ჰქონდა.
ეს თოვლი ჰგავს სხვა თოვლიან ფოტოს, რომელზეც აწერია, რომ ავტორი გლაუდანია. სახლი, რომლის აივნიდან ეს ფოტოა გადაღებული, დღესაც დგას „აპოლოს“ გვერდით და თავიდან მეგონა, რომ ეს იყო გლაუდანების თავდაპირველი ატელიე. კი არ მეგონა, მინდოდა. ფოტოზე ნიკო საბაშვილის სახლი ჩანს, რომელიც იმ დროისთვის ორსართულიანია. ნიკომ მალევე დააშენა მესამე სართული, მეზობელი ექიმისა და გამომცემლის, ჩერტკოვის სამაგიეროდ. ჩემ ჯინაზე მომიშენა სამსართულიანი სახლი გვერდითო, ბრაზობდა ნიკო. აქედან იმას ვასკვნით, რომ ფოტო 1902 წლის აქეთ არაა გადაღებული და შესაბამისად, ეს არაა 1911 წლის დიდთოვლობა.
თუნდაც არ იყოს ეს გლაუდანების ოჯახი, ცხადია, რომ ორ სხვადასხვა ადგილას იყო მათი ატელიე. მეორე ატელიეში გადაღებულ ფოტოებს უკვე მისამართიც აწერია რუსულად, „მარინსკიი 43“, ანუ მარიას 43. მარიადან დღემდე ამ ქუჩამ ბარე თორმეტი სახელი გამოიცვალა და ახლა ეს სახლი მემედ აბაშიძის 41 ნომერია.
გავიდა წლები და ამ დროის განმავლობაში გლაუდანის ბევრი ფოტო ვიპოვე. ზოგი ბათუმში, ზოგი მშრალ ხიდზე, ბებერ ფოტოგრაფებთან და ფხიზელ მხატვრებთან, სარდაფებში და საერთაშორისო აუქციონებზე. ზოგი ვიყიდე, ზოგიც ვიჩუქე. მერე „მარინსკის 15“ ნომრიანი „ვიზიტკაც“ ვიპოვე და მოვისვენე. ძირითადად, სტუდიური ფოტოებია, კაბინეტკებს ეძახდნენ მაშინ, უფრო მომცროებს – „ვიზიტკებს“. გიმნაზისტკები, სტატსკი სოვეტნიკები, გლეხები, მღვდლები, მოლები, აფიცრები, ჩინიანი და უჩინო ხალხი. გარეთაც ხშირად გამოდიოდა მიხეილ გლაუდანი. იღებდა ქალაქის ხედებს, ქალაქის ბაღს, რკინიგზას, ტიპაჟებს – თავისთავად. ბევრი ღია ბარათი, რომელთა ავტორის დადგენა ურთულესი საქმე ჩანდა, სწორედ გლაუდანის გადაღებულია.

ოჯახის ამბავი მეტ-ნაკლებად გავარკვიე: მარია ეგოროვა იყო ბათუმელი ფოტოგრაფი. ასე აწერია ფოტოებზე ავტორის გვარი. ეს დაბოლოება ჯერ ბრუნვას მივაწერე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბათუმში XX საუკუნის დასაწყისში უკვე ქალი ფოტოგრაფი გვყავდა, რაც აშკარად უნიკალური ამბავია დედამიწის მასშტაბით. ფოტოგრაფია ჯერ კიდევ ხელობად ითვლება და უფრო მეტად კაცები ეტანებიან. ეს მარია შეირთო ცოლად მიხეილმა და ამის მერე ერთობლივი ფოტოები გვხვდება ეგოროვა-გლაუდანის.
გლაუდანის და მაშინდელი ბათუმური ფოტოგრაფიის უკეთ შესასწავლად დავძებნე და ვიყიდე იმდროინდელი ამერიკისა და ევროპის დიდი ქალაქების სტუდიური ფოტოები. არაერთი ცნობილი სახელებია ფოტოგრაფთა შორის, ფილიპ ნადარი, ორლეი დე კარვა და სხვები. აღმოჩნდა, რომ გლაუდანის ფოტოები არაფრით ჩამოუვარდება იმდროინდელ მსოფლიოს, არც ტექნოლოგიით, არც ხასიათით, უფრო ზუსტად კლიენტთან მუშაობის კულტურით. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფოტოკამერებს, ქიმიკატებს, შუქმგრძნობიარე მასალებსა და პასპარტუს ერთი და იგივე კომპანიებს უკვეთდნენ, გასაკვირი ალბათ არც არაფერია.
საერთოდაც, იმდროინდელი ბათუმი და ევროპა ერთია. გაზეთებში იგივე რეკლამებია, ფილმების რეპერტუარი იგივეა, არქიტექტურა ერთი ნაბიჯითაც არ ჩამორჩება ევროპას, იქ რომ მოდერნი ფეხს იდგამს, აქ უკვე პირველ სახლებს აშენებდნენ ვაკიე და საბაშვილი. სამყაროში ყველაზე გრძელჭვინტიან ფეხსაცმელს ბათუმში პოულობს კნუტ ჰამსუნი. ერთადერთი, რითაც ევროპას ჩამოვრჩებოდით, იყო თოვლი.
ამაზე ცალკე უნდა ვთქვა: ხომ ყველაფერს იღებდა და ძალიან კარგად, მაგრამ გლაუდანის გვირგვინი თოვლიანი ბათუმია. 1911 წელს უჩვეულო თოვლი მოვიდა ბათუმში. იქამდე რომ არავის ენახა და არც მერე. ახალგაზრდა მასწავლებელი, გალაკტიონ ტაბიძე ისე განაცვიფრა ამ თოვლმა, რომ ლექსი მიუძღვნა. – „არაჩვეულებრივი ზამთარი 1911 წელს“: „ბათუმში თოვლი ისეთი არის, რომ არ ხერხდება გაღება კარის“… მიხეილმა გადაიღო თოვლიანი ქუჩები, თბილად ჩაცმული ხალხი ამ ქუჩებში, ფაიტონები ახალგახსნილ „აპოლოსთან“ და თოლები სანაპიროზე. მერე ღია ბარათების სერიაც გამოიცა ამ ფოტოებით. სერიას თითქმის გალაკტიონის ლექსივით ერქვა: „1911 წლის იანვრის არაჩვეულებრივი ზამთრის მოსაგონებლად“.
20-მდე ფოტო მოვიძიეთ მე და ნანა კვაჭაძემ გლაუდანის თოვლიანი ბათუმის და გამოფენა გავაკეთეთ 2011 წლის იანვარში, ზუსტად ასი წლის მერე.
როგორც ჩანს, ყველაზე ძვირად ღირებულ და ხარისხიან პასპარტუს უკვეთდა, რომელზედაც ფოტო იყო დაკრული. ნელ-ნელა ღერბი და დამღა ემატება გვარის გასწვრივ. საბჭოთა დროს, ყველაფერი რომ მოიშალა, არ კადრულობდა უსახელო ფოტოებს და ხელით აწერდა გვარს.

30-იან წლებში კიდევ ჩანს მისი ხელმოწერილი ფოტოები, მერე აღარ. უნდა ვიფიქროთ, რომ რეპრესიებმა შეიწირა. ყოველ შემთხვევაში, მიხეილ გლაუდანი მეორე მსოფლიო ომამდე ქრება ბათუმიდან და მის სახლს ეშმაკები ეპატრონებიან. დათო ჯიშკარიანმა იპოვა მერე ბათუმში დახვრეტილების სია. მიხეილ გლაუდანი მათ შორის არ არის. იქნებ კი არ დახვრიტეს, გადაასახლეს და ვერ დაბრუნდა.
გლაუდანის სახლმა ბევრი მეპატრონე გამოიცვალა. საქართველოს პირველი არხის „კორპუნქტი“ იყო, კომკავშირის რიგებში მიმიღეს აქ საბჭოთა კავშირის ბოლო წლებში, მესაათე იჯდა პირველ სართულზე, გვარად ცოლაკი, თვითმომსახურების პირველი მაღაზია იყო, „უგამყიდველოს“ ეძახდნენ ბათუმლები, აჭარის ტელევიზია გაიხსნა აქ და დღეს უფრო გრძელი სახლი ჰქვია.
თავდაპირველი თითქმის აღარაფერია შემორჩენილი გლაუდანის სახლში, აივნის მოაჯირი, კედლის წარწერა ვთქვით და ორიოდე წლის წინ კედლის ღუმელი გამოამჟღავნა რიგითმა რემონტმა. ღუმელში „ლუქსის“ და „კოსმოსის“ კოლოფები ვიპოვე, მაგრამ ეს უფრო გვიანდელი ხანის „კულტურის ნიმუშები“ უნდა იყოს.
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ თავად მიხეილის ფოტოს ვერსად მივაგენი. უცნაური ამბავია, მთელი ბათუმი გადაიღო კაცმა და საკუთარი ფოტო არ დაგრჩეს.
მივადექი ისევ მერის. მერი იყო ერთადერთი, ვისაც მიხეილი ახსოვდა. სხვა ვერაფერი მოვიფიქრე და დეტექტიურ ჟანრში გადავიტანე ძებნა. ვიფიქრე, სიტყვიერ პორტრეტს შევადგენ და მერე ფოტორობოტს ავაწყობინებ კრიმინალისტებს-მეთქი.
მაღალი არ იყოო, არა, მაღალი არაო, საშუალოო. წვერი ჰქონდა, თუ არაო. ოდნავ ჰქონდაო, არა, წვერი არ მახსოვსო. სათვალე არაო. მე არ დამინახავს სათვალითო. რუსულად ლაპარაკობდაო, ცოლი ჰყავდა კარგი ქალი, მარია პეტროვნა, გადმოდგებოდა აივანზე და მელაპარაკებოდაო. შვილები არ ჰყავდათო, მე არ დამინახავსო. დახვრიტეს ეგ ოცდაჩვიდმეტში, ხომ იციო. ეჰ, რამდენი უდანაშაულო დახვრიტეს კომუნისტებმაო.
მერი ახალგარდაცვლილი იყო, გლაუდანის მამის სავარაუდო ფოტო რომ ვიპოვე, თორემ ვაჩვენებდი. ეგება ეცნო. მერე რა, რომ ნანახი არ ჰყავდა და რომ სულაც დაბრმავდა ბოლო წლებში.

























